სასამართლოებში ვიდეოკამერების დაბრუნების საკითხზე მსჯელობენ

სასამართლოებში ვიდეოკამერების დაბრუნების საკითხზე მსჯელობენ

პარლამენტში უკვე მსჯელობენ იმის შესახებ, რომ ყოფილი ხელისუფლების ძალისხმევით სასამართლოებიდან პოლიტიკური ნიშნით გამქრალი ვიდეოკამერები უნდა დაბრუნდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სასამართლო ვალდებულია, უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-ვიდეოჩაწერა. კერძოდ, სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო და ვიდეოჩაწერის ხელმისაწვდომობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულიად დახურვის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, აუდიო-ვიდეოჩანაწერის ასლი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მხარეებს, რომლებიც ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაუმჟღავნებლობის თაობაზე.

ადრინდელისგან განსხვავებით, დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოებში მათ მიერ გაუქმებული ვიდეოკამერების დაბრუნებას არ ეწინააღმდეგება. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის დავით საყვარელიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სასესიო სხდომამდე ამ კანონპროექტის გადამუშავება მოხდება, რადგან ამ საკითხთან მიმარებით ნაციონალების პოზიცია ნაწილობრივ ნეიტრალურია, ნაწილობრივ - წინააღმდეგი.

„ჯერჯერობით, იუსტიციის სამინისტრო არ იზიარებს ჩვენს მოსაზრებას, ამიტომ გადავწყვიტე, მხარი არ დამეჭირა ამ კანონპროექტისთვის. მე ვთვლი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვისას არ უნდა იყოს პოლიტიკურად ანგარიჟირებული იუსტიციის მინისტრის გამოსვლა, ეს არ უნდა იყოს იერიშის მაგვარი სასამართლოს წინააღმდეგ და მინიმუმ სასამართლოს ავტორიტერიტეტული და მათი აზრის გამომხატველი წარმომადგენელი უნდა ესწრებოდეს განხილვას“, - აცხადებს დავით საყვარელიძე.

თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის განცხადებით, იმის პრობლემა არ იქნება, რომ სასამართლო პროცესის ვიდეოჩანაწერი მედიამ მოიპოვოს. პროცესის ჩაწერა მოხდება და თუ, რომელიმე ტელეკომპანია ვერ შეძლებს თვითონ გადაიღოს პროცესი, მას შეეძლება მოითხოვოს ჩანაწერი“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

უფრო მეტიც, აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო–ვიდეო, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოტანილია სასამართლოს განჩინება სხდომის ნაწილობრივ, ან სრულიად დახურვის თობაზე.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, გადაღება უნდა განხორციელდეს მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების, ან სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ვიდეოკამერების სასამართლოებში დაბრუნება აუცილებელია, რადგან ეს ძალიან ბევრ პრობლემას მოხსნის, პირველ რიგში, ოქმების გაყალბების პრობლემასა და პროკურორისა და მოსამართლის თავხედობებს აღკვეთს. ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესებზე ისეთი თავხედობები ხდება, ისე ხუჭავენ მოსამართლეები თვალს სიმართლეზე და იმდენად მიკერძოებულად ატარებენ პროცესს, რომ ვიდეოკამერების წინ ამას ვერ გაკეთებენ.

