საზმაუწყებლის გენდირექტორობის სურვილი ნიკოლოზ მეგრელიშვილმა გამოთქვა

საზმაუწყებლის გენდირექტორობის სურვილი ნიკოლოზ მეგრელიშვილმა გამოთქვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობაზე გამოცხადებულ კონკურსში ერთი კანდიდატი უკვე დარეგისტრირდა. ნიკოლოზ მეგრელიშვილი 1986 წელს ბათუმში დაიბადა, დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ამჟამად კი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში განაგრძობს სწავლას.

ამასთან, ნიკოლოზ მეგრელიშვილი არის „აჭარის ფიტზალის და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ორგანიზაცია „ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (იურისტი).

უკვე ცნობილია, რომ კანდიდატებმა CV 2012 წლის 20 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნა კი ახალ წლამდე მოხდება.

For.ge ნიკოლოზ მეგრელიშვილს ესაუბრა.

როგორ გგონიათ, პირველ რიგში, რა არის შესაცვლელი საზოგადოებრივ მაუწყებელზე?

- საზოგადოებრივი მაუწყებელი პროფესიონალთა გუნდისგანაა დაკომპლექტებული და ამ ჯგუფთან ერთად შეიძლება ნებისმიერი საკითხის მოძიება და გაშუქება ისე, რომ საზოგადოებამ კარგად გააცნობიეროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თუ სხვა სახის მოვლენები. ჩემი პრიორიტეტი იქნება ყველა ჯგუფის უფლების დაცვა, ეს იქნება ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფები, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელიდან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. საინფორმაციო პოლიტიკა ბალანსირებული უნდა იყოს. საინფორმაციო პოლიტიკის დაბალანსებაში სამი მხარე არსებობს - ჟურნალისტი, რესპოდენტი და საზოგადოება. სამივეს უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული. პირველ რიგში, ჟურნალისტის უფლებაა დასაცავი, რათა მასზე არ განხორციელდეს ზეწოლა და შეკვეთილი სიუჟეტები არ გავიდეს. რესპოდენტის აზრის გამოხატვის თავისუფლებაც დასაცავია, რადგან კორესპონდენტი როდესაც წერს ინტერვიუს, მისი აზრი არ უნდა იყოს კონტექსტიდან ამოგლეჯილი. საზოგადოებამ კი დაბალანსებული ინფორმაცია უნდა მიიღოს იმ საინფორმაციო წყაროდან, რომელსაც ის ფულს უხდის.

გია ჭანტურია აცხადებდა, რომ არჩევნების პერიოდში მისი ტელევიზია დაბალანსებული იყო და ორივე მხარე თანაბრად შუქდებოდა, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ პროცენტულად პრეზიდენტისადმი დადებითი ტონი ამ არხზე ბევრად მაღალი იყო. საერთოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლების გავლენის მცდელობა ყოველთვის იგრძნობა. ამის აცილებას როგორ შეძლებთ?

- საზოგადოებრივ მაუწყებელში სავალალო მდგომარეობა იყო არჩევნებამდე. არჩევნების პერიოდში კი ვაკვირდებოდი ამ მაუწყებელს და შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო, რადგან სერიოზული საზოგადოებრივი წნეხი იყო მასზე და ეს იგრძნობოდა მის საინფორმაციო პოლიტიკაზე. რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლის შემდეგ, არა მგონია, ასეთი პრობლემები აღმოცენდეს. საზოგადოებრივ მაუწყებელში მონიტორინგი უნდა გაიზარდოს, შეიძლება შეიქმნას მრჩეველთა ჯგუფები, კომიტეტები. საზოგადოებრივ საწყისებზე არსებულმა, პროფესიონალი ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა მონიტორინგის ჯგუფმა კი უნდა აკონტროლოს მაუწყებლის საინფორმაციო ბადე. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, თუნდაც მე-9 არხთან ან სხვა ტელევიზიებთან მიმართებით, საინფორმაციო საშუალებები ამ ეტაპზე წნეხისგან თავისუფალია. მეტიც, ზოგჯერ მე-9 არხზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკაც კი იგრძნობა.

