ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ქართველ ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამშობლოს გარეთ უწევდათ. უცხო ქვეყანაში ყოფნა ქართველებისათვის მძიმე გახლდათ. ამის მიუხედავად ჩვენებურები საკუთარ ღირსებას არ კარგავდნენ და სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩენილები, წარმოქმნილ პრობლემებს თავს კარგად ართმევდნენ.
საბჭოთა ჯარში სამხედრო სამსახურის თემა ნებისმიერი ქართული ოჯახისთვის მტკივნეული გახლდათ. ამავდროულად, შინ დაბრუნებული ყოფილი ჯარისკაცები არაერთ სახალისო ისტორიებს ყვებოდნენ.
დღევანდელ წერილში კვლავ ძველ დროში დაგაბრუნებთ და ყოფილი დიადი სამშობლოს შეიარაღებული ძალების სამყაროს გაგახსენებთ.
ცნობილმა ქართველმა მსახიობმა გურამ ფირცხალავამ ჯარში სამსახურის დროს მართლაც გმირობა ჩაიდინა და უკრაინელი მეგობარი დიდი განსაცდელისაგან იხსნა, ყოფილი პარლამენტარმა, მამუკა გაჩეჩილაძემ ქართული საზრიანობა გამოიჩინა და სამხედრო სავალდებულო სამსახური „დიდ გასეირნებად“ აქცია, პოლკოვნიკ ავთო ყენიას კი სამხედრო აკადემიის დამთავრებაში ხელი დიდი სტალინის სახელმა შეუწყო.
გურამ ფირცხალავა:
„სამხედრო სამსახური მურმანსკის ოლქში მოვიხადე. ნაწილში „სტარიკები“ დამხვდნენ, ამათგან ერთი ვაჟკაცური გარეგნობის უკრაინელი ჯარისკაცი, გვარად ბონდარი აქტიურობდა. მანამ მდია, სანამ საკადრისი პასუხი არ მიიღო. დარწმუნდა რომ ჩემთან მტრობა არ ღირდა და ბოლოს დავძმაკაცდით.
მალე ამ ჩვენს ბონდარს გათავისუფლების დრო მოუვიდა, მაგრამ აშშ-სა და კუბას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, საბჭოთა ჯარში დემობილიზაცია ნახევარი წლით შეაჩერეს. ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა დარდის არაყით გაქარვება სცადა და ერთ არასასიამოვნო ისტორიაში გახვეული აღმოჩნდა, რომლის მთავარი მომქმედი „გმირიც“ მე აღვმოჩნდი.
ნაწილში არსებობდა ტანკის პრინციპზე აგებული და ტანკზე უფრო ძლიერი მანქანა „ბატი“. მას ძირითადად გზების დასაგებად ან თოვლისაგან მათ გასაწმენდად იყენებდნენ, რადგან უზარმაზარი, ბრტყელი და განიერი ცხვირი ჰქონდა. „ბატს“ ბონდარი მართავდა.
ერთხელაც, არყით უგონოდ მთვრალმა უკრაინელმა „ბატი“ გაიტაცა და გეზი ფინეთის საზღვრისკენ აიღო. ახლა ვერ გეტყვით, რისი იმედი მქონდა მაშინ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მის მობრუნებას შევძლებდი. ნაწილის უფროსობამ „ვილისი“ მომცა და გაქცეულ მეგობარს მთელი სისწრაფით დავედევნე.
მალე დავეწიე, გავუსწარი და მანქანა გზის გარდიგარდმო გავაჩერე. ბონდარმა „ბატი“ ჩემს შორიახლოს გააჩერა და მთხოვა გავცლოდი. როდესაც ჩემგან უარი მიიღო, მოულოდნელად ავტომატი მომიშვირა. ნასვამი იყო და თან გაცოფებული. რა უნდა მექნა? ერთი რამ ვიცოდი - ვერ გავიწეოდი. ახლა ადგილიდან დაძვრა და მისთვის გზის დათმობა ჩემს ძალებს აღემატებოდა.
