„აირჩიე ქართული" არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეუძლია აირჩიონ ქართული ტურისტული ობიექტები, ქართული სასტუმრო, ქართული ტურები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს, სხვა საკითხების პოზიტიურად გადაწყვეტასთან ერთად, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწოდებასთან დაკავშირებით ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში.
„შეუძლებელია პრემიერ-მინისტრს არ დაეთანხმო. ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის განვითარება და მეც ვუერთდები ამ მოწოდებას. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ახერხებს დასვენებას, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნებში პანდემიამდე, სულ რომ ხვალ გაიხსნას საზღვრები, ჩვენ, მოქალაქეებმა, მნიშვნელოვანი როლი უნდა შევასრულოთ ეკონომიკის გადარჩენაში და შიდა ტურიზმის არჩევით ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს. „აირჩიე ქართული" არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეიძლება აირჩიონ ქართული ტურისტული ობიექტები, ქართული სასტუმრო, ქართული ტურები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმას, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს სხვა საკითხების პოზიტიურად გადაწყვეტასთან ერთად", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
მისი თქმით, „აირჩიე ქართული" არის მიდგომა, როდესაც მოქალაქეები ირჩევენ ქართულ ტურ ოპერატორებს, ქართულ ტურისტულ ობიექტებს, ისვენებენ ქართველები საქართველოში და ეს ხდება არა მხოლოდ მათი დასვენებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველოშივე დაიხარჯოს მათი თანხები, რათა მოხდეს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები.
„ეს ხდება საქართველოსთვის და არა იმისთვის, რომ მაინც და მაინც აქცენტი იყოს კონკრეტული ადამიანების დასვენებაზე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება სადაც უნდა იქ დაისვენოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სულ რომ ხვალ შევძლოთ ჩვენ საზღვრების გახსნა და პანდემია საერთოდ აღარ იყოს - „აირჩიე ქართული" არის მიდგომა, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.