ბოლო დროს საზოგადოების რეაქცია მაუწყებლისადმი უარყოფითი იყო, გვახსოვს პერიოდული მივარდნები, სამარცხვინო დერეფნებში ჟურნალისტების გატარება, პროტესტის გრძნობა, რომ მოქალაქეების ფული არამიზნობრივად იხარჯებოდა. ზოგადად, ჟურნალისტებზე ტყდებოდა ჯოხი. ამან თქვენში უკმაყოფილების გრძნობა გამოიწვია?

- უკმაყოფილების გრძნობას იწვევდა არაობიექტურობა. ის ჟურნალისტებიც უფლებაშელახულნი იყვნენ, რადგან ძალიან დიდ წნეხს განიცდიდნენ. მე ვნახე, სირცხვილის დერეფნებში ახალგაზრდა გოგონებსაც კი როგორ მიაყენეს შეურაცხყოფა, რაზეც გული მეტკინა. რა თქმა უნდა, საზოგადოება ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად აწუხებდა. მათ ოჯახებზე, უსამართლობაზე იყო საუბარი. „სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი“ - ეს მიუღებელია, მით უფრო, ჟურნალისტიკისთვის. ამ არხზე ბევრი რამ არ შუქდებოდა. ციხის კადრების შესახებ სულ სხვა არხიდან ვიღებდით ინფორმაციას, რაც ჩვენთვის შოკი იყო.

ხელმძღვანელობის შეცვლას, როგორც წესი, ჟურნალისტების როტაცია მოსდევს და ამას რეორგანიზაციას უკავშირებენ. თქვენ თუ აპირებთ ჟურნალისტების გაშვებას?

- ჟურნალისტების როტაცია შეუქცევადი პროცესია, მუდმივ განახლებაშია ტელევიზია, მაგრამ პირველ ადგილზე დგას პროფესიონალიზმი. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, პირველ ადგილზეა სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და ადამიანის შეხედულებები, გინდაც ეს შეხედულება ჩემთვის მიუღებელი იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ გენდირექტორი გახდით, ჟურნალისტების გაშვებისას რა კრიტერიუმით იხელმძღვანელებთ?

- კრიტერიუმი იქნება სხვისი უფლების შელახვა, არასწორი ინფორმაციის გაშვება, რესპოდენტის აზრის დამახინჯება. სუბიექტური მიდგომა უნდა მოიშალოს. ჟურნალისტის გაშვებამდე კი არსებობს სანქციები, რომელიც შეიძლება დაწესდეს. თუკი იგი ეთიკის კოდექსს ან კანონს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ არღვევს, მაშინ კონკრეტული სანქციები შეიძლება დაისვას.

სპეციალისტების აზრით, სასურველიაარა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის გაშვება, არამედ იმ ბორდის დათხოვნაც, რომელმაც საზმაუწყებლის ასეთი კურსი განაპირობა.

- ბორდშიც ადამიანები არიან და მათ უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევ, მაგრამ ვთვლი, რომ კურსზე ზემოქმედება და შეცდომების გამოსწორება საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეეძლო. ბორდის წევრთა უმეტესობა საკითხს პროფესიონალურად უდგებოდა, მაგრამ აბსოლუტური დამოუკიდებლობა მათ მოქმედებებში არ იყო. ალბათ, ისინი შინაგანად განიცდიდნენ ამას და პროტესტის გრძნობა ჰქონდათ. რატომღაც ასე მგონია.

ყოველ შემთხვევაში, თავის დროზე ირაკლი ტრიპოლსკიმ და ირმა სოხაძემ ამის გამო თქვეს უარი ბორდის წევრობაზე და ეს მათი ადამიანური პოზიცია იყო.

- გეთანხმებით, ესეც სადაოა. თუმცა ყველანი უნდა ჩავდგეთ იმ ადამიანების მდგომარეობაში და სხვა კუთხიდანაც დავინახოთ. ადამიანი ფრესკა არ არის, რომ პირდაპირ ვუყუროთ, უნდა შემოვუაროთ და მთლიანობაში დავინახოთ. ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად ის ადამიანი რით ხელმძღვანელობდა იმ მომენტში და სინდისი რას კარნახობდა.

შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლების ზეგავლენა იგრძნობოდა. თქვენი აზრით, რომელ პერიოდში უფრო დაქვემდებარებული იყო ეს ტელევიზია?

