ენტონი ფაუჩი: ჯანმოს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები ძალიან იშვიათად არიან, არასწორია

ენტონი ფაუჩი: ჯანმოს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები ძალიან იშვიათად არიან, არასწორია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯანმოს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის უსიმპტომო პაციენტისგან არაინფიცირებულ პირზე გადაცემა ძალიან იშვიათია, არასწორია.

„ჯანმომ იმიტომ გააკეთა დამატებითი განმარტება აღნიშნულ საკითხზე, რომ არ არსებობს მტკიცებულება ამ ვარაუდის სასარგებლოდ. მონაცემები ცხადყოფს, რომ ინფიცირებული პირების 25%-45%-ს, სავარაუდოდ, სიმპტომები არ აქვს. ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ვირუსის გადაცემა არაინფიცირებული პირებისათვის. შესაბამისად, განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, არასწორი იყო“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

9 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განმარტება გააკეთა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები ძალიან იშვიათად არიან.

8 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ მონაცემები ცხადყოფს, რომ იშვიათია უსიმპტომო ადამიანმა მეორე ინდივიდს ინფექცია გადასდოს.

9 ივნისს გაკეთებულ განმარტებაში მარია ვან კერხოვემ კი აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების მიერ დაავადების გავრცელება ძალიან რთული საკითხია და ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია.

„ჩვენ ჯერ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვაზე. გუშინ პრესკონფერენციაზე მე შესაბამის კითხვას ვუპასუხე. ეს არ იყო ჯანმოს პოლიტიკის დაფიქსირება. მხოლოდ ის ვთქვი, რაც ამ ეტაპზე ვიცით. კითხვაზე პასუხის გაცემისას გამოვიყენე სიტყვა „ძალიან იშვიათად“ და ვფიქრობ, გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ეს გავრცელდა ისე, რომ თითქოს გლობალურ დონეზე ამგვარი შემთხვევები იშვიათია. მე მხოლოდ კვლევების მცირე ნაწილზე ვსაუბრობდი“, - განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

მისივე თქმით, კვლევები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 16%-ს შეიძლება დაავადების სიმპტომები არ ჰქონდეს, ხოლო სხვა მეცნიერების მიერ შემუშავებული ზოგიერთი მოდელი ვარაუდობს, რომ გლობალური გადაცემის დაახლოებით 40% შეიძლება უსიმპტომო პირებზე მოდიოდეს.

თავის მხრივ, ჯანმოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ღია კითხვად რჩება ასიმპტომური პირების თუ რა ნაწილის მიერ ხდება ვირუსის გადაცემა.

„რაც შეეხება ამ საკითხს, ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. ბევრი რამ უცნობია. ნათელია, რომ როგორც სიმპტომების მქონე, ასევე ასიმპტომური პირები გადაცემის ციკლის ნაწილს წარმოადგენენ. სხვა საკითხია, თუ რა წვლილი შეაქვთ მათ ამ პროცესში“, - დასძინა მან.