რომან გოცირიძე: უნდა გამოიძებნოს ისეთი სამართლიანი მექანიზმი, რომელიც ყველა მოქალაქეს, თუნდაც ის იყოს ინფიცირებული, შესაძლებლობას მისცემს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

რომან გოცირიძე: უნდა გამოიძებნოს ისეთი სამართლიანი მექანიზმი, რომელიც ყველა მოქალაქეს, თუნდაც ის იყოს ინფიცირებული, შესაძლებლობას მისცემს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

არჩევნების წინა დღეებში, ან თუნდაც არჩევნების დღეს რაიმე სახის რეგულაციის შემოტანა, რომელიც არჩევნებს უსამართლოს გახდის, იქნება დაუშვებელი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ამ არჩევნების საერთოდ კანონიერების საკითხი, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მექანიზმების გამოყენებით ჩაივლის.

მისი თქმით, უნდა გამოიძებნოს სამართლიანი მექანიზმი იმისათვის, რომ ყველა მოქალაქემ ხმის მიცემა შეძლოს.

„პანდემიის პირობებში ხელისუფლება გაქანებულ საარჩევნო კამპანიაშია, ბიუჯეტის ფულით დადის, რაღაცებს აკეთებს და შემდეგ გადასახადების გადამხდელის ფინანასებით გაკეთებულ საქმეებს საკუთარ თავზე იწერს. დიდი ხნის განმავლობაში შეზღუდული იყო ოპოზიცია და დღესაც, საარჩევნო კამპანიაში სრულყოფილი მონაწილეობის შესაძლებლობა არ გვაქვს. არჩევნების წინა დღეებში, ან თუნდაც არჩევნების დღეს რაიმე სახის რეგულაციის შემოტანა, რომელიც არჩევნებს უსამართლოს გახდის, იქნება დაუშვებელი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ამ არჩევნების საერთოდ კანონიერების საკითხი. რეგულაციები არ უნდა იყოს გამოყენებული „ქართული ოცნების" ხრიკების ფორმით, რაც არაერთხელ გვინახავს. უნდა გამოიძებნოს ისეთი სამართლიანი და ობიექტური მექანიზმი, რომელიც ყველა მოქალაქეს, თუნდაც ის იყოს ინფიცირებული ან ავად, შესაძლებლობას მისცემს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ორგანიზება მოხდება, უშუალოდ უბანზე შესვლისას კი მოქალაქეს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.