კახა მურადაშვილი: ჩადებაზე ლაპარაკი სისულელეა, იარაღზე არსებული ბიოლოგიური მასალა რურუას ეკუთვნის

კახა მურადაშვილი: ჩადებაზე ლაპარაკი სისულელეა, იარაღზე არსებული ბიოლოგიური მასალა რურუას ეკუთვნის

გიორგი რურუას საქმეზე დღეს იმ სამმართველოს ხელმძღვანელი დაიკითხა, რომელიც რურუას დაკავებაში უშუალოდ მონაწილეობდა. როგორც კახა მურადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ ამოღებული იარაღი სწორედ რურუას ეკუთვნის.

„ჩადებაზე ლაპარაკი სისულელეა. მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და მასზე არსებული ბიოლოგიური მასალა ეკუთვნის რურუას. არანაირი კამერა გათიშული არ არის, ყველა კამერა იქნა ამოღებული, რაც კი იმ ადგილზე იყო და საქმეს ერთვის. რაც შეხება იმას, რომ მასზე ხელის ანაბეჭდი და მეტალიზაცია არაა, ეს შესაძლოა ზოგ ნივთზე დარჩეს და ზოგზე - არა, ეს არ არის იმპერატიული ხასიათის, რომ მასზე მაინცდამაინც უნდა არსებობდეს თითის ანაბეჭდი“, - აცხადებს მურადაშვილი.

მურადაშვილის ასევე განმარტავს, რომ მისი დაწინაურება რურუას საქმეს არ უკავშირდება. რამდენიმე ხნის წინ მურადაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე დაინიშნა.

„ჩემი დაწინაურება ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა და ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, ეს რურუას დაკავებასთან არანაირ კავშირში არაა. არაერთ მნიშვნელოვან საქმეში მაქვს მონაწილეობა მიღებული/ ჩემი ხელმძღვანელობით, როგორც მკვლელობები, ასევე ძალიან ბევრი გაუხსნელი საქმე გაიხსნა. შესაძლოა, ჩემმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ მე დაწინაურება დავიმსახურე“, - ამბობს მურადაშვილი.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

18 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი პატიმრობაში დატოვა.