„მთავარი მაინც ის არის, რომ ოქმები ყალბდება. ანუ, დაკითხვის დროს რასაც ამბობს ბრალდებული, მოწმე თუ დაზარალებული, ხშირ შემთხვევაში, ის ზუსტად არ ფიქსირდება, ზოგჯერ საერთოდ გადატრიალებული ფიქსირდება და რაც არ უნდა შენიშვნები წეროს მერე ადვოკატმა, რომ ასე კი არ თქვა ამ ადამიანმა, არამედ - სხვანაირად, მაინც ვერ ამტკიცებს სიმართლეს, რადგან მოსამართლე ამბობს, ასე იყოო“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი For. ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, ვიდეოკამერების დაბრუნებას ნაციონალები ახლა იმიტომ არ ეწინააღმდეგებიან, რომ მათთვის წამგებიანია მის წინააღმდეგ გამოსვლა. მათ იციან, რომ მათ სასამართლოებში შავბნელი საქმეები კეთდებოდა ბნელ ოთახში, ვიდეოკამერებისა და აუდიოჩანაწერების გარეშე. რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ და ამდენად, ერთი მხრივ, წამგებიანია, რომ თქვან, ამის დაბრუნება არ გვინდაო, მეორე მხრივ, პოტენციურად მათ იციან, რომ ძირითადად ახლა იწყება თავიანთი მომხრეების სასამართლო პროცესები იმ დანაშაულების გამო, რომლებიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადიოდნენ დანაშაულს.

ადვოკატი ირმა ჭკადუა For. ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ადვოკატები და უფლებადამცველები პირველსავე წუთიდან აპროტესტებდნენ, როცა სასამართლო პროცესებზე ვიდეოგადაღება აიკრძალა. სწორედ აქედან დაიწყო საქართველოში ის სამართლებრივი უბედურება, რაც უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა.

„ეს იყო განუკითხაობა და ადვოკატები დანამატები ვიყავით, რომლებსაც არანაირი ფუნქცია არ გვქონდა აბსოლუტურად, რაც არ უნდა გვემტკიცებინა და როგორი პოზიციაც არ უნდა გვქონოდა, სასამართლოში ჩვენს არსებობას აზრი არ ჰქონდა. დაკნინებული იყო ეს სისტემა. ადვოკატები ვასაბუთებდით და ვაპროტესტებდით, მაგრამ ერთი წინადადებაც საკმარისი იყო, ამდგარიყო პროკურორი და ეთქვა, რომ ადვოკატის გამოსვლა დაუსაბუთებელი იყო. ასეთი შეფასება გადადიოდა ქაღალდებზეც, რომლებსაც მოსამართლეები ხელს აწერდნენ. ეს იყო პირველი სიგნალი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას და ადვოკატებსაც გაეგზავნა იმ ხელისუფლების მხრიდან“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

მისივე თქმით, ისეთი გამონაკლისი საქმეებიც არსებობს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას ან პირად საიდუმლოებას ეხება. ამ შემთხვევაში, მოსამართლეს უფლება აქვს, ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც ითხოვს, დაიხუროს სხდომები, სხდომა დახუროს. ეს ეხება პერსონალურ და ოჯახურ საკითხებს, სექსუალურ ძალადობას. ასეთ დროს მხარის მოთხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით, შეიძლება დასწრება შეიზღუდოს.

„ამჯერად ნაციონალები სასამართლოებში ვიდეოკამერების დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგნი არ არიან. მათ როგორც აწყობთ, ისე ჭრიან და კერავენ. მაშინ მათ ასე სჭირდებოდათ, რომ ძალაუფლება გაემყარებინათ. იმ დროს მათი სურვილი იყო, ამ პროცესების შესახებ არავის გაეგო და ამ მიმართულებით სრული ინფორმაციული ვაკუუმი ყოფილიყო. ახლა კი, როცა მათ სჭირდებათ, რომ გარკვეულწილად, გახსნილი იყოს პროცესები და კარგად გამოჩნდეს, პიარის თვალსაზრისით, ასეთ აბსურდულ განცხადებას აკეთებენ, თუნდაც მათ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

ამასთან, ადვოკატი მიიჩნევს, რომ უფრო უნდა გააქტიურდეს სამოქალაქო საზოგადოება და დასავლეთში უნდა გაიგზავნოს მესიჯი, რომ სამოქალაქო საზოგადოების უპირველესი ამოცანა საქართველოში სამართლიანობის აღდგენაა, რაც ავტომატურ რეჟიმში უკავშირდება ნაციონალური ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას, ცალკეულ შემთხვევაში, კი მათ დაპატიმრებებს.