ხათუნა ზახაშვილი: არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზარალი შეიძლება მიაყენოს

ხათუნა ზახაშვილი: არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზარალი შეიძლება მიაყენოს

არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზარალი შეიძლება მიაყენოს, ეს მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

„არც ერთი კვლევა არ ადასტურებს იმას, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზარალი შეიძლება მიაყენოს მაშინ, როდესაც მსოფლიოში პანდემიაა. აქ არ არის საუბარი იმ ნიღბებზე, რომელსაც იყენებს სამედიცინო პერსონალი, ანუ სპეციალურ რესპირატორებზე. საუბარია ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო პირბადეებზე. ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ნიღბის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ნიღბის გამოყენებით მიყენებული ზარალი რას გულისხმობს ამ შემთხვევაში? რა არის საპირწონე? კორონავირუსით ინფიცირება და მეორე მხარეს რა? რას უშვრება ნიღაბი ადამიანს ასეთს ცუდს? ეს ყველაფერი ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებულია და არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ნიღბის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭირო არ არის“, - განაცხადა ზახაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.