რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 50 სამხედრო მოსამსახურეზე გამოცდიან

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 50 სამხედრო მოსამსახურეზე გამოცდიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად 50 მოხალისე სამხედრო მოსამსახურე შეარჩია, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

50 სამხედრო მოსამსახურიდან 5 ქალია.ყველამ გაიარა კვლევა და ტესტირება. რუსული მედიის ცნობით, ამ ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი სამხედრო მოსამსახურეებმა თავად გამოთქვეს.

კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა იგეგმება თავდაცვის სამინისტროს 48-ე ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე. მანამდე ამ ბაზაზე იკვლევდნენ ებოლას ვაქცინას.

მოხალისე სამხედროების პირველი ჯგუფს ბაზაზე 3 ივნისს შეიყვანენ. მოხდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა და ექსპერიმენტისთვის მომზადება.

2 ივნისის დილის მონაცამებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 863 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 423 741-ს მიაღწია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ინფექციით 182 პაციენტი გარდაიცვალა, მთლიანობაში პანდემიას ქვეყანაში 5 037 ადამიანი ემსხვერპლა, 186 985 კი - გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.