არ ვიცი, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გრძელდებოდა, სავარაუდოდ - წუთები, მაგრამ ბევრს, ალბათ, მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოუწევს ისეთი მძაფრი განცდის გადატანა, როგორიც მე დროის იმ მცირე მონაკვეთში გადავიტანე.
ჩემმა სიჯიუტემ თუ თავგანწირვამ ბონდარი გატეხა. ავტომატი მიწაზე დაანარცხა, „ბატიდან“ ჩამოხტა, მომიახლოვდა, გადამეხვია და მორჩილი ბავშვივით თავი მხარზე დამადო.
ნაწილში ბონდარის მკაცრად დასჯა გადაწყვიტეს. ისევ აქტიურად ჩავერთე საქმეში. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ჩემი როლი მომხდარ ინციდენტში და ბონდარი არათუ სასჯელისგან გაათავისუფლეს, ორ კვირაში, შინ გაამგზავრეს კიდეც.“
მამუკა გაჩეჩილაძე:
„სამხედრო სამსახური უკრაინაში გავიარე. ჩემთან მსახურობდა ერთი ლვოველი ბიჭი, იური ერქვა, მამამისი „ობკომის“ მდივანი იყო, „ვოლგა“ ემსახურებოდა. მეც დავუძმაკაცდი და მოლხენის მეტს არაფერს ვაკეთებდით.
მამაჩემი პარტიული ფუნქციონერი იყო და ჯგუფები დაჰყავდა სამოგზაუროდ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა საქართველოში მსურდა, ამიტომ სახლში ისეთ წერილებს ვაგზავნიდი, მშობლებს მდუღარე ცრემლი სდიოდათ, ბიჭი გვეღუპება, როგორმე ვუშველოთო. ვწერდი რომ აუტანელი პირობებია, მშიერი ვარ, ფული არა მაქვს, დღედაღამე გვამუშავებენ, ოფიცრები გვჩაგრავენ-მეთქი.
მამას მოზრდილი ჯგუფი ჩეხეთში უნდა წაეყვანა. თან ჩემზე დარდით არის გადარეული. გზად ერთი ღამე კიევის სასტუმროში უნდა გაეთენებინათ. ჩავიდნენ თუ არა კიევში, მაშინვე ჩემკენ გამოქანდა, ჟიტომირში. ნაწილი მოძებნა და ჯარისკაცებს ეკითხება:
- მამუკა გდე, გაჩეჩილაძე, ია ევო ატეც.
ეგ ნაწილში არ იქნებაო – უთხრეს. რას ჰქვია, არ იქნებაო, ცუდად გახდა კაცი.
- ვიდიტე, „ვოლგა“ ნე სტაიტ, - ეუბნებიან.
- კაკაია „ვოლგა“? - ვალიდოლი გადაყლაპა მამაჩემმა.
- ბელაია, - უხსნიან და ქალაქის ბოლოში რესტორნის მისამართი მისცეს, იქ მიაკითხეთო.
ამ დროს ვსხედვართ რესტორანში მეგობრები, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწკეპილები, ღვინით სავსე ჭიქებს ვატრიალებთ და სიმღერა „კარაკუმს“ ვუსმენთ, ძალიან პოპულარული იყო. გავიხედოთ და კარში მამაჩემი არ გამოჩნდა? გახარებულმა გავძახე:
- შალვა პავლოვიჩ, აქეთ, კაკრას მშობლების სადღეგრძელოზე ვართ!
კარგა ხანს მიყურა შორიდან:
- თფუი, შეგირცხვა სინდისი! დედაშენმა შენი წერილების კითხვაზე 20 კილოგრამი დაიკლო, გული ხელით უჭირავს, მე კი ორმოცდაათი კაცი კიევში დავტოვე უპატრონოდ! შვებულება არ აიღო და არ ჩამოხვიდე, თორემ ჩემი ხელით მოგკლავ!
ახლოს არ მოსულა, ერთ-ორი „მამაპაპური“ მომაყოლა, გატრიალდა და წავიდა“.
