აფრასიძეების ოჯახის წევრი და 2004 წლის სპეცოპერაციის თვითმხილველი დოდო აფრასიძე აცხადებს, რომ, თუკი კანონი არსებობს, გიორგი ბარამიძე მის შვილებს უნდა ჩაენაცვლოს ციხეში.
ამ რამდენიმე დღის წინ აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით დოდო აფრასიძე მოწმის სტატუსით ხუთი საათის განმავლობაში დაკითხეს. For.ge-სთან საუბარში გოჩა და შმაგი აფრასიძეების დედა აცხადებს, რომ პირველი შემთხვევა იყო, როცა პროკურატურა მისი საქმით დაინტერესდა. პროკურატურის გამომძიებლებმა დოდო აფრასიძეს შეკითხვები არა მარტო 2004 წლის სპეცოპერაციის დეტალებზე დაუსვეს, არამედ ოჯახის წევრების საქმიანობის შესახებაც.
თავის მხრივ, დოდო აფრასიძე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი ბარამიძის დაკითხვას ითხოვს, რადგან მისი თქმით, სპეცოპერაციას სწორედ ბარამიძე ხელმძღვანელობდა.
ჩვენ დოდო აფრასიძეს მაშინ დავუკავშირდით, როცა იგი სვანეთში იმყოფებოდა. როგორც წესი, დოდო აფრასიძე იშვიათად ჩადის სვანეთში, რადგან ის ადგილი მას 2004 წლის დროინდელ ტრაგედიას ახსენებს. თუმცა, სვანეთში ჩასვლა მაინც უწევს ოჯახის წევრების საფლავებზე გასვლის მიზნით. ამჟამად აფრასიძეების ოჯახი წალკაში ცხოვრობს, მათ ბინა ბერძნებმა დაუთმეს.
დოდო აფრასიძის აზრით, მისი ოჯახის ტრაგედიასთან დაკავშირებით ე.წ. სპეცოპერაციის დღიდან, დღემდე სიმართლე არ თქმულა. ამდენად, იგი იმედოვნებს, რომ სიმართლე დადგინდება და მისი შვილები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.
„გიორგი ბარამიძის დაკითხვა არ კმარა. თუ კანონი არსებობს, ის ჩემს შვილებს უნდა ჩაენაცვლოს ციხეში. ბარამიძეს ყველაფრის სააკაშვილზე გადაბრალება არ გამოუვა. მართალია, ბრძანება სააკაშვილმა გასცა და ამას საბავშვო ბაღებში მისვლისასაც კი ტრაბახობდა, მაგრამ ადგილზე ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს, რასაც ბარამიძე ხელმძღვანელობდა. მას ეს ბრძანება არ უნდა შეესრულებინა. რა არის ისეთი სამსახური, რომ ასეთი ცოდვა აიკიდო!“ - აცხადებს დოდო აფრასიძე.
აფრასიძეების საქმესთნ დაკავშირებით გამოძიებამ რაიმე სიახლე ხომ არ დაადგინა?
- ყველაფერი სიახლეა ამ საქმესთან დაკავშირებით, რადგან ჯერ ამ საქმეში არანაირი სიმართლე არ თქმულა. იმ ხელისუფლების ხელში სიმართლე ვერც გამოჩნდებოდა. სიმართლეს მომავალში დავინახავთ. თავიდან ბოლომდე დამკითხეს, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, სად, რომელ წერტილზე რა მოხდა. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ადვოკატების ერთი შუამდგომლობაც კი არ გაითვალისწინა. ბოლო სასამართლო ისე ჩატარდა და ჩემს შვილებს წლები ისე ჩამოურიგეს, რომ ადვოკატები სხდომას სულ არ ესწრებოდნენ. არც დაგველოდნენ, პროკურორი ვინც იყო, მან ზუგდიდიდან ჩაიყვანა სახაზინო ადვოკატი, რომელსაც საერთოდ წაკითხულიც არ ჰქონდა ბიჭების საქმეები, ისე შეიყვანა ის ქალი, დაასწრო სასამართლოს და ხელი მოუწერა, რომ საქმეს არც გასცნობია.
თქვენს შვილს, გოჩა აფრასიძეს ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებდა და მხედველობა თითქმის დაკარგა.
