ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემებით, არ ვფიქრობ, რომ ისეთი შემზღუდავი ღონისძიებები უნდა დავაწესოთ, როგორიც გვქონდა

ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემებით, არ ვფიქრობ, რომ ისეთი შემზღუდავი ღონისძიებები უნდა დავაწესოთ, როგორიც გვქონდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო რეგულაციების გამკაცრების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის. ამირან გამყრელიძის თქმით, „ახლა ჩვენ მივდივართ სლოგანით „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან“.

„დღევანდელი მონაცემებით, მე არ ვფიქრობ, ჩვენ ისეთი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებები დავაწესოთ, როგორიც გვქონდა. ახლა ჩვენ მივდივართ სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან“. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის მატებები შესაძლებელია იყოს. ეს დასაშვებია და ამას თავისუფლად მართავს ჯანდაცვის სისტემა ყოველგვარი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიების გარეშე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.