როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა – „საქართველოს რკინიგზაში“ სავარაუდო დროს ასახელებენ

როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა – „საქართველოს რკინიგზაში“ სავარაუდო დროს ასახელებენ

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ, 15 ივნისიდან აღდგება. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ.

მათი ცნობით, კომპანიას ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული აქვთ მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია.

„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ვენტილაციის სისტემის გამოყენება მატარებელში საფრთხის შემცველი არ არის.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია. კერძოდ, ვაგონოს შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარებით.

მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე და მგზავრობის პერიოდში არ აქვთ ნიღბის მოხსნის უფლება.

კონდენცირება-ვენტილაციასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მოხდა არსებული სისტემების შემოწმება და შესაბამისმა სამსახურებმა დადეს დასკვნა, რომ სისტემა ჰაერს იღებს გარედან, ხდება ამ ჰაერის ფილტრაცია ულტრაიისფერი სხივების საშუალებით, ყველა მიკრობისა და ბაქტერიის განადგურება. შესაბამისად, აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება ჩვენი მატარებლები“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს „საქართველოს რკინიგზაში“.

რაც შეეხება სამგზავრო ბილეთის ფასს, საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.