თბილისი-ახალქალაქის დამაკვშირებელი “ისტორიული გზა სამცხე-ჯავახეთის გარდა ქვემო ქართლის რეგიონზეც გადის. მისი წყალობით დღეს წალკაში ჩასვლა საათნახევარში ხდება. “ბატონებო, თქვენ არ უნდა ჭამოთ გზა! უნდა ჭამოთ ის, რასაც ეს გზა მოიტანს. “ – განაცხადა, რუსთავში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სტუმრობისას, ქვემო ქართლის გუბერნატრმა დავით კირკიტაძემ.
224 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რომელზეც აშშ-ს მთავრობამ და “ათასწლეულის განვითარების ფონდმა” 209 მილიონი დაიხარჯა, თეთრიწყაროსა და წალკაზე გაივლის. ორივე რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტი ტრანსფერით ივსება. როგორც მომაკვდავია სასუნთქ აპარატზე დამოკიდებული ასევეა ამ შემთხვევაშიც.
“ადგილობრივი შემოსავლები ძალიან მცირე გვაქვს. შესაბამისად – ძირითადად ტრანსფერზე ვართ დამოკიდებული. გასული წლის ბიუჯეტი 3 მილიონი გვქონდა და ვფიქრობ მომავლი წელსაც ასევე გვექნება. წალკაში კერძო ბიზნესი არ არის გავითარებული. დღეისთვის მხოლოდ “სანტეს” რძის ჩაბარების 4 პუნქტი გვაქვს, რომელიც მოსახლეობას ფინანსურად დიდ დახმარებას უწევს. ვფიქრობ, ახალი გზა, რომლის წყალობითაც დედაქალაქში საათნახევარში ჩავდივართ, რაიონს სერიოზულ ცვლილებებს მოუტონს. მოგეხსენებათ, წალკაში უხვმოსავლიანი ნიადაგია. მოსახლეობა სოფლის მეურნეობას მისდევს. ამ გზის წყალობით მათ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია გაუადვილდებათ” – ამბობს წალკის საკრებულოს თავჯდომარე, დავით მაჩიტიძე.
წალკის მოსახლეობა ახალ გზას ემადლიერება, თუმცა სოფლის მეურნების სამინისტროსგან ყურადღებას ითხოვს და წლების მანძილზე უცვლელ პრობლემებზე საუბრობს.
“ერთადერთი, რითაც თავს ვირჩენთ, მიწის დამუშავებაა, რაც ძალიან ძვირი გვიჯდება. სესხს არც ერთი ბანკი არ გვაძლევს, არ აქვს მნიშვნელობა, სახლ-კარს ჩავდებთ, თუ – ათასობით ჰექტარ მიწას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც