გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ პრემიერის გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გადაფარვას ცდილობს

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ პრემიერის გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გადაფარვას ცდილობს

ყოველი არჩევნების წინ არის ამორჩეული რომელიმე პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართაც მიდის ინტენსიური, ინფორმაციული შეტევა. მაგალითად, გიორგი გახარია არათუ მიდის პრემიერის პოსტიდან, არამედ - ოპოზიციურ მოძრაობას ქმნის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც დღეს იხილება პარლამენტში. საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ პერიოდის უმძიმეს დანაშაულებებზე პასუხისგებას ითვალისწინებს. დღეს ჩვენ ბიუჯეტიდან ამისთვის ფული უნდა გადავიხადოთ. აი, ამ თემის გადაფარვა მიდის ახლა“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტში დღეს ადამიანის უფებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების 2019 წლის ანგარიშზე იმსჯელეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს ანგარიში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ გააცნო. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და 2012-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 5-ჯერ ნაკლებია. დღევანდელ განხილვას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.