როგორია გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა

როგორია გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა

გასულ ღამეს, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ report.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

გუგა ქაშიბაძის განმარტებით, დაშავებულს დამწვრობა სხეულის 25%-ზე აქვს მიღებული, მას აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება.

„დაზიანებული აქვს სხეულის 25 პროცენტი, მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობაა, საეჭვოა სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც ამ აფეთქებას შეეძლო გამოეწვია. დამწვრობა აქვს სახეზე, ყელის მიდამოში, ორივე ზემო კიდურზე და ორივე ქვემო კიდურზე უბნობრივად“ - განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და ამ ეტაპზე მისი სტაბილიზაციის შენარჩუნება ხერხდება.

„გაუმართლა, რადგან იმ აფეთქების გათვალისწინებით, რაც გუშინ ვნახე, შეიძლებოდა გაცილებით მძიმე დაზიანებებიც მიეღო. ამ მომენტისთვის, მის სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ და მდგომარეობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მიუხედავად სერიოზული დაზიანებებისა, მკურნალობას სრულად ექვემდებარება,“ - განაცხადა ქაშიბაძემ.