2012 წლის 19 აგვისტოს ადვოკატი კახა მუმლაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციას ესწრებოდა. წვიმის მოსვლის შემდეგ ადვოკატი და მისი მეგობარი შარტავას მოედანზე მდებარე რესტორან „ელ-დეპოში“ შევიდნენ. მოგვიანებით, რესტორანში შევიდა სამი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთ-ერთს, აზარ მამედოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისური ეცვა. აზარ მამედოვი აგრესიულად იქცეოდა, უხეშად მიმართავდა მომსახურე პერსონალს. კახა მუმლაძემ ურჩია, რომ ჯობდა, ზრდილობიანად მოქცეულიყო, გაეხადა ეს მაისური და ისე შესულიყო რესტორანში.
მოგვიანებით, საპატრულო პოლიციამ კახაბერ მუმლაძე დააკავა, ხოლო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის, ხულიგნობის ბრალდებით 90 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დაკავების დღიდან კახა მუმლაძემ დაიწყო უვადო შიმშილობა, ვინაიდან მისი განცხადებით, იგი არაადამიანური მოპყრობის პირობებში იმყოფებოდა. ამასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც დაასტურა აღნიშნული ფაქტი. 2012 წლის 30 აგვისტოს საია-ს ადვოკატი იმყოფებოდა გარდაბნის რაიონის შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში და გამოიკვეთა, რომ კახაბერ მუმლაძე იმყოფებოდა ადამიანისთვის შეუფერებელ მდგომარეობაში, იგი არ ყოფილა გაყვანილი სუფთა ჰაერზე, არ ეძლეოდა ელემენტარული ჰიგიენური საშუალებები (საპონი, პირსახოცი), არ იყო უზრუნველყოფილი შხაპის მიღებით, უარს უცხადებდნენ საწერი კალმისა და ფურცლების მოთხოვნაზე. ხოლო წერილები, რომელსაც უგზავნიდნენ, არ გადაეცემოდა.
ყოფილი ხელისუფლების მხრიდან თქვენი დაკავების შესახებ რას იტყვით?
- მე წამების ფაქტები გამოვიტანე შარშან, როცა პატიმარი კახა ბარათაშვილი აწამეს მე-18 დაწესებულებაში. მას სასტიკად მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ თირკმელების შეტევის გამო ექიმის დახმარება და ტკივილგამაყუჩებელი მოითხოვა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაიყვანეს პალატიდან, ჩაიყვანეს საავადმყოფოს მორგში და სასტიკად სცემეს. მთელი ღამე გაკოჭილი ჰყავდათ. ცემისას პარალელურად ვედროებით წყალს ასხამდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. წამებაში მონაწილე თანამშრომელთა შორის განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ავსაჯანიშვილი გამოირჩეოდა.
მე თვითონ ვიყავი იქვე და ჯერ კიდევ ციხეზევე დამაკავეს, ჩემს პატიმარს კი უთხრეს, რომ მის რვა წლის გოგოს გააუბედურებდნენ, თუ ჩივილს არ შეწყვეტდა. ჩვენ არ შევწყვიტეთ ჩივილი და ბრძოლა. ამის გამო, ვფიქრობ, ჩემი დაკავება მოხდა წმინდა დაშინების მიზნით ადვოკატთა კორპუსის მიმართ, თორემ მე თვითონ, ნაომარ კაცს იქვე მეუბნებოდნენ, გადმოდი ნაციონალებშიო.
47 დღე იატაკზე მეძინა. გარდაბნის იზოლატორში ჩამიყვანეს, წვრილმანი ხულიგნობა გამიფორმეს და პროვოკაცია მომიწყეს. ერთადერთი ეგ იყო, რომ დანარჩენი ადვოკატები არჩევნებამდე ჭკუით ყოფილიყვნენ და ზედმეტი აქტიურობა არ გამოეჩინათ.
ფიქრობთ, ვინმე უშუალოდ იყო დაინტერესებული თქვენი, როგორც ადვოკატის დევნით?
- ამაში მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ის რეჟიმია დამნაშავე. კონკრეტულად რომელიმე პიროვნებას ვერ დავადანაშაულებ. ეს იყო რეჟიმი, რომელიც დამნაშავეთა კასტად ჩამოყალიბდა, ერთად გაერთიანებულნი და ერთიანი ფრონტით მოქმედებდნენ ყველას მიმართ და ქვეყნის უბედურებასა და უსამართლობაში თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი.
ციხის პირობებს როგორ გაიხსნებთ?
- 21 დღის განმავლობაში შიმშილობა მქონდა გამოცხადებული. აბსოლუტურად არ მქონდა უფლება და არ მასეირნებდნენ, ჰაერზე არ გავყავდი, ვიყავი მიწის ქვედა სართულზე მოთავსებული. ჩემთვის არ იყო აბანო, არ მაძლევდნენ საპონს, ჰიგიენის საშუალებებს. კამერაში ყოფნისას სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის წარმომადგენლებს დავუფიქსირე ეს ყველაფერი, არ მქონდა წვერის გაპარსვის საშუალება. გამოვყავდი ღამის სამ-ოთხ საათზე და მეუბნებოდნენ, რომ უნდა გავშიშვლებულიყავი, ადექი-ჩაჯექი, კედლისკენ და, როცა ვეკითხებოდი, რატომ აკეთებდნენ ამას, მეუბნებოდნენ, რამე აკრძალული ნივთი ხომ არ მქონდა და ვითომ ამის შემოწმებას ატარებდნენ. წარმოიდგინეთ, ღამის სამ-ოთხ საათზე რა უნდა მქონოდა იქ, როცა ჰაერზეც კი არ მასეირნებდნენ?!
