პაატა იმნაძე: გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში შეიძლება ისევ აღმოჩნდეს კორონავირუსი, მაგრამ ის არაა სიცოცხლისუნარიანი

პაატა იმნაძე: გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში შეიძლება ისევ აღმოჩნდეს კორონავირუსი, მაგრამ ის არაა სიცოცხლისუნარიანი

ყველა მკვლევარი უფრო მეტად იხრება იმ აზრისკენ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში, როგორც ცხვირ-ხახის ნაცხში, ასევე ფეკალიებში შეიძლება აღმოჩნდეს კორონავირუსი, მაგრამ ის აღარაა სიცოცხლისუნარიანი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„მსოფლიოში აქამდე არსებულ სამეცნიერო მასალებში ხელახლა ინფიცირება აღწერილი არაა. ყველა მკვლევარი უფრო მეტად იხრება იმ აზრისკენ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში, როგორც ცხვირ-ხახის ნაცხში, ასევე ფეკალიებში შეიძლება აღმოჩნდეს კორონავირუსი, მაგრამ ის არაა სიცოცხლისუნარიანი. PCR-დიაგნოსტიკის საშუალებით ხდება ვირუსის გენეტიკური მასალის, რნმ-ის აღმოჩენა. საზოგადოებისთვის ცნობილია საქართველოში ასეთი შემთხვევის შესახებ, როდესაც პაციენტს ეს გენეტიკური მასალა 2 თვის განმავლობაში ჰქონდა. ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული შემთხვევა სამცხე-ჯავახეთიდან სწორედ ამას უკავშირდება - ერთ ანალიზში ვირუსი არ იყო, შემდეგ კი PCR-ანალიზმა აჩვენა, რომ ცხვირ-ხახაში ვირუსი გაჩნდა. ყველა კვლევა ამბობს, რომ ასეთი ადამიანები ვირუსის გამავრცელებლები არ არიან.

საქართველოში კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.