- ალბათ, უფრო შევარდნაძის ეპოქაში, მაგრამ არც შემდგომში აკლდა ზეწოლა. უბრალოდ, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, შევარდნაძის ეპოქა ისე კარგად არ მახსოვს, ვარდების რევოლუციის შემდგომ კი სავალალო სიტუაცია იყო.

თავის დროზე საზოგადოების მოთხოვნა გია ჭანტურია გადადგომა იყო, თუმცა მან დააგვიანა.

- ბატონი გია თავის გადადგომას იმას უკავშირებს, რომ მას დასვენება სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთნაირად მივხვდი, მისი განცხადებებიდან გამომდინარე. ნებისმიერი დაწესებულების ფინანსური შემოწმება მიზანშეწონილია, რადგან შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული. ტელევიზია ძალიან დიდი ფუფუნების საგანია და, თუკი კარგი ტელევიზია გვინდა, თანხებიც დიდი უნდა იყოს. თქვენ იცით, რა ჯდება კარგი ჟურნალისტის მომსახურება, კარგი ტელეაპარატურა და სხვა, ამიტომ სოლიდური თანხა უნდა იყოს.

თქვენ ამ სფეროსთან ახლოს არ ხართ, მაგრამ თქვენი მეუღლე ჟურნალისტია.

- ჩემი მეუღლე ნათია ლომაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტია, მას აქვს საავტორო გადაცემა „მოგზაურის დღიური“. სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით სულ ახლახანს იმყოფებოდა შტატებში, საერთაშორისო ჟურნალისტთა ასოციაციაში გადამზადების კურსი გაიარა. ასე რომ, მე ვიცი ტელევიზიების სატკივარი.

თუმცა ამ მიმართულებით არ გიმუშავიათ?

- არა. როგორც იურისტს, მაქვს მონოგრაფია და ნაშრომი, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

თქვენი სივიდან ირკვევა, რომ წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტში მოღვაწეობთ. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როცა თამარ კინწურაშვილის ხელმძღვანელობის დროს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მართლმადიდებლური გადაცემები, სადღესასწაულო წირვები პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა.

- საშობაო ლიტანია არ გადაიცა პირდაპირ ეთერში და ეს დიდი კრიტიკის საგანი იყო და პროტესტი გამოიწვია. იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია, ბუნებრივია, მათი შეკვეთა იქნება, რომ ლიტანიობა იქნება, საშობაო, სააღდგომო თუ სხვა ღონისძიებები, მათ შორის, პატრიარქის ეპისტოლეები, უნდა გადაიცემოდეს. საზოგადოებას ფართო ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პატრიარქის მოწოდების შესახებ. ის, რაც პატრიარქის ქადაგების სახით გადის, არასაკმარისია, რადგან ამ პიროვნებისგან დიდი სიბრძნე მომდინარეობს. სხვა რელიგიების უფლებებიც უნდა იყოს დაცული და შედარებით მცირე დოზით გავიდეს, მაგრამ პატრიარქის ქადაგებები სრული სახით უნდა გადაიცემოდეს. მომავალი თაობისთვის ეს ერთგვარი დარიგებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვადასხვა ფენის ადამიანის მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. როგორ უნდა მოინახოს შუალედი ისე, რომ ბავშვებისა და მოზრდილების ინტერესი თანაბრად გათვალისწინებულ იქნას?   

- ყველა ადამიანის გემოვნება რომ დაკმაყოფილდეს, საჭიროა, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ის ჯგუფები შეიქმნას, რომელიც სხვადასხვა სოციალური ფენისგან შედგება. ისტორიკოსები, იურისტები, ჟურნალისტები - სწორედ ამ ადამიანებისგან უნდა წამოვიდეს შეკვეთა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარვეზად ითვლება საგამოძიებო ჟურნალისტიკის არარსებობა.

- ეს უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სანთლით არიან საძებარნი ჟურნალისტები, რომლებიც საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მუშაობენ. საზოგადების შეკვეთაა, რომ ასეთი გადაცემები გავიდეს. ამ ადამიანს სპეციალური განათლება უნდა ჰქონდეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ მესახება ასეთი პიროვნება, მაგრამ ნანა ლეჟავას იდეალური გადაცემა აქვს.