"მე რად მინდა ეს კურტუმა, თუკი კაცს არ გამაადგა, მაშინ მოკვდეს ბლუ არტურა, თუ ძმაბიჭებს არ წაადგა! ძმანო, ყველამ ვადღეგრძელოთ, კაცს უკნიდან ვინც მაადგა, ბოლოს ყველა გამართლდება, ჩვენს ნათელ გზას ვინც დაადგა.“ - ასე მღეროდა მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე ძმაბიჭებთან ერთად თბილისელი კინტო, ბლუ არტურა - აშუღურ მოტივზე, დუდუკის თანხლებით. მაშინდელ თბილისში, განვითარებული ვაჭართა ფენით და საინტერესო კულტურული ცხოვრებით, მსგავსი სიმღერები, ისევე, როგორც ლეგალური ბორდელები, სრულიად ჩვეული მოვლენა იყო.
მაშინ არც ისეთი ტერმინები ჰქონდათ გაგონილი, როგორებიცაა კოჰაბიტაცია, სენსიტიურობა, ტოლერანტობა, პოლიტკორექტულობა - განსხვავებული ეთნოსების, რელიგიების, კულტურებისა და სუბკულტურების მშვიდობიანი თანაარსებობა ჩვეული მოვლენა და ქართველთა იდენტობის ნაწილი იყო. დღვანდელი ქართველი თალიბანური გააფთრებით იცავს „ერის სისუფთავეს“ - ვერ გუობს მარგინალიზებულ იეღოველებს, უჭირს თანაარსებობა სხვა კონფესიებთან, მტრულ დამოკიდებულებას ავლენს სექსუალურ უმცირესობების მიმართ - ამ უკანასკნელთა ყოველი უფლებრივი გაბრძოლება ტრადიციული ორიენტაციის მქონე უმრავლესობას ქვეყნის „ლიბერასტული შერყვნისგან“ დასაცავად რაზმავს. ასეთ გარემოში, ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს ქართული ტოლერანტობის რეტროსპექტივა. For,ge-ს რესპონდენტია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, ისტორიკოსი, პროფესორი ნინო თომაძე.
მორალის დამცველი რადიკალური ორგანიზაცია მმკ მიიჩნევს, რომ სექსუალურ უმცირესობებს ჩვენში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ სექსუალური დევიაციები ყველა ეპოქასა და კულტურაში არსებობდა. მამათმავალი კინტო ძველი თბილისის ერთ - ერთი სიმბოლოა! საინტერესოა, რამდენად შეგვიძლია ვისაუბროთ ჰომოსექსუალიზმზე, როგორც მე-19 საუკუნის თბილისის სუბკულტურაზე ?
- ჰომოსექსუალიზმი კულტურაში მთელი ეპოქაა. ის გავრცელებული იყო ანტიკურ სამყაროში - საბერძნეთსა და რომში. ათენში, სოლონის შექმნილი სპეციალური კოდექსი ქალებისა და ყმაწვილი ბიჭების პროსტიტუციას არეგულირებდა. არნახული, ლამის პანდემიური ხასიათი ჰქონდა მამათმავლობას ფეოდალურ რუსეთში, რომელიც ეკლესიის უმკაცრესმა კანონებმაც ვერ ამოძირკვა. რუსი მკვლევარები ცდილობენ, რომ ამ ფაქტის შესახებ არ ილაპარაკონ.
