არჩილ გომიაშვილის შვილიშვილი ყველაზე მდიდარ უკანონო ბავშვად აღიარეს

არჩილ გომიაშვილის შვილიშვილი ყველაზე მდიდარ უკანონო ბავშვად აღიარეს

ცოტა ხნის წინ რუსეთში გამოქვეყნდა ყველაზე მდიდარი უკანონო ბავშვების რეიტინგი. მეორე ადგილზე აღმოჩნდა დაღესტნელი ოლიგარქის სულეიმან კერიმოვის უკანონო ქალიშვილი. ეს ამბავი ჩვენთვის არ იქნებოდა დიდად საინტერესო, რომ არა ბავშვის დედა - მოსკოვში მცხოვრები ქართველი დიზაინერი, ცნობილი მსახიობის არჩილ გომიაშვილის ქალიშვილი კატია გომიაშვილი.

ამბობენ, რომ კერიმოვი, რომელსაც მანამდეც ჰყავდა ქალიშვილები და დიდი ხანია ვაჟზე ოცნებობს, ბავშვის სქესით არ მოიხიბლა და ამიტომაც მიატოვა საყვარელი. ბავშვის დედას კი "მხოლოდ და მხოლოდ" ვილა აჩუქა ნიცასთან ახლოს, 3 მლნ დოლარის ღირებულების, შვილს კი ყოველთვიურად 10 ათას დოლარს უხდის.

ქართველი ქალების მოყვარული ოლიგარქი

თავად კერიმოვი დიდი ხანია შვეიცარიაში ცხოვრობს, თუმცა სანამ რუსეთში მოღვაწეობდა, სშირად ხდებოდა ელიტური ქრონიკების გმირი. ნავთობბიზნესის მფლობელი კერიმოვი ცნობილი იყო, როგორც ვარსკვლავებთან რომანების გამბმელი ოლიგარქი. მის საყვარლებს შორის მოიხსენიებდნენ ჟანა ფრისკეს, ნატალია ვეტლიცკაიას, ანასტასია ვოლოჩკოვას. ყველაზე გახმაურებული კი ორ ქართველ ქალთან გაბმული რომანი აღმოჩნდა. პირველი თინა კანდელაკი იყო - მასთან რომანმა იმიტომ გამოიწვია აჟიოტაჟი, რომ კერიმოვი და კანდელაკი ერთად მოხვდნენ ავარიაში ნიცაში, კერიმოვის "ფერარით". თინას ძალიანაც უნდოდა ამ ამბის დამალვა, მაგრამ ისეთი იარები დარჩა ავარიიდან, იძულებული გახდა ხელებზეც და თეძოზეც ტატუები გაეკეთებინა მათ დასაფარავად. მოგვიანებით თინამ აღიარა:
- სულეიმანი ჯერ კიდევ იმ დროს გავიცანი, როცა ჩემს მეგობარს - მსახიობ ოლესია სუდზილოვსკაიას ეტრფოდა. გიჟდება ლამაზ ქალებზე - ეს სიმართლეა. მალე მიატოვა ოლესია და ჩემს სხვა მეგობარზე - მოდელიერ კატია გომიაშვილზე გადაერთო.

