თბილისის მერის თქმით, პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შენობასთან საპროტესტო აქციების გამართვის შეზღუდვას მიზნად არ ისახავს. კახა კალაძის განცხადებით, პროტესტის გამოხატვა სხვა ადგილებშიც შეიძლება და ამ უფლებას ადამიანებს არავინ უზღუდავს.
„არ მგონია მაგას სერიოზული პასუხი სჭირდებოდეს. როგორ ფიქრობთ, ვინმე ადამიანებს უზღუდავს თავიანთი პროტესტის გამოხატვას? ეს ხომ შეუძლებელია. ჩვენ ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ. უამრავი სივრცეა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პროტესტი გამოხატონ და ამაში ვერავინ შეუშლის ხელს“, - განაცხადა კალაძემ.
მერმა ასევე აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო გაგრძელდა და პროექტი ივლისის ბოლოს დასრულდება.
20 ივნისს ოპოზიცია 2019 წლის მოვლენებთან დაკავშირებული აქციის ჩატარებას გეგმავს.