მედია: აშშ-ში მასობრივი არეულობების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

მედია: აშშ-ში მასობრივი არეულობების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების მსვლელობისას სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, არეულობებს მინეაპოლისის, სენტ-ლუისის, ლუისვილის, ოკლენდის, ინდიანაპოლისის, დაივენპორტის, ომაჰას, დეტროიტისა და ჩიკაგოს შემოგარენის მაცხოვრებლები ემსხვერპლნენ.

გარდაცვლილთა უმეტესობა აფროამერიკელები იყვნენ. ასევე, არეულობების მსვლელობისას ათობით ადამიანი დაშავდა, თუმცა გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი ყოფილი პოლიციელი იყო. ის 2 ივნისს სენტ-ლუისში მაროდიორებმა მოკლეს.

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.