კატია ცნობილი მსახიობის არჩილ გომიაშვილის უმცროსი ქალიშვილია. მისი და კერიმოვის რომანი ოთხ წელს გრძელდებოდა. რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი (ზოგიერთი მონაცემით, 14 მლრდ დოლარის მფლობელია) კატიას გულუხვად ასაჩუქრებდა, ეხმარებოდა მოდის დიდი ბიზნესის დაპყრობაში. ეკატერინას მამის დახმარებით უკვე ჰქონდა თავისი ატელიე, მაგრამ არც ისე წარმატებული იყო. რაც კერიმოვი გამოჩნდა მის გვერდით, მსოფლიო დონეზე გავიდა და მისი სამოსი და ბრენდი - Mia shvili - მოთხოვნადი გახდა. საყვარლის ფულით კატიამ ლონდონში გახსნა ბუტიკი, რომელიც ინგლისში კარგად ცნობილმა არქიტექტორმა ებ როჯერსმა გააფორმა. ამბობენ, რომ კატიას ეს ახირება კერიმოვს 3 მლნ ევრო დაუჯდა. კატიას სამოსით თავს იწონებდა ქლოე სევინი, მის მორიგ კოლექციას ტოპმოდელი კეიტ მოსი უკეთებდა რეკლამას. ასეთი დონის მოდელები კი მხოლოდ დეფილესთვის 30-დან 150 ათას დოლარამდე იღებენ. სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობისთვის საფასური ათჯერ იზრდება.

თუმცა "12 სკამის" ვარსკვლავის, დიდებული ოსტაპ ბენდერის ქალიშვილმა წინამორბედების ბედი გაიზიარა და მასაც ისევე უღალატეს, როგორც სხვებს. სხვაობა მხოლოდ ის იყო, რომ ეკატერინა კერიმოვისგან შვილს ელოდებოდა. ქალმა მოულოდნელად ბუტიკებიც დახურა და ბოლო კოლექციაც გაყიდა. ყველას გაუკვირდა, აწყობილი საქმის ასე მოულოდნელად გაჩერება. მიზეზი კი კატიას ცხოვრებიდან კერიმოვის გაუჩინარების კიდევ ერთი პიკანტური დეტალი - ქალის ორსულობა იყო.

"არ მწყინს მისგან არაფერი. უბრალოდ, მტკივნეულია, როცა ადამიანი, რომელსაც კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია შენთვის, ასე გექცევა", - თქვა მოგვიანებით კატიამ ერთ-ერთ ინტერვიუში. მოგვიანებით კატია მცირე ხანს იტალიაში ცხოვრობდა, ამბობდნენ, რომ იქ გათხოვდა კიდეც. ქალიშვილის გაჩენის შემდეგ კერიმოვის ფინანსურ დახმარებაზე უარი არ უთქვამს და ბოლო დროს მოსკოვშიც აქტიურად ჩნდება ბომონდურ წვეულებებზე.

მსახიობი და გალერისტი ნინო
სანამ კატიას შესახებ გაიგებდა ფართო საზოგადოება, გაცილებით ცნობილი იყო მისი და - ნინო გომიაშვილი. ის რუსული თეატრისა და კინოს მსახიობია, გალერისტი. არჩილ გომიაშვილის ქალიშვილი მისი მეორე ქორწინებიდან ჯერ კიდევ ბავშვობაში იყო ცნობილი ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორებიცაა "ყინულის დედოფლის საიდუმლო", "ადრიანი, ადრიანი დილა". "ვგიკში" სამსახიობო ოსტატობის დაუფლების შემდეგ ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც ფოტოგრაფიის განხრით დაამთავრა უნივერსიტეტი და ფოტორეპორტიორი გახდა.

მოსკოვში დაბრუნების შემდეგ პირველი ფოტოგალერეაც გახსნა და ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ხელოვანების გამოფენების ორგანიზებითაა დაკავებული.

გომიაშვილის ფოტოილუსტრაციები ახლავს წიგნებს "გურმანიადა. იტალია" და კულინარიულ სახელმძღვანელოს "საქართველო. პირველი, მეორე, მესამე".

ნინოსა და კატიას დედა ბალერინა ტატიანა გომიაშვ­ილი იყო. ნინოს ქმარი, ალექს­ეი კაზაკოვი, რუსეთში გამომავალი გამოცემის "დიდი ქალაქის" რედაქტორი და ხელოვნებაში აქტიურად ჩართული ადამიანია. მათი ქალიშვილი ანასტასია გომიაშვილი (დედის გვარს ატარებს) კი მომავალი ჟურნალისტია და წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ.