საქართველოს პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტს არასამეწარმეო იურიდიული პირი განახორციელებს. პრეზიდენტი კი ამ მიზნით საკუთარი სარეზერვო ფონდიდან მილიონ ლარს გამოყოფს. ბრძანებულების მიხედვით, შეიქმნება სპეციალური საკონკურსო კომისია, რომელიც სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიულ პირს კონკურსის გზით შეარჩევს.
ამავე ბრძანებულებით განსაზღვრულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობა. კომისიის თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, წევრები კი პრეზიდენტის სხვა მრჩევლები - ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, ვერა ქობალია და ნატალია ყანჩელი იქნებიან.
„საკონკურსო კომისიამ უზრუნველყოს კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო პირობებისა და კონკურსის ჩატარების ვადების, აგრეთვე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების განსაზღვრა. საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩეულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა 1 000 000 (მილიონი) ლარი მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით. საკონკურსო კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური“, - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
ამდენად, უახლოეს მომავალში კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია-საშუალებებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარით დააფინანსებს. რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდეთ, ქვეყნის პრეზიდენტის ამგვარი ინიციატივა მისასალმებელი იქნებოდა და სავარაუდოდ, საზოგადოებაში კითხვებსაც არ გააჩენდა. საქართველოში კი სააკაშვილის ახალმა ინიციატივამ მაშინვე ეჭვები გამოიწვია. კერძოდ, არსებობს მოსაზრება, რომ მის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში ის არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციები დაფინანსდებიან, რომლებიც მის ინტერესებს მოემსახურებიან.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სატელევიზიო არხებზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელისუფლო ტელევიზიებად იწოდებოდნენ („რუსთავი 2“, „იმედი“, „რეალ ტვ“) სერიოზული ცვლილებებია. კერძოდ, „იმედი“ მის კანონიერ მესაკუთრეს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. „რეალ ტვ“ გასხვისდა და ახლა მას ახალი მფლობელი ჰყავს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არხის ჟურნალისტები გაიფიცნენ და ამის მიზეზი მათთვის ხელფასების დაკლება გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ტელევიზიები არაოფიციალურად საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდებოდნენ და მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის გუნდი მოვიდა, რა თქმა უნდა, „ნაციონალები“ ამ ტელეკომპანიების ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვეღარ ახერხებენ. ცვლილებებია „საზოგადოებრივ მაუწყებელშიც“, საიდანაც „ნაციონალურ მოძრაობის“ მეგობარი გია ჭანტურია არხის გენდირექტორის თანამდებობიდან გადადგა. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ გახდება მისი შემცვლელი. ამიტომ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურებს ამ არხების მათთვის სასურველი მედია-საშუალებებით ჩანაცვლება ესაჭიროებათ, მაგრამ ეს ისეთი მედია უნდა იყოს, რომელიც მათ მიერ კონტროლდება და რომლის დაფინანსებაც მეტ-ნაკლებად გამჭვირვალეა. სწორედ ამგვარი „თავისუფალი“ და „გამჭვირვალე“ მედია-საშუალების ძებნის პროცესში ალბათ გაჩნდა თავისუფალი მედიის განვითარების მხარდაჭერის პროექტის იდეაც. ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსების პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიღება საკმაოდ კომფორტული იქნება იმ მედია-საშუალებისთვის, რომელსაც ნინო კალანდაძის კომისია აირჩევს.
რას ფიქრობენ პრეზიდენტის ახალ ინიციატივაზე ქართული მედიის წარმომადგენლები? ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ. რეგიონული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი, გაზეთ „გურია ნიუსის“ მთავარი რედაქტორი, ია მამალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ ამგვარი განკარგულების გამოცემის ფაქტი უცნაური არ უნდა იყოს, რადგან კარგია, თუ ეს თანხა მედიისა და მესამე სექტორის განვითარებას მოხმარდება.
„თუმცა იმ რეალობიდან და წინაისტორიიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი, ეს ამბავი ცოტა საეჭვოა. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ არ ვიცით, ამ მილიონი ლარის მოხმარება მედიისთვის და მესამე სექტორისთვის რა პრინციპით მოხდება. თუკი ეს იქნება იმგვარი ფორმით, როგორც აქამდე იყო მიღებული, როდესაც ხარჯები გაუმჭვირვალე იყო და მედია აშკარად მიკერძოებული იყო, მაშინ ცხადია, რომ ეს მორიგი პიარ-აქციაა და მეტი არაფერი“, - ამბობს ია მამალაძე.
მისი თქმით, ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, რომ სახელმწიფო არასამთავრობო სექტორისა და მედიის განვითარებაზე ზრუნავს და სწორედ ამ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის განვითარება. მაგრამ ია მამალაძის აზრით, ქართულ რეალობაში პრეზიდენტის ეს ინიციატივა არასერიოზულად აღიქმება.
ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ამგვარი გადაწყვეტილებით საბიუჯეტო სახსრებით საკუთარი პიარ-კამპანიის დაფინანსებას აგრძელებს.
„ჯერ ის ფაქტია სასაცილო, რომ თურმე ნინო კალანდაძე შეარჩევს სამოქალაქო განვითარების კუთხით, რა პროექტია საინტერესო. ცხადია, რომ ამ ფულს „ქართული ოცნებისა“, ანუ ხელისუფლების წინააღმდეგ მომუშავე რომელიმე არასამთავრობო მიიღებს, მაგალითად ჩერგოლეიშვილის ორგანიზაცია. ეს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ბიუჯეტის ფული ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლას მოახმაროს, ისევე, როგორც ამას უცხოეთში აკეთებს“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს სულ ცოტა ხნის წინ ლამის მთელს მედიაზე კონტროლი ჰქონდა ხელში ჩაგდებული და დღესაც აქვს სავარაუდოდ, მისსავე საკუთრებაში არსებული მედია-საშუალებები, მათ შორის სატელევიზიო არხიც. ამიტომ ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მხრიდან ამგვარი ფონდის შექმნა ძალიან ცინიკურად ჟღერს. ექსპერტის თქმით, თუ კომისიის შემადგენლობას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ სააკაშვილს ეს პროექტი საკუთარი და არა სახელმწიფო ინტერესების გასატარებლად სჭირდება.
„სააკაშვილმა თავისი ინტერესების გასატარებლად მედია-საშუალებების დაფინანსების ასეთი ოდიოზური ფორმა მოიფიქრა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც თავს არ ანებებს წვრილმან ეშმაკობებს“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
იგი ამბობს, რომ დააკვირდება ამ პროცესს, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით, რომელ მედია-საშუალებებს დააფინანსებს პრეზიდენტი.
„მაქვს ეჭვი, რომ შემიძლია ამ მედია-საშუალებების სია წინასწარ გადმოგცეთ (კონვერტში დაბეჭდილი) და თქვენ შეძლებთ ეს ინფორმაცია მათი ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ გადაამოწმოთ“, - აცხადებს ექსპერტი.