თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ეპიდსიტუაციაზე უარყოფითი გავლენა არ მოჰყოლია

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ეპიდსიტუაციაზე უარყოფითი გავლენა არ მოჰყოლია

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას საქართველოში ეპიდსიტუაციაზე ნეგატიური გავლენა არ ჰქონია. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ამ მხრივ საქართველო მეზობელი სახელმწიფოებისგან განსხვავდება.

„თქვენ ხედავთ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები მოიხსნა. რაღაც კატასტროფა ხდება. დღეში ჰყავთ იმაზე მეტი ავადმყოფი ვიდრე ჩვენ 3 თვის განმავლობაში დაგვიგროვდა. მაგრამ ჩვენთან, საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ჯერჯერობით არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ისევ გრძელდება ერთეული შემთხვევები, რაც იქნება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ გამოვლენილი 26 ახალი შემთხვევა ძველ კლასტერს უკავშირდება და შეზღუდვების მოხსნას არ უკავშირდებოდა. ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ასეთი დადებითი სტატისტიკა სამთავრობო ვერტიკალის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კარგი მუშაობის შედეგია.

საქართველოში კორონავირუსი 808 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 663 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.