ნიუ-იორკში საპროტესტო აქციაზე ქალაქის მერის შვილი დააკავეს

ნიუ-იორკში საპროტესტო აქციაზე ქალაქის მერის შვილი დააკავეს

ნიუ-იორკში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე ქალაქის მერის, ბილ დე ბლაზიოს შვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ნიუ-იორკის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 25 წლის კიარა დე ბლაზიო მანჰეტენში დააკავეს, როდესაც მან აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად უარი განაცხადა საავტომობილო გზა დაეტოვებინა.

ნიუ-იორკის პოლიციაში წყარომ დაადასტურა, რომ ნიუ-იორკის მერის შვილი არასანქცირებულ შეკრებაში მონაწილეობისთვის დააკავეს. მოგვიანებით იგი გაათავისუფლეს.

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.