ჰომოსექსუალიზმის თაობაზე წარმართულ საქართველოში ცნობები არ მოგვეპოვება; ქრისტიანობა სექსუალურ დევიაციებს ცოდვად მიიჩნევდა და სჯიდა. მაგრამ ჩვენ ვიყავით ირანის კულტურის ძლიერი გავლენის ქვეშ, სადაც მამათმავლობა არავის უკვირდა. კინტოს ფენომენი სწორედ სპარსეთიდან გადმოვიდა თბილისში. სიტყვა „კინტოც“ სპარსული წარმომავლობისაა. ის, გადატანითი მნიშვნელობით, ნიშნავს ცუღლუტს, მასხარას. საქმიანობის მიხედვით სპარსეთში, ისინი ორ კატეგორიად იყოფოდნენ - აბანოს კინტოებად და ხელის ბიჭებად. მათი ცეკვაც ირანული წარმოშობისაა, რომელსაც თავდაპირველად ქალები ასრულებდნენ, შემდეგ კი კინტოებმა გაითავისეს. თბილისელი კინტო აერთიანებდა ირანულის ორივე კატეგორიას - ის იყო მექისე, წვრილ ვაჭარი, აფერისტი, წყლის მზიდავი, თამბაქოს გამყიდველი და მდიდართა ხელის ბიჭი.... ქართულ ნიადაგზე კინტო უფრო არტისტულ მოვლენად ჩამოყალიბდა - მათ ქონდათ თავიანთი სუბკულტურა, ზნეობის კოდექსი, დრესკოდი და ხელობა; კინტოები და ყარაჩოხელთა ამქრის ნაწილი - ჰიბრიდები; არც ქალები, არც - კაცები, ერთგვარ ჰომოსექსუალურ კლუბს ქმნიდნენ. მათ თავიანთი ადგილი დაიკავეს დედაქალაქის კულტურაში. იკრიბებოდნენ ძირითადად ჭრელ აბანოში. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ხდებოდა იქ ღამღამობით.
საინტერესო - ერთმა მკვლევარმა ხელნაწერთა ინსტიტუტში, ლესბოსელების არსებობის დამადასტურებელი მასალებიც აღმოაჩინა. საქართველოში მათ მოიხსენიებდნენ საერთო სახელით „ნინჩო“, მაგრამ ჰომოსექსუალი ქალების რამე გაერთიანებებზე და სუბკულტურაზე არანაირი ფაქტები არ მოგვეპოვება.
რამდენად აფიშირებული იყო კინტოების არატრადიციული ორიენტაცია?
- კინტო და ყარაჩოხელი მოსახლეობის დაბალ ფენას ეკუთვნოდნენ. მათი ორიენტაციის შესახებ, თბილისში ყველამ იცოდა. კინტოების სუბკულტურა დაუფარავად ააშკარავებს ცხოვრების სტილს. ამას მოწმობს მე-19 საუკუნის ბოლოს, კინტო ბლუ არტურას შექმნილ აშუღურ მოტივებზე ნაღერი ბაიათები.
როგორც ამბობენ, ცნობილი ბაიათი „პატარა ბიჭი დამეკარგა“ ასევე კინტოების რეპერტუარიდანაა. ბლუ არტურას ლექსს კი საინტერესო შინაარსის მისამღერი აქვს: „თვით თბილისის ღენერალმა ჩვენი ჭიქით დალია, თანაყოფა სიამეა, უკაცობა - გალია!“ ჩანს, მათთან ერთობა ქალაქის ელიტის წარმომადგენლებსაც ქონდათ. მსგავსი ისტორიები აკა მოჩილაძეს აქვს თავის რომანში აღწერილი „გადაფრენა მადათოვზე და უკან“ ...
- კინტოებს, ბუნებრივია, ყავდათ კლიენტურა. სხვათა შორის, თბილისურ ურთიერთობებზე, ყოფაზე და სოციალურ ფენებზე კარგი წიგნი - „აივნიანი ქალაქი“ აქვს დაწერილი ვალერიან გაბაშვილს. უნდა ითქვას, ქართველ მოღვაწეთა ნაწილი კინტოების უზნეობას პუბლიცისტურ წერილებში აპროტესტებდა. განსაკუთრებით გოგებაშვილს აწუხებდა მათი თავაშვებულობა. როგორც პედაგოგი, ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ახალგაზრდობის აღზრდას და მაგალითს. ამიტომაც, ხელისუფლებისგან კინტოების ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვდა. მას ქონდა უფლება გამოეთქვა საკუთარი აზრი, მაგრამ ჭეშმარიტი ჰუმანისტის პუბლიცისტიკაში ვერსად ნახავთ მოწოდებას კინტოების დასჯაზე.
