ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გვაქვს, სადაც სამწუხაროდ, პირველწყაროზე ვერ გავდივართ

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გვაქვს, სადაც სამწუხაროდ, პირველწყაროზე ვერ გავდივართ

5 ახალი შემთხვევა გვაქვს ინფიცირების. ისინი არიან სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლები, სადაც სამწუხაროდ, პირველწყაროზე ვერ გავდივართ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვვლევა და იმედოვნებს, რომ ამ კონტაქტებზე გასვლას შეძლებენ.

„დღეს გვაქვს ასეთი შემთხვევები და დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვძებნით პირვველწყაროს, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა და იმედი გვაქვს, რომ ამ კონტაქტებზე გავალთ, მაგრამ ნუ მოვეშვებით, რადგან ვირუსი ტრიალებს“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 827 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 690 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3230 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 285.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.