ეს იყო შურისძიება იმის გამო, რომ იმ პატიმრის ჩვენება გამოიტანეთ?
- ეს იყო წამების ფაქტები, ფაქტობრივად, მე ბრალი დავდე, მივმართე ევროკავშირის, ამერიკის ელჩს, ბეჭდურ საშუალებებს. ერთ-ერთმა პირველმა ეს ხმამაღლა ვიყვირე. უკვე სამ ოქტომბერს ახალმა ხელისუფლებამ მითხრა, რომ გამოვდიოდი და 5-ში დილით გამათავისუფლეს.
არაადამიანურ პირობებში თქვენი ყოფნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც დაასტურა.
- საიას ადვოკატებმა მოსამართლეს წარუდგინეს, რომ მე კახაბერ მუმლაძე, ადვოკატი, 9 აპრილის მონაწილე და ტრავმირებული, კანტუზირებული ვიყავი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანი, ინვალიდი, 4 მცირეწლოვანი შვილის მამა გახლდით. უფროსი შვილი ჯერ 12 წლისაც არ არის, ამასთან, ადრე არ მქონია არანაირი დანაშაული ჩადენილი და ჩემს ქმედებას არ გამოუწვევია არავითარი შეფერხება. მოსამართლე ეკა პართენიშვილს მივმართე, არ გამოეტანა ჩემთვის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მონა აღმოჩნდა. არ ვიცი, ვისი მითითება ჰქონდათ. იმედი მქონდა, რომ შეიძლება 100 ლარით დავეჯარიმებინე, რადგან ჩემს ქმედებაში არ იყო დანაშაული, პატრულის ინსპექტორმა ლეიტენანტმა ლევან ჭამიაშვილმა მითხრა, რომ, თუ ბიძინა ივანიშვილი, ჩემნაირები და „ქართული ოცნება“ მოვიდოდა სათავეში, ჩვენ დავბრუნდებოდით ქვის ხანაში და, რომ ჩვენ ვიყავით რუსების პროექტი. თანაც დაამატა, ციხეს მოგისჯიან, აბა, რას გიზამენო. იმის განცდაც არ გქონდეს, რომ აქედან გახვალო. უკვე გადაწყვეტილი იყო და მან უკვე იცოდა, რომ ჩემთვის უნდა მოესაჯათ. არადა, ეჭვი მეპარებოდა, რომ ამას არ იზამდნენ, მაგრამ მაინც გააკეთეს. ფაქტობრივად, ჩემი ოთხი მცირეწლოვანი შვილი გაწირეს, რადგან ჩემს მეტი ჩემს ოჯახს ყურადღების მიმქცევი არ ჰყავდა.
9 აპრილს კანტუზია რა ვითარებაში მიიღეთ?
- ტელევიზიასთან ვიყავი 9 აპრილის ღამეს, როდესაც იქ დიდი ცემა ატყდა, მსხვერპლი არ ყოფილა იმ ტერიტორიაზე, მაგრამ, როდესაც დაიძახეს, ქალები გავიყვანოთო და ჯარი წამოვიდა სპორტის სასახლის ზემოდან, პირველ რიგში, ჩვენ გადავდექით და, ვისაც შეგვეძლო, ცოტა უნარიანი ბიჭები ვინც ვიყავით, ვეცადეთ, ქალებისთვის მიგვეცა საშუალება, ტელევიზიის უკანა მხრიდან დაეტოვებინათ აქციის ტერიტორია. ამ დროს იქ მცემეს, დავკარგე გონება და შემდეგ ერთ-ერთ მოპირდაპირე სახლში, სადარბაზოში მოვედი გონს.
როგორც ვიცი, 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციებშიც მონაწილეობდით.
- საშინელი განცდა მქონდა. იმ დროს ჩემს ცნობიერებაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ დაინახეს, რომ მე სამხედრო ჟეტონი ამომივარდა ბარათაშვილის ხიდთან, ბერიკების სიახლოვეს. იქ დამეტაკნენ ჯარისკაცები და ჟეტონი მაშინ ამომივარდა, შენ ჯარისკაცი ხარო? არა, ვეტერანი-მეთქი, შეეშვი, შეეშვიო და გამიშვეს იქიდან. შემდეგ რიყეზეც მომიწია შეტაკებაში მონაწილეობის მიღება. ეს 7 ნოემბერს ხდებოდა, მაგრამ 26 მაისი საერთოდ საშინელება იყო, რადგან როდიონოვმა გასაქცევი მაინც მისცა ხალხს, ნაციონალებმა კი გასაქცევიც არ მისცეს. დღეს რომ იმ საწყალის, გარდაცვლილი პოლიციელის დედა გამოდის და საუბრობს, რომ მისი შვილი თურმე ნინო ბურჯანაძის მანქანამ გაიტანა, მის დედას თქვენი მეშვეობით ვეტყვი, რომ მისი შვილი მოსული იყო ჩვენს მოსაკლავად და ის გახდა რომის პაპზე მეტი პაპი და შეახტა მანქანას. როცა გარბის ადამიანი, გაუშვი და დაანებე თავი.
რა იცით, რომ მოსაკლავად იყო მოსული?
- ყველა, ვინც იქ იდგა, აბსოლუტურად ჩვენი პოტენციური მკვლელები იყვნენ. სიკვდილს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ, ჩვენი სისხლის დაღვრა მაინც უნდოდათ, თუ სიკვდილი არა. ამიტომ, მე ვფიქრობ, დედამისმა ცოტა თავი უნდა შეიკავოს იმ განცხადებისგან, რომ თითქოს ბიბილური და დანარჩენები არ არიან პოლიტპატიმრები. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის და არა ადვოკატის აზრი.