იმ ეპოქაში პროტესტს არც ოფიციალური ბორდელების არსებობა იწვევდა. ლიტერატურიდან და დოკუმენტური წერილებიდან ვიცით, რომ რუსეთთან შეერთების შემდეგ უძველესმა ხელობამ საქართველოში ლეგალური სახე მიიღო.
- უძველეს ხელობას ყოველთვის მისდევდნენ. შუმერში, იშთარის ტაძრის მსახურები ე.წ. „წმინდა პროსტიტუციას“ ეწეოდნენ. რომალებს ქონდათ ლუპინარიუმები, რომლებიც ეროტიული და პორნოგრაფიული შინაარსის ფრესკებით იყო მოხატული და დღეს ტურისტულ მარშრუტებშია შეტანილი. ჩვენთან ბორდელის არსებობის ფაქტი ვახტანგ გორგასლის დროსაც დასტურდება. ტერმინი „სამეძავო სახლი“ პირველად თამარის ეპოქის საისტორიო წყაროებში გვხვდება. ეს „სახლი“ საკმაოდ დიდი ყოფილა და გორთან მდებარეობდა; იქ მეძავებად მუშაობდნენ არაბი, სპარსელი, სომეხი და ბერძენი ქალები.
რუსეთთან შეერთების შემდეგ, თბილისში, იმპერიის კანონებით რეგულირებული ბორდელები გაჩნდა. იმპერატორ ნიკოლოზ პირველის 1843 წლის განკარგულებით, ამ „ხელობაში“ ნიხრები და კატეგორიები დადგინდა: უმაღლეს კატეგორიის „დაწესებულებაში“ შესვლა, საკმაოდ დიდი ფული - 100 რუბლი ღირდა; ასეთი სახლში მეძავს დღეში მხოლოდ 3-4 კლიენტის მიღების უფლება ჰქონდა. საშუალო კატეგორიისას - 10-15 კლიენტის და აქ შესვლა 7 რუბლამდე ჯდებოდა; დაბალ კატეგორიაში უკვე ვადაგასული, ჩამოწერილი ქალები მუშაობდნენ. კლიენტების რაოდენობა შეზღუდული არ იყო. ანაზღაურება - 70 კაპიკი. კუპრინის მოთხრობაში „ორმო“ დეტალურადაა აღწერილი პროეტიტუცია რუსეთის იმპერიაში.
როგორც ამტკიცებენ, პროსტიტუციის მასშტაბები დღეს საქართველოში საკმაოდ დიდია. ზოგი მიიჩნევს, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით, უმჯობესი იქნებოდა ამ სოციალური მოვლენის ლეგალიზება. მაგრამ ბევრისთვის, სექსუალური უმცირესობებისა და მეძავების სააშკარაოზე გამოსვლა, ეროვნული ღირსების შეურაცხყოფაა. რა ცვლილებები მოხდა ჩვენში?
- მთავარი ცვლილება ის არის, რომ თითქმის 200 წლის შემდეგ პირველად გავხდით დამოუკიდებლები. მართალია, გაჭირვებული, ოკუპირებული, გაუპატიურებული ქვეყანა ვართ, მაგრამ გვაქვს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და როგორ მოვექცევით ამ თავისუფლებას, უკვე ჩვენი გადასაწყვეტია. ასეთ ვითარებაში პროსტიტუცია, ჰომოსექსუალიზმი და რელიგიური ტოლერანტობა - ყველაფერი პოლიტიკური საკითხია, ისევე, როგორც ტარიფები და ეკონომიკა.
მე-19 საუკუნეში, როცა რუსეთის ნაწილი ვიყავით, მონური აზროვნება გვქონდა. შეგუებულები ვიყავით ხვედრს. დამცირებული კოლონია იმპერიულ კანონებს ვერ შეეწინაღმდეგებოდა. იმპერატორ ნიკოლოზ პირველის 1837 წლის ვიზიტი საქართველოში, სწორედ მონური ცნობიერების აპოთეოზი იყო - მას ისე შეეგებნენ ქართველები, როგორც ღმერთს.
