მახაჩკალის „ანჟის“ 46 წლის მფლობელი სულეიმან ქერიმოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი პიროვნებაა. რამდენიმე დღის წინ ბატონმა სულეიმანმა მეგობრებისთვის სიურპრიზის მოწყობა განიზრახა და მოსკოვის „ევროჰოლის“ დარბაზში ახალი წელი იზეიმა.
ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ქერიმოვმა ამერიკიდან პოპულარული მომღერლები შერი და ლანა დელ რეი მოიწვია. რუსული საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, მომღერლების ჰონორარი მკაცრად გასაიდუმლოებული გახლდათ.
შერმა კორპორატიულ საღამოზე ათი კომპოზიცია შეასრულა. საინტერესოა რომ თითოეული სიმღერის წინ მომღერალი სტუმრებს ახალი ტანსაცმლით ევლინებოდა.
თავისუფალ დროს შერმა მოსკოვი დაათვალიერა და დიდ თეატრში ბალეტ „გედების ტბას“ დაესწრო.
„მოსკოვი ძალიან მომეწონა. ბატონმა სულეიმანმა ჩინებულად მიმასპინძლა. იმედს გამოვთქვამ რომ უახლოეს მომავალში რუსეთს კიდევ ერთხელ ვეწვევი.“ - განაცხადა 66 წლის უბერებელმა ვარსკვლავმა.
საზეიმო საღამოს არაერთი ცნობილი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ფაბიო კაპელო, რობერტო კარლოსი, სამუელ ეტოო, მიხეილ პროხოროვი და მომღერალი გლუკოზა.