ჩინეთში ავსტრალიელ კაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ჩინეთში ავსტრალიელ კაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ჩინეთის სასამართლომ გადაწყვიტა, ავსტრალიელი კემ გილესპი სიკვდილით დასაჯონ, - ინფორმაციას Reuters-ი წერს.

„ძალიან ვწუხვართ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო“ - აცხადებენ ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტში და განმარტავენ, რომ ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო.

კემ გილესპი 2013 წელს, გუანჯოუს აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარგში 7.5 კილოგრამი მეტამფეტამინი აღმოუჩინეს.

ბოლო დროს ოფიციალურ პეკინსა და კანბერას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია. ეს მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოითხოვა. ამის შემდეგ ჩინეთმა ავსტრალიიდან საქონლის ხორცის იმპორტიც კი შეწყვიტა და ავსტრალიურ ქერზე გადასახადი დააწესა.

ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის სასიკვდილო განაჩენი ჩინეთში იშვიათი არაა.