აბიტურიენტებს წელს გამოცდებზე მხოლოდ დეტექტორით გაჩხრეკენ - რა პროცედურების გავლა მოუწევთ მათ კიდევ

აბიტურიენტებს წელს გამოცდებზე მხოლოდ დეტექტორით გაჩხრეკენ - რა პროცედურების გავლა მოუწევთ მათ კიდევ

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 6 ივლისს დაიწყება და 3 კვირა გაგრძელდება. გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე 39 ათასმა აბიტურიენტმა გაიარა.

კორონავირუსის პანდმიის გამო, რა პროცედურების გავლა მოუწევთ აბიტურიენტებს, ვიდრე საგამოცდო ცენტრებში მოხვდებიან, ამის შესახებ „იმედის დილაში“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ და განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ისაუბრეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის თქმით, აბიტურიენტისთვის სავალდებულოა ნიღაბი და თუ მათ ნიღაბი არ ექნებათ, ცენტრი დაახვედრებს.

„ეზოშივე იქნება მონიშნული ადგილები სოციალური დისტანციის დასაცავად. დისტანციის დაცვით შებრძანდებიან საგამოცდო ცენტრში. შემდეგ გაივლიან თერმოსკრინინგს. მათ უკვე თან უნდა ჰქონდეთ საგამოცდო ბარათი, რომლის ამობეჭდვა გამოცდებამდე 10 დღით ადრე შეეძლებათ. მასზე მითითებულია კონკრეტული დეტალები: გამოცდის დაწყების თარიღი, სესია და ასე შემდეგ. ბარათითა და პირადობის მოწმობით ისინი წარდგებიან რეგისტრატორთან. ასევე, ყოველი მცირე პროცედურის შემდეგ ჩვენ მათ ვთხოვთ და ჩვენი თანამშრომლებიც იმუშავებენ ხელებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით. შემდგომ არის გაჩხრეკის პროცედურა. როგორ ადრე იყო, ხელით შეხება არ იქნება და იქნება მხოლოდ დეტექტორით გაჩხრეკა. ამის შემდეგ აბიტურიენტი შევა სექტორში, სადაც 10 გამოსაცდელი იქნება მხოლოდ“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება, რომლის მიზეზი, შესაძლოა, სტრესი ან ზაფხულის სიცხე იყოს, ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, ზღვრულ ტემპერატურად აბიტურიენტებისთვის 37,5 გრადუსი ჩაითვლება.

„რაც არის ზოგადი წესი 37 გრადუს ზევით კოვიდთან დაკავშირებით, ამ მიდგომით ჩვენ არ მივდივართ. ასე, რომ ჩვენთან ზღვრული სიცხე 37,5 გრადუსია. ასე, რომ 37,5 იქნება გამყოფი ხაზი, რითაც მოხდება გამიჯვნა. თუმცა, აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ PCR ტესტის შედეგები, რითაც უნდა დაადასტუროს, რომ მათ ტემპერატურა კოვიდის გამო არ აქვთ“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.