„აზრის მშვიდობიანი გამოხატვა კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. შესაბამისად, შეკრების თავისუფლება დაცულია. წარმოუდგენელია, რომ ასეთ მარგინალურ, დესტრუქციულ ჯგუფებთან ჩვენ ვიხილოთ რაიმე ფართომასშტაბიანი მსვლელობა. ვინც იქ იქნებიან ისინი ეპიდსიტუაციაზე რაიმე ტიპის გავლენას ვერ მოახდენენ თუმცა, ყველას მოვუწოდებ, რომ დაიცვან დისტანცია, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და საკუთარ თავს ისევე, როგორც საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია იმ ხალხს გვერდით დაუდგეს ვინმე, რომლებმაც პირდაპირ ეთერში აღიარეს, რომ ეს იყო წინასწარი განზრახვით დაგეგმილი ქმედება, რათა ხალხის მშვიდობიანი პროტესტი ბოროტად საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ.
„მშვიდობიანი ადამიანების პროტესტი ბოროტად გამოიყენეს საკუთარი მიზნებისთვის იმ დესტრუქციულმა ჯგუფებმა, ვინც პარლამენტში შემოჭრას ცდილობდა. არა ერთხელ მითქვამს, რომ ვიყავი სოლიდარული იმ გულწრფელი პროტესტის მიმართ, რომელიც იყო მშვიდობიანი, არა პარტიული აქტივის მიერ გამოხატული. ჩვენმა საზოგადოებამ და თქვენც, ჟურნალისტებმაც ძალიან კარგად იცით დესტრუქციული და მარგინალური ძალების მხრიდან თუ როგორ იქნა ბოროტად გამოყენებული მშვიდობიანი და გულწრფელი პროტესტი. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ როგორ დაიგეგმა და როგორ ხდებოდა პოლიციელებზე ზემოქმედება, როგორ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა პარლამენტის წინააღმდეგ შტურმი და იყო შემოჭრის მცდელობა. ეს სიტყვები ამ მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლებმა დაადასტურეს პირდაპირ ეთერში, სადაც თქვეს, რომ მათ ხელისუფლებას დააშვებინეს შეცდომა, რითიც აღიარეს და რაც ყველაზე მეტად მძიმე იყო. მათ თავადვე დაადასტურეს, რომ მშვიდობიანი ხალხის პროტესტი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოიყენეს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.