მარინა ეზუგბაია: სახელმწიფო დონეზე გასაცემ კითხვებზე პასუხს არ გავცემ

მარინა ეზუგბაია: სახელმწიფო დონეზე გასაცემ კითხვებზე პასუხს არ გავცემ

სახელმწიფო დონეზე გასაცემ კითხვებზე პასუხს არ გავცემ, - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველო, სომხეთს კოვიდინფექციასთან ბრძოლაში დაეხმაროს.

„ძალიან გთხოვთ, დამისვათ ისეთი კითხვები, რაზეც შემმიძლია, პასუხი გაგცეთ. სახელმწიფო დონეზე გასაცემ კითხვებზე პასუხს არ გავცემ“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 5 ივნისს განაცხადა: „მზად ვართ დავეხმაროთ სომხეთს, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ურთიერთდახმარებაზე არასდროს უკან არ ვიხევთ“.

ასევე, 5 ივნისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. დავით ზალკალიანმა სკიდევ ერთხელ შესთავაზა სომხურ მხარეს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს აღმოუჩინოს დახმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი კიდევ 596 პაციენტს დაუდასტურდა. გარდაცვლილია - 183. გამოჯანმრთელდა - 3 513.

რაც შეეხება საქართველოს: კორონავირუსი 808 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 663 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.