სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები სამსახურის ადმინისტრაციას უჩივიან

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები სამსახურის ადმინისტრაციას უჩივიან

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმები მათი ცენტრის ფინანსურ შემოწმებას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში ორგანიზაციის „საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრი“ თავმჯდომარემ, ვალერი ტეტუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მის ორგანიზაციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმთა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა, რათა საჯარო გახდეს ის პრობლემები, რომლებიც სასწრაფოს მედპერსონალს აწუხებს და რომლითაც საბოლოოდ დედაქალაქის მაცხოვრებლები ზარალდებიან.

„მინდა თქვენი ყურადღება შპს „ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში“ არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე შევაჩერო, რაც მიმდინარე წელს უკვე სასწრაფო დახმარების მუშაობასაც დაეტყო. თბილისელები უკვე საუბრობენ, რომ სასწრაფოს მომსახურება არაეფექტურია, რომ ექიმები იგვიანებენ და ა.შ. ამასვე ადასტურებს თავად სასწრაფო დახმარების მედპოერსონალი, რომელიც სამსახურში შექმნილ პრობლემებზე ღიად საუბრობს“, - აცხადებს ტეტუნაშვილი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმი ლევან ლომსიანიძე აცხადებს, რომ ცენტრის ექიმთა უმრავლესობამ გადაწყვიტა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართოს თხოვნით, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრში ფინანსური შემოწმება დაიწყოს. ექიმის განცხადებით 2012 წლის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მუშაობის ეფექტურობა მკვეთრად შემცირდა, კერძოდ გამოძახებაზე სასწრაფოს მისვლის დრო გაიზარდა, რაც მოსახლეობის ჯანრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხეს ქმნის. ლევან ლომსიანიძის თქმით, სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკში მანქანების უმეტესობა ამორტიზებულია, ხოლო მათი რემონტისთვის გამოყოფილი თანხები სავარაუდოდ, გაზრდილი და არარეალურია. შესაბამისად, მანქანების რემონტი არასათანადოდ მიმდინარეობს, რის შედეგადაც თითოეულ მათგანს თვეში რამდენჯერმე პრობლემები ექმნება.

„როდესაც ესა თუ ის ავტომობილი მწყობრიდან გამოდის და რეზერვი არ ჰყავთ (როგორც წესი, რეზერვი არ არის), ბრიგადის ექიმებს უხურავენ სამუშაო საათებს და ანაზღაურების გარეშე ტოვებენ, თითქოს მანქანის მწყობრიდან გამოსვლა მათი დანაშაულია. პლანშეტური კომპიუტერების სახით შეძენილი იქნა სასწრაფოსათვის გამოუყენებელი აპარატურა და ეს აპარატურა ექსპლოატაციაში საერთოდ არ შესულა. ექიმებმა ადმინისტრაციას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პლანშეტური კომპიუტერები არ იმუშავებს ისეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორშიც ჩვენ, სასწრაფოს ექიმებს გვიწევს მუშაობა. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციამ ეს აპარატურა მაინც შეიძინა“, - ამბობს ლომსიანიძე.

იგი ეხმაურება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრი მათ ახალი აპარატურით აღჭურვეს. სასწრაფოს ექიმი ლომსიანიძე ამბობს, რომ ეს არის გაურკვეველი წარმომავლობის დეფიბრილატორები, რომლებიც გაცილებით უხარისხოა, ვიდრე ისინი, რომლებიც ცენტრს აქამდე ჰქონდა.

აქვე ლევან ლომსიანიძე ამბობს, რომ სასწრაფოს ექიმებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ სამსახურში ყოველთვიურად სოლიდური პრემიები ინიშნებოდა, თუმცა მედპერსონალისთვის სრულიად გაუმჭვირვალეა, ვინ, რა დამსახურებისთვის და რა ოდენობით იღებდა ამ პრემიებს. ექიმები ითხოვენ, პრემიების გაცემის პროცესი მათთვის ღია გახდეს და ყველამ იცოდეს, ვინ, რა ოდენობის პრემიას ღებულობს. სასწრაფოს ექიმებს ასევე აქვთ გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

ექიმ ლომსიანიძის თქმით, დღესდღეობით მათი სამსახური უმძიმეს რეჟიმში მუშაობს, ექიმებს მუშაობის პერიოდში (24 საათის განმავლობაში) არ აქვთ გამოყოფილი დრო კვებისა და პირადი ჰიგიენის მოწესრიგებისათვის. სასწრაფოს ექიმები ჰიგიენური ნორმების დაუცველობა კი არა მხოლოდ მათთვის, არამედ იმ პაციენტებისთვისაც სახიფათოა, რომლებთანაც ისინი მიდიან.

„ექიმს პაციენტისგან გამოსვლის შემდეგ იმის უფლება არ აქვს, რომ თუნდაც ხუთი წუთით შევიდეს ფილიალში და პირადი ჰიგიენა მოიწესრიგოს. არადა მოგეხსენებათ, როგორი მნიშვნელოვანია ექიმისთვის თუნდაც ელემენტარულად ხელების დაბანა, როდესაც ის ინფექციური დაავადების მქონე პაციენტისგან გამოდის. ეს არის სერიოზული დარღვევა. ჩვენი ადმინისტრაცია ამასთან დაკავშირებით „112“-ის საოპერატოროსკენ იშვერს ხელს. „112“-ის საოპერატორო კი აცხადებს, რომ სწორედ ჩვენი ადმინისტრაციის მითითებაა ამგვარი, რომ სასწრაფოს ექიმები ფილიალში არ უნდა შეუშვან. მივმართავთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურს თხოვნით, რომ ჩვენი სამსახურის ფინანსური საქმიანობა შეისწავლოს. ჩვენ ფილიალების უმრავლესობაში ვიყავით და ერთ დღეში, მხოლოდ ორ ცვლაში 300-მდე ხელმოწერა შეგროვდა. გვინდა ბოდიში მოვუხადოთ იმ თანამშრომლებს, ვისაც ხელმოწერით თავიანთი აზრის დაფიქსირება სურდათ, მაგრამ ვისთანაც დროის სიმცირის გამო მისვლა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნავს ლევან ლომსიანიძე.

მისი თქმით, სასწრაფოს ექიმების ხელფასი საკმაოდ მცირეა და არ შეესაბამება იმ ციფრებს, რასაც მედიის საშუალებით მათი ადმინისტრაცია ახმოვანებს. აქვე ლომსიანიძე აღნიშნავს, რომ სასწრაფოს ექიმები მათი სამსახურის დაფინანსების გაზრდას კი არა, არამედ არსებული თანხების მიზნობრივად გახარჯვას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ არსებული ბიუჯეტით  თანამშრომლების ხელფასების გაორმაგება არის შესაძლებელი. ლომსიანიძის თქმით, თბილისის მერიამ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების თანამშრომლები ე.წ. მე-13 ხელფასს მიიღებდნენ. ექიმი ამბობს, რომ სასწრაფოს ადმინისტრაციიდანაც იყო დაპირება, რომ მე-13 ხელფასი იქნებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ სასწრაფოს ექიმებს განუცხადეს, რომ ამაზე არც კი უნდა იოცნებონ. სასწრაფოს თანამშრომლები თბილისის მერიისგან ითხოვენ, გააკეთოს განმარტება, არის თუ არა ამ სამსახურის თანამშრომლებისთვის ეს თანხა გამოყოფილი და თუ არის, მკაცრად გააკონტროლოს მისი ხარჯვა. ხოლო თუ ასეთი თანხა გამოყოფილი არ ყოფილა, მაშინ თბილისის მერიამ აუხსნას სასწრაფოს ექიმებს, ასეთ მძიმე პირობებში მუშაობის პირობებში რატომ არ იმსახურებენ ისინი მსგავს წახალისებას.

ექიმი ლომსიანიძე თბილისში სასწრაფო დახმარების სამსახურის ცუდი მუშაობის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ბრიგადა მუშაობს და ეს მაშინ, როდესაც გაცილებით მეტია საპატრულო, სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები. უბრალოდ შედარებას ვაკეთებ იმის გამო, რომ 112-ზე შესული ზარებიდან 70%-ზე მეტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების ზარებია და ამ დროს ყველაზე მცირე რაოდენობის ბრიგადები ჩვენ გვყავს. ჩვენი სურვილია, რომ 2013 წლის ბიუჯეტი არ მოხვდეს ჩვენი სამსახურის ადმინისტრაციის ხელში, რადგან სიტუაციის გამოსწორების იმედი არ გვაქვს. ავტოპარკის განახლებისთვის გამოყოფილი თანხები ამ ადმინისტრაციამ არ უნდა განკარგოს და ასევე ჩვენი სამსახურისთვის გაცემულ თითოეული თეთრის ხარჯვას მკაცრი კონტროლი უნდა გაეწიოს, რათა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა, რომელიც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, გამართულად იმუშავოს“, - აცხადებს ლევან ლომსიანიძე.