კახა კალაძე: დაწყებულია შერჩევა, ვინ იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრი

კახა კალაძე: დაწყებულია შერჩევა, ვინ იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრი

თბილისის მერი, კახა კალაძე არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლოა, თეა წულუკიანი იყოს. მისი თქმით, პარტიაში თანამდებობების გადანაწილება არ მიმდინარეობს.

კახა კალაძის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ უკვე დაწყებული აქვს შემდეგი მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრთა შერჩევა.

„ეს არის არასწორი ინფორმაცია. თანამდებობების გადანაწილება არ მიმდინარეობს. ჩვენთვის მთავარია, საზოგადოებას შევთავაზოთ მომავლის სწორი ხედვა, როგორი იქნება ქვეყნის განვითარების გეგმა, რა პროექტები იქნება განხორციელებული.

ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. ასევე, დაწყებულია შერჩევა, ვინ იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრი, ზოგი მაჟორიტარი, ზოგი სიით. როდესაც უკვე არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს, უკვე მერე გადაწყდება, ვინ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების დროს გიორგი გახარია კვლავ პრემიერ-მინისტრი, კახა კალაძემ განაცხადა:

„გიორგი გახარია არის ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი. მან კონკრეტულ შემთხვევებში კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რამდენად დიდია მისი ჩართულობა ყოველდღიურ მენეჯმენტში. ეს დაგვანახა თუნდაც პანდემიასთან ბრძოლამ. საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და ეს რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად, არის ხელისუფლების დამსახურება“.