- თვალის პრობლემები დღესაც აქვს. ფული გადარიცხულია, უნდა გადაეყვანათ საოპერაციოდ, მაგრამ რატომაც ჭიანურდება. ვიცი, რომ ძალიან დაძაბული მდგომარეობაა ამ ხელისუფლებაშიც, ჯერ არ სცალიათ ყველაფრისთვის, ალბათ, ერთბაშად ვერ მოიცალეს. გოჩა უკვე გადაიყვანეს რუსთავის პირველ ზონაში. თვალის მდგომარეობა ისევ ისე აქვს, ოპერაცია კი არა, წვეთები რომ მიმქონდა, პატარა ბოთლის შეგზავნასაც ძლივს ვახერხებდი. არ აწუხებდათ ამ ბიჭების ამბავი, ესენი ხომ ბარამიძის პატიმრები იყვნენ და რა ენაღვლებოდათ.
მათ გათავისუფლებას ახლა არ აპირებენ?
- ვნახოთ ახლა, საქმის ხელახლა ძიება მიდის, თუმცა ძიებაც არ სჭირდება მათ საქმეს.
ამ სპეცოპერაციას შმაგი აფრასიძის მეუღლის ფსიქიკური პრობლემა დაერთო და ის დღესაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება. ოთხი პატარა მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა როგორია, რომლებსაც თქვენ პატრონობთ?
- თავშეფარებული ვიყავით სხვაგან, ახლაც ამ მდგომარეობაში ვართ, ჩვენ ვიმყოფებით წალკაში, ბერძნების სახლში, მათ გვათხოვეს სახლი და როდის გამოგვიშვებენ, არ ვიცით. თვითონ საბერძნეთში არიან ჯერჯერობით, მაგრამ შარშანწინ იყო მოსული სახლის პატრონი და დროებით კიდევ იყავითო, - გვითხრა. ვნახოთ, როდის მოვლენ, არ ვიცით.
სვანეთში რატომ ვერ მოახერხეთ დარჩენა, არ გინდოდათ ნათესავები და მეზობლები შეგეწუხებინათ?
- იმ ამბების შემდეგ სვანეთში მე არ შემეძლო გაჩერება. წელიწადში ერთხელ ჩავდივარ სასაფლაოზე და ამისთვის ჩამოვედი ახლაც.
თქვენ აცხადებთ, ბარამიძე ჩემი შვილების ადგილას უნდა იყოსო. ბარამიძე კი ირწმუნებოდა, იმ სპეცოპერაციისას მე საერთოდ არ ვყოფილვარ სვანეთში და მხოლოდ სპეცოპერაციის შემდეგ ჩავფრინდიო.
- აბა ვინ ჩაატარა სპეცოპერაცია?! თვითონ ხელმძღვანელობდა იმ სპეცოპერაციას. კი მაგრამ, იმას რატომ არ იძახის, მაშინ ვინ ხელმძღვანელობდა იმ სპეცოპერაციას?! მაშინ ისიც დაასახელოს და ისიც თქვას, ვინ მოკლა ომეხი, ევგენი, ვინ ესროლა მათ. ყველაფრის თქმა მოუწევს მას და ყველაფრის აღიარება. გუშინწინ იყო ტელევიზორში, ჩვენ რომ შევედით, ხელახლა აგვიტეხეს სროლაო.
აღიარა, ჩვენ რომ შევედითო?
- ასე გამოდის, აღიარა. ჩვენ იქ ვნახეთ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბარამიძე. ეს მე ვინც ვიცი, დანარჩენები თვითონ იციან და ბარამიძე ახლა იტყვის, მე სააკაშვილმა მომცა ასეთი განკარგულება და ბრძანება, ის ოჯახი გაანადგურეო. ამას ხომ ტრაბახობს ისიც, მაგრამ ამით ვერ აიცილებს ამ ბრალდებას ბარამიძე. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა ეტაპზეა სტრასბურგში ამ საქმის ძიება. ქალბატონი თეა იყო წასული და მან თქვა, მე ყველაფერს ჩამოვიტანო, მაგრამ დღემდე არ ვიცი, ჩამოიტანა თუ არა ის საქმეები. ამ საქმის ირგვლივ დღემდე არავინ არ ვიყავით დაკითხული, არადა, ორი წელი მიმდინარეობდა სასამართლო. ჩვენი მხრიდან ადამიანი არ დაკითხულა, მათ შორის - არც გოჩა. მას ისე მიუსაჯეს 20 წელი, რომ დაკითხულიც არ ჰყავდათ.
თქვენი შვილიშვილები ამ ყველაფრის თვითმხილველები იყვნენ. მათში ან თქვენში არ არის შურისძიების გრძნობა?
- არავითარი შურისძიება, მათ ღმერთი გადაუხდის. ბარამიძის გულისთვის ხელებს არავინ გაისვრის, მას ღმერთი გადაუხდის.
შეგახსენებთ, სვანეთში სპეცოპერაცია 2004 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი საპატიმროში იმყოფებიან. გოჩა აფრასიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, შმაგი აფრასიძეს - 18 წლით.