წინასაახალწლოდ ტელეეკრანს კვლავ ელდარ შენგელაიას კინოშედევრები: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "შერეკილები", "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" დაიპყრობს, რომელსაც მაყურებელი წლიდან წლამდე კი არ აკლდება, ემატება. ეს არის ნამდვილი კინო - საყოველთაო სანახაობა, რომელიც ინტელექტუალსაც იზიდავს და მასობრივ მაყურებელსაც. მიუხედავად წლების (მალე 80 წელი შეუსრულდება) და ცხოვრების სიმძიმისა, მაესტრო ელდარ შენგელაია კვლავ მხნე და რაც მთავარია, შემოქმედებითი გეგმებით არის აღსავსე. ქართულ კინოსა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გვესაუბრება.
- ქართულ კინოში ჯერჯერობით საქმე მაინცდამაინც კარგად არ მიდის, ხელისუფლების მიერ ეროვნული კინოცენტრისთვის გამოყოფილი თანხა არასაკმარისია; კარგი ფილმების გადასაღებად აუცილებელია, მეტი კინოპროდუქცია შეიქმნას, ამჟამად კი წელიწადში 1-2 ფილმს თუ ვიღებთ. წელიწადში ხუთი ფილმის შექმნის საშუალება რომ გვქონდეს, ვფიქრობ, შედეგი გვექნება, რადგან ამ ხუთი ფილმიდან ზოგი სუსტი აღმოჩნდება, ზოგი - საშუალო და თუნდაც ერთი - ღირებული. ამიტომ ქართული კინოს დაფინანსება უნდა გაიზარდოს.
- ვინ უნდა აფინანსებდეს კინემატოგრაფს, ვინ უნდა იყოს დაინტერესებული - სახელმწიფო თუ კერძო ბიზნესი?
- სახსრები უნდა ვეძებოთ არა მარტო ქვეყანაში, არამედ - მის გარეთ. ჩვენთან, კინოკავშირში არსებობს კინოგაერთიანება "სინეტეკი", რომელმაც ესპანელებთან და რუსებთან ერთად გადაიღო ფილმი "თოლია", ეს არ არის ჩეხოვის ცნობილი პიესის ეკრანიზაცია, მასში ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ. ამ ფილმს დიდი წარმატება ხვდა პოლონეთში, ესპანეთში, ახლახან გამართულ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე; რაც შეეხება კომერციულ ფილმებს, მათ თვითონ უნდა მონახონ თავისი გზა, ეს არც კინოცენტრის საზრუნავია, არც სახელმწიფოსი. ამგვარი ფილმები მოვლენად არასოდეს იქცევა. ღირებული ფილმი კი ერის მონაპოვარია, ისევე როგორც ჩვენი კლასიკური მწერლობა - ილია, ვაჟა, გალაკტიონი.
- ახალი ფილმის გადაღებას მწერალ რეზო ჭეიშვილის მოთხრობის "ჭალია ბლოკის" მიხედვით აპირებთ?
- ამჟამად ვმუშაობ როგორც რეზო ჭეიშვილთან, ისე დათო ტურაშვილთან.
- ანუ, ორი ფილმის გადაღებას აპირებთ?
- დიახ, ასეა. დათო ტურაშვილთან ერთად საინტერესო ჩანაფიქრი გვაქვს, დეტალებზე წინასწარ საუბარი არ მინდა, ბევრი რამ მუშაობისას გამოჩნდება. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - დამდეგ, 2013 წელს ფილმს აუცილებლად გადავიღებ. 80 წელი მისრულდება და ცოტა ვჩქარობ.
- ბოლო ხანს რუსულ-ქართული კულტურული ურთიერთობები გააქტიურდა. რუსთაველის თეატრში მოსკოვის "ეტ სეტერას" დასმა რამდენიმე წარმოდგენა გამართა, ამჯერადაც დიდი ინტერესი გამოიწვია რუსული კინოს ფესტივალმა, რა პერსპექტივა აქვს ორი მეზობელი ხალხის ურთიერთობას იმ ყველაფრის ფონზე, რაც მოხდა?
- ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური დაპირისპირება დიდი შეცდომა იყო. როცა ასეთი დიდი მეზობელი გყავს, თუნდაც ეკონომიკის გასაღების ბაზრის თვალსაზრისით, მეტად უნდა დაფიქრდე. მხოლოდ "ძირს რუსეთის" ძახილი პოპულიზმია, მეტი არაფერი. პატარა ერმა გადარჩენაზე მეტი უნდა იფიქროს. რუსეთთან ასეთი მკვეთრი დაპირისპირება გაუმართლებელია. 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელშიც დავმარცხდით, ჩვენი დიდი შეცდომის შედეგიც იყო. დავკარგეთ ახალი ტერიტორიები. მანამდე ანალოგიური მოხდა აფხაზეთში. ახლა კი იცის ვინმემ, რამდენი წელი დასჭირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? რუსეთის გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, ამ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა თუ არ აღვადგინეთ, პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივდება. დღეს რუსული ბაზრის ის ნაწილი, რაც ქართულ ღვინოს თუ ციტრუსებს ეკავა, სხვებმა დაიკავეს, ძველი პოზიციის დაბრუნებას დრო დასჭირდება. მას შემდეგ, რაც თბილისში რუსული ფილმის ფესტივალი ჩატარდა, გვინდა, მოსკოვში ჩავიდეთ და ქართული ფილმის ფესტივალი გავმართოთ, იქაური ახალგაზრდობა ქართულ კინოს ცუდად იცნობს. ვიმედოვნებ, მალე ვნახავ ჩემს მეგობარს - ელდარ რიაზანოვს, რომელიც, ავადმყოფობის გამო, ამჯერად თბილისში ვერ ჩამოვიდა.
- ქართული ფილმების დედნები მოსკოვში ინახება, რა კეთდება მათ დასაბრუნებლად?
- ახლა ვიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას, ეს საგანძური აუცილებლად უნდა ჩამოვიტანოთ და თუ არ ჩამოვიტანთ, მას საბოლოოდ დავკარგავთ. ქართულ კინოფილმებზე პირდაპირ ნადირობენ.
- კონკრეტულად, ვინ უნდა ჩამოიტანოს კინოფირები?
- ამ პროცესში ჩართულია კულტურის სამინისტრო, მთავრობის კანცელარია. ნეგატივები მოსკოვში დარჩება, ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით ჩამოვიტანთ მათ თბილისში და საცავში შევინახავთ, თუ საჭირო იქნება, ფირზეც დავბეჭდავთ. ქვეყანა, მისი ხელისუფლება ამით მხოლოდ მოიგებს. ქართულ ფილმებს, რომლებზეც, როგორც აღვნიშნე, დიდი მოთხოვნაა, თვითონ გავყიდით და ქვეყნის ბიუჯეტშიც შემოვა ფული.
- ძველი, შავ-თეთრი ფილმების გაფერადებაზე რა აზრის ხართ, თუნდაც "ჯარისკაცის მამის" ახალ ვერსიაზე?
- ამის წინააღმდეგი ვარ, მიმაჩნია, რომ ამ ფილმს ფერმა ვერაფერი შემატა, შავ-თეთრი უფრო მიახლოებულია იმდროინდელ რეალობასთან, რასაც ფილმი ასახავს, გაფერადებამ კი ცოტა ბუტაფორიული იერი შესძინა.
- როგორ შეაფასებთ 2012 წელს ქართულ პოლიტიკაში მომხდარ ცვლილებას, ქვეყნის სათავეში ახალი პოლიტიკური გუნდის მოსვლას?
- ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა. გამსახურდიას ხელისუფლება თბილისის ომის შედეგად შეიცვალა, შევარდნაძის ხელისუფლება რევოლუციის გზით წავიდა ხელისუფლებიდან. რამდენიმე თვის წინ კი, ჩვენს სინამდვილეში პირველად, არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება. ასე ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში. ახლა მთავარია, "ქართულმა ოცნებამ" ისე წარმართოს პოლიტიკა, რომ საქართველოს მოსახლეობამ შვება იგრძნოს.
