გიორგი ვოლსკი: სუს-მა გამოავლინა ისეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც საქართველოში შეიძლება დესტაბილიზაციის წინაპირობა გამხდარიყო

 გიორგი ვოლსკი: სუს-მა გამოავლინა ისეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც საქართველოში შეიძლება დესტაბილიზაციის წინაპირობა გამხდარიყო

მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ისეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ საერთოდ, საქართველოში შეიძლება გამხდარიყო გარკვეული შეხლა-შემოხლის და დესტაბილიზაციის წინაპირობა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი სუს-ის მიერ ჩატარებულ ოპერაციას.

„რუსეთი არ გაუშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია შემოიტანოს. ადამიანის მოკვდინება უშველებელი ცოდვაა და კონკრეტული ადამიანების მიმართ ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს, მხოლოდ გაბუნიაზე არ არის ლაპარაკი, სიცოცხლის წართმევა არის არა მხოლოდ უდიდესი ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაული.

ვფიქრობ, რომ ეს კრიმინალური დანაშაული მნიშვნელოვანწილად უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში, რომ რუსული თემა წამოიწეოდა, გაბუნიას მიმართ კრიტიკული გამონათქვამიც ბევრი წამოვიდოდა და შემდეგ დასკვნების გაკეთებაც არ ეზარება ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს. კიდევ კარგი, მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ისეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ საერთოდ, საქართველოში შეიძლება გამხდარიყო გარკვეული შეხლა-შემოხლის და დესტაბილიზაციის წინაპირობა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

სუსი ადასტურებს, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.