ავთო ყენია, პოლკოვნიკი:
„მოსკოვის სამხედრო აკადემია დავამთავრე. ლექციებს ტოპოგრაფიაში მაიორი მალცევი მიკითხავდა. ძალიან მკაცრი კაცი იყო და, თუ ბოლომდე არ ჩააბარებდი ყველაფერს, ნიშანს არ გაღირსებდა. ამასთან, ძალიან უკარება, მოუსყიდავი ადამიანი იყო და იმის გამო, რომ მის საგანს არ ვსწავლობდი, ამითვალწუნა.
მალცევს ერთი სისუსტე მაინც ჰქონდა - ის სტალინისტი იყო. დიდი ბელადის ხსენებაზე მას ცრემლი მოადგებოდა ხოლმე თვალებზე და ტიროდა. ერთხელ. მორიგი წარუმატებელი ჩათვლის შემდეგ მითხრა:
- სირცხვილი შენ, ყენია, სტალინი ქართველი იყო, შენც მისი თანამემამულე ხარ და მის სახელს არცხვენ. დამეკარგე აქედან, აუცილებლად გაგრიცხავ.
იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ გამომვმძვრალიყავი ამ სიტუაციიდან. ორდღიანი ფიქრის შემდეგ თბილისში დავრეკე და მამაჩემს ვუთხარი:
- მამა, სასწრაფოდ გამომიგზავნე ჩემი აკვნის შიბაქი და ბაბუას დახეული ჩექმები!
- რად გინდა, ბიჭო, ხომ არ გაგიჟდი! - გაოცდა მამაჩემი.
ერთი სიტყვით, მეორე დღეს შიბაქი და ჩექმები უკვე ჩემთან იყო. მე ისინი ფაქიზად გავახვიე და პირდაპირ მალცევთან მივიჭერი.
ჩემი სტალინისტი ლექტორი მარტო ცხოვრობდა კომუნალურ ბინაში და რომ დამინახა, შეეშინდა, თუმცა მაინც შემიპატიჟა და მითხრა:
- ქრთამს არ ვიღებ და თუკი ასეთ რამეს მკადრებ, მაშინ ათიანზეც რომ ჩამაბარო, მაინც გაგრიცხავ.
- არა, რას ბრძანებთ, რის ქრთამი! უბრალოდ, მე ისეთი ნივთები მაქვს, რომელთა ფლობის უფლება მხოლოდ თქვენ გაქვთ, როგორც უმწიკვლო სტალინელს.
ერთი სიტყვით, მალცევს შარდით გაჟღენთილი შიბაქი და აყროლებული, დაფხრეწილი ჩექმები წინ დავუწყე და ვუთხარი:
- ბაბუაჩემი სტალინს მალავდა ხოლმე და ეს ჩექმები და ჩიბუხი რევოლუციონერ კობას დარჩა ჩვენთან. ბაბუამ მე მაჩუქა ისინი, მე კი მათ თქვენ გჩუქნით, უანგაროდ, ნიშნის მოთხოვნის გარეშე.
ჩემმა სიტყვებმა მალცევი შოკში ჩააგდო. მე ამით ვისარგებლე და მისი ბინიდან წამოვედი.
მეორე დღეს აკადემიაში შიბაქმომარჯვებული და დაფხრეწილ ჩექმებში გამოწყობილი მალცევი შემხვდა. ის ამაყად დააბიჯებდა და შიბაქს აბოლებდა, თან ყველას უხსნიდა, რომ ისინი დიდი ბელადის პირადი ნივთები იყო.
მალცევმა სტალინის ხათრით არ გამრიცხა და სამიანი დამიწერა, შიბაქი ფრთხილად მოქაჩა და მითხრა:
- ისეთი ბედნიერი და ამაყი იყავი, როგორც მე ვარ ახლა.
აი, ასე ამაყობდა სტალინისტი მალცევი ჩემი შიბაქით და ბაბუაჩემის დაფხრეწილი ჩექმებით და რომ არა ისინი, მე სამხედრო აკადემიას ვერ დავამთავრებდი“.