- თქვენ "ვარდების რევოლუციის" აქტიური მონაწილე იყავით, ვარდით ხელში შეხვედით პარლამენტის დარბაზში. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ამ რევოლუციის იდეის მარცხი?
- მაშინ ბევრს გაუჩნდა იმედი, მოლოდინი... დიდი წვლილი შევიტანე იმაშიც, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო დროშა ისეთია, როგორიც არის. პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყოფნისას, ეს დროშა, მე-13 საუკუნის პორტულანზე (საზღვაო რუკაზე) გამოსახული ვნახეთ, შემდეგ იტალიაში მოვნახეთ ორი ასეთივე გამოსახულებიანი რუკა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთ-ერთი პირველი განკარგულება სწორედ ამ დროშის თაობაზე გამოსცა... ჩემი აზრით, სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი პრობლემა საზოგადოებასთან ურთიერთობა იყო. ახლა ქვეყნის სათავეში სხვა პოლიტიკური გუნდია, თანდათან გაჩნდებიან ახალი პარტიები, ერთპარტიულობა ქვეყნისთვის დამღუპველია. ვიცი, რომ ახალგაზრდები ქმნიან ახალ პარტიას, თვითონ ბიძინა ივანიშვილიც მოუწოდებს საზოგადოებას აქტიურობისკენ. კონკურენცია პოლიტიკაშიც და ხელოვნებაშიც აუცილებელია.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკაში აქტიურობის გამო, თქვენი შემოქმედება დააზარალეთ, რაღაც დააკელით?
- ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შემოქმედებაზე სარკესავით აირეკლება. რა ფილმი უნდა გადამეღო უშუქობის, არეულობის ფონზე? კინოსტუდია "ქართული ფილმი" დანგრეულია, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს, ამ ყველაფრის აღდგენას კი წლები დასჭირდება. საუბედუროდ, ჩვენ, ქართველები, დაუფიქრებლად ვანგრევთ. არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ნგრევა ადვილია, შენება კი ძნელი... ბალტიისპირეთში საბჭოთადროინდელი ძეგლები ჩვენსავით არ დაუნგრევიათ, ყველაფერი შეინახეს. ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ვუთხარი კიდეც: ნუ ანგრევთ ამ ძეგლებს, გადაიტანეთ გორში და მუზეუმი გააკეთეთ-მეთქი. ახლახან ერევანში ვიმყოფებოდი, სადაც სხვა ძეგლებთან ერთად, შაუმიანის ძეგლიც დგას, ეს ხომ ჩვენი ისტორიააო, - მითხრეს. ჩვენ კი ისტორიის დაფასება არ ვიცით, "იმელის" შენობის ფასადზე იაკობ ნიკოლაძისა და თამარ აბაკელიას ბრწყინვალე ბარელიეფები ჩამოანგრიეს. ყველაფერთან ბრძოლა ხომ არ შეიძლება!
- თუ გაქვთ ოცნების ფილმი, რომელზე ოცნებაც წარსულს ჩაბარდა?
- ვაპირებდი მრავალსერიიანი მხატვრული ფილმის გადაღებას ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაზე, ნუგზარ შატაიძის სცენარით, მაგრამ, სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა..
- ახლოვდება ახალი წელი, - იმედის, სიახლის დღესასწაული. სად შეხვდებით ახალ წელს?
- ადრე ახალ წელს მეგობრების წრეში ვხვდებოდი, ზეიმით. დაუვიწყარი თამადა იყო თემიკო ჩირგაძე, ჩემი მეგობარი, მრავალმხრივ ნიჭიერი კაცი. ახლა, ჩვენს ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, არაფრის ხალისი აღარ მაქვს. ახალ წელს მე და ჩემი მეუღლე თბილისში არ ვიქნებით, მოგვიანებით ჩამოვალ და მუშაობას განვაგრძობ.