გიორგი გახარია: სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომელსაც შეუძლია არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს

გიორგი გახარია: სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომელსაც შეუძლია არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს

სოფლის მეურნეობის სექტორს არა მარტო საქართველოს შიდა მოთხოვნილების დაკმაყოფილება, არამედ ექსპორტზე მუშაობაც შეუძლია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის დროს ამის აუცილებლობა უფრო ნათლად გამოჩნდა, მაშინ როცა რამდენიმე ქვეყანამ საქართველოში საკვები პროდუქტების ექსპორტი შეაჩერა.

„ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს. არ არის ეს მარტივი, მიწები ძალიან დაქუცმაცებულია. ზოგან წყლის პრობლემაა, ზოგან ცოდნის პრობლემა. მაგრამ ნელ-ნელა აქეთ უნდა წავიდეთ. სოფლის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში სოფლის მეურნეობის, ისევე როგორც სხვა დარგების აღორძინება პირდაპირ უკავშირდება ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციების გათვალისწინებას.

„უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის ეს ხელწამოსაკრავი და სახუმარო საქმე. ახლა თუ რაღაცას ვაკეთებთ და რაღაც გვაქვს, გვაქვს ერთობლივი მუშაობით და ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო გავუფრთხილდებით ერთმანეთს და დავიცავთ წესებს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ეკონომიკა და პირველ რიგში სოფლის მეურნეობა გამოვაცოცხლოთ“, - განმარტა გახარიამ.