თვითმხილველის, დავით ცინცქილაძის განცხადებით, კაცს, რომელიც ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, წარსულში ოჯახის წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. მისივე განცხადებით, კაცს პათოლოგიური სიმთვრალე ახასიათებს.
„დაახლოებით, შუახნის კაცია, პირადად არ ვიცნობ, თუმცა ინცინდენტის შემდეგ მის ქალიშვილთან გასაუბრება მოვახერხე. ისაა 23 წლის გოგონა. როგორც ის აღწერს მოვლენებს, ვითარება იყო შემდეგი: სახლში იყვნენ, ეს ადამიანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. შვილებთან კონფლიქტი მოუვიდა. ადრე ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, მის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი. ამ ორდერის მოქმედების პერიოდში და მას შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში სიმშვიდე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ადამიანი ალკოჰოლიზმთან დაკავშირებით თავს ვერ იკავებს და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, უკვე ხდება არაადეკვატური“, - აცხადებს დავით ცინცქილაძე „მაესტროსთან“ საუბრისას.
ვარკეთილში ერთ-ერთ კორპუსში, პირი, რომელსაც რეგისტრირებული იარაღი აქვს, საცხოვრებელ სახლში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა. არსებული ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაშია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მასთან მიმდინარეობს მოლაპრაკება. კორპუსი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, კაცთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ.
მისივე თქმით, ოჯახის წევრები: შვილები და მეუღლე უსაფრთხოდ არიან, ის სახლში მარტოა ჩაკეტილი.