გასათვალისწინებელია ჩვენი ერის მენტალობა, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკურ-ისტორიულმა ვითარებამ ჩამოაყალიბა. ებრაელების მერე არ მეგულება ჩვენსავით მძიმე ხვედრის ერი, რომელიც განადგურების მუდმივი საფრთხის წინაშე იდგა. საბჭოთა სისტემის მანკიერებებმა დიდი დაღი დაასვა ცნობიერებას. ამას დაუმატეთ ბოლო ოცი წლის უმძიმესი პოლიტიკური პერიპეტიები და ეკონომიკური გაჭირვება.
რა ქმნის დღეს ქართულ მენტალობას? - ამპარტავნება, კუდაბზიკობა და უკიდეგანო ფარისევლობა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფარისევლურ საზოგადოებას გაემიჯნება, დიდი რისკის წინაშე დგება. ის შეიძლება დაიღუპოს. ამის ერთ-ერთი მაგალითი მომღერალ ჯაბა ბოჯგუას ტრაგედიაა, რომელმაც ტელეეთერით განაცხადა თავისი ორიენტაციის შესახებ; რაც შეეხება ქალს - თუ ის საქმროსთან იტყვის, რომ ადრე პარტნიორი ყავდა, კაცი მას აღარ ითხოვს. დღევანდელი კონიუნქტურა ასეთია - ადამიანები გულუბრყვილობისა და გახსნილობის გამო, ზარალდებიან. დღეს უამრავი ჰომოსექსუალი ტრადიციული ქართველისა და მაღალზნეობრივი ადამიანის იმიჯით ინიღბება. ჩვენ გვირჩევნია ფარისევლობის ჭაობში ვიყოთ, ვიდრე სიმართლეს გავუსწოროთ თვალი.
21 წელია დამოუკიდებელები ვართ და მუდმივად ვაპელირებთ იდენტობაზე. რა არის ჩვენი იდენტობა და რატომ გვგონია რომ მას მუდმივად ემუქრება საფრთხე?
- ილია ჭავჭავაძემ ჩამოაყალიბა ტრიადა: ენა, მამული, სარწმუნოება; ან , მეორე ვარიანტით - ენა, მამული, ისტორია. დამოუკიდებელ ერს იდენტობაზე პრეტენზია აუცილებლად უნდა გვქონდეს, მაგრამ დღევანდელ კონტექსტში, იდენტობა უფრო საწრმუნოებასთან არის გაიგივებული. მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტსა და გავლენას არავინ აყენებს ეჭვქვეშ, მაგრამ ფაქტია, ეკლესიამ პოლიტიკური ფუნქცია შეიძინა, რაც არასწორია. მისი იურიდიული სტატუსი კონკორდატით არის განსაზღვრული და კონსტიტუციაშია ჩაწერილი.
ჩვენი ეკლესიის პოლიტიზირება პოლიტიკური კლასის უხამსობის შედეგია. ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობა, არჩევნების წინ, სწორედ საკუთარ მორწმუნეობას უსვამს ხაზს - ხშირად ჩნდება წირვაზე, მიდის პატრიარქთან... ისინი, შუა საუკუნეების მმართველთა მსგავსად, სახლმწიფო ძალაუფლების საკრალიზაციას ახდენენ. ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი, პოლიტელიტის მიბაძვით, რელიგიურობის დემონსტრირებით იწერს ქულებს. არადა სარწმუნოება ინტიმური რამ არის. მისი აფიშირება კულტურის დეფიციტის ნიშანია. სამწუხაროდ, ხშირად, ქადაგებაც არ დგას ეკლესიის შესაფერ დონეზე. ამას წინათ მოვუსმინე ერთ მოძღვარს, რომელიც სუნამოებსა და არომატებს ეშმაკისეულ გამოვლინებად მიიჩნევდა. მას ალბათ, დიდი მრევლი ყავს და არავინ იცის, კიდევ რას ჩათვლის ეშმაკისეულად. ჩვენ არ გვინდა ცრურწმენებიდან და მითოლოგიზირებული აზროვნებიდან გამოსვლა; ჩვენ გვახასიათებს ეთნოფილეტიზმი: მაგალითად, იმის მტკიცება, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ხაზს უსვამს ქართველთა გამორჩეულობას; თანამედროვე ისტორიული კონტექსტისთვის ასეთი აზროვნება ანაქრონიზმია. ეთნოფილეტიზმი 1876 წლის კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ დაგმო და ბათილად სცნო. მსოფლიოში უამრავი ერია და ღვთისმშობელმა მაინცდამაინც ჩვენ გამოგვარჩია?
გასაგებია, რომ იდენტობას ისტორიის მითოლოგიზირებითა და განსხვავებულის მიმართ აგრესიით ვერ დავიცავთ. სად გაქრა ქართული ტოლერანტობა - სამუდამოდ დარჩა თამარის ეპოქაში? რატომ არ ეშინოდათ ჩვენს წინაპრებს იდენტობის დაკარგვისა რვაასი წლის წინ? დღესდღეობით რა წარმოადგენს რელურ საფრთხეს იდენტობისთვის და რა არის ხელოვნურად მოტანილი?
- იმდროინდელი ისტორიული ეპოქისთვის ჩვენ ვიყავით ძალიან პროგრესული და მოწინავე ერი. დავითისა და თამარის დროს, საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო იყო, რომელსაც მთელს კავკასიაზე ქონდა გავლენა - ის კულტურის შემკრებისა და გამავრცელებელის ისტორიულ მისიას ასრულებდა. დღეს უკიდურეს გაჭირვებაში ვართ. ხალხი დაუსაქმებელია და პოლიტიკურ თემებზე ლაყბობის გარდა, ენერგიას ვერაფერში ხარჯავს. ინდივიდუალურ დონეზე ადამიანი ვერ ვითარდება. არადა, ცნობიერება აუცილებლად უნდა ამაღლდეს. ტოლერანტობა, რითაც ქართველები ნამდვილად უნდა ვამყობდეთ, სწორედ განვითარებული ცნობიერების შედეგია - საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებულ ხალხს უცხოსი არ ეშინია.
ტოლერანტობა, როგორც იდენტობის ნაწილი, სწორედ დავითისა და თამარის დროინდელი საქართველოს მონაპოვარია. სხვა რჯულის პატივისცემა ჩვენ სისხლში გვაქვს. 26 საუკუნის მანძილზე, საქართველოში ებრაელების შევიწროების ერთი ფაქტიც კი არ ყოფილა. არანაკლებ კარგად გრძნობდნენ აქ თავს მუსლიმები. ისტორიკოსი ალ ფარიკი წერს, რომ დემეტრე პირველის დროს, თბილისელ მაჰმადიანებს ცხოვრებისა და განვითარების საუკეთესო პირობები ჰქონდათ შექმნილი. მუსლიმები ჩვენი მტრები იყვნენ, მაგრამ როცა დავითმა თბილისი აიღო, მათ ქართველებზე მცირე გადასახადი დაუწესა. აღმაშენებელმა 40 ათასი ყივჩაღი ჩამოასახლა და მათგან რეგულარული ჯარი შექმნა. ეს ფაქტი არანაირად არ გამხდარა ინდენტობისთვის საფრთხის შემცველი, პირიქით, ყივჩაღების ჩამოსახლებით, ქვეყანა გაძლიერდა.
დღეს, ტოლერანტობის პრობლემა უშუალოდ არის გადაჯაჭვული ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოუწყობლობასთან. ეს პრობლემა კი, თავის მხრივ ცნობიერების დამახინჯებას იწვევს: გაბოროტება და აგრესია ქართველების ინფანტილიზმისა და ეკონომიკური სიდუხჭირის შედეგია. ხალხი თვლის რომ იდენტობას საფრთხე ემუქრება, იწყება აგრესია. მაგრამ ჩვენ გვიჭირს იმის განსაზღვრა, სად არის რეალური საფრთხე და სად - მოჩვენებითი!
ყველა ძლიერი ქვეყანა იდენტობას უფრთხილდება. ევროპაში არც ერთ უმცირესობას არ მისცემენ საშუალებას, ერის იდენტობას მტკივნეულად შეეხოს, კულტურაში სოლივით შეიჭრას და დომინირებაზე პრეტენზია განაცხადოს. ჩვენთან, ბოლნისის სიონის მახლობლად, ხუთჯერ დიდი მეჩეთი დგას. ასეთი რამ ევროპაში არ ხდება. არც კათოლიკეები, არც პროტესტანტები, მსგავს რამეს არ დაუშვებენ! როცა გარკვეულ კულტურულ გარემოში ცხოვრობ, ამ გარემოს პატივი უნდა სცე. იგივე ითქმის სექსუალურ უმცირესობებზე. მათი უფლება ჩემი უფლებით არის გაპირობებული და მთავრდება იქ, სადაც ჩემი იწყება.
გამოდის, საქართველოს დღევანდელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებში ლიბერალურ ფასეულობებზე აპელირება ნაადრევია?
- პირიქით - ცნობიერება უნდა ამაღლდეს. საშინელებაა ადამიანის შურაცხყოფა იმიტომ, რომ ის ისეთი არ არის, როგორც ყველა. მმკ სკინჰედების მსგავსი ორგანიზაციაა, რომლის არსებობა საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. სამწუხაროდ, უფლებისდაცვით ასპარეზზე, მთავარი მოტივაცია ამა, თუ იმ სამოქალაქო ჯგუფის ცნობადობისა და დაფინანსების გაზრდის სურვლი უფროა. აქედან გამომდინარე, რომელიმე უმცირესობის თემის გააქტიურება, ხშირად, საკმაოდ ხელოვნურად ხდება. განსაკუთრებით, ეს ჰომოსექსუალების დაცვას ეხება - ქვეყანაში, სადაც ადამიანთა უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმაა, დასავლეთის წაბაძვით, გეიპარადების გამართვა მართებულად არ მიმაჩნია.
გეი აღლუმი, რომც ჩაატარონ, ჩემს ცხოვრებაში ვერაფერს შეცვლის. მე ჩემი მორალური კრიტერიუმები მაქვს, ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა. გეი აღლუმი სხვა გზაზე ვერ გადამიყვანს. მაგრამ ამას უყურებენ ახალგაზრდები და ლაბილური ფსიქიკის მქონე პატარები. ევროპაში გეი აღლუმის ჩატარება სულაც არ იყო ისე იოლი, როგორც ჩვენი „ენჯეოები“ ამტკიცებენ.
გასაგებია, რომ იდენტობას დაცვა და პატივისცემა სჭირდება. მაგრამ, შეუძლებელია იდენტობა ვინმეს თავს მოახვიო! მერაბ მამარდაშვილი მიჩნევდა, რომ ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა, ეს არის ნება, იყო ქართველი. ნებას ის რაინდული ღირსების ფენომენად თვლიდა, რომელიც ან გაქვს, ან - არა. ანუ, თუ ღირსება არ გაქვს, ვერც კაცი იქნები და ვერც ქართველი.
- ვეთანხმები მამარდაშვილს. ჭეშმარიტად, ასეა - ადამიანი ღმერთამდე და ეროვნებამდე თავად უნდა მივიდეს. იყო ქართველი, ნიშნავს გქონდეს საამისო ნება; იყო ტოლერანტული და აღიარო სხვისი უფლება ასევე მოითხოვს ნებას - სწორი აზროვნების, განსჯის უნარს...
საბოლოო ჯამში, სანამ ყოველი ჩვენთაგანი არ დაფიქრდება რა არის კარგი, რა ცუდი, რა არის რეალურად საშიში იდენტობისთვის, რა - მოჩვენებითი, მუდმივად დავრჩებით მითოლოგიზირებული ცნობიერების მდგომარეობაში. ვერც ტოლერანტობასა და კულტურაზე გვექნება პრეტენზია.