აშშ-ში, კენტუკიში სამოქალაქო ომის დროს ამერიკის კონფედერაციული შტატების პრეზიდენტის, ჯეფერსონ დევისის ძეგლის დემონტაჟის დროს მუშებმა მონუმენტში 1936 წელს ჩამოსხმული ბურბონის Glenmore Kentucky ბოთლი იპოვეს. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ბოთლი ცარიელი იყო. ბურბონის გარდა ქანდაკებაში 1936 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებული გაზეთის State Journal ნომერიც იყო შენახული. სწორედ ამ დღეს დადგეს ქანდაკება.
დევისის ქანდაკების დემონტაჟის გადაწყვეტილება აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო ტალღის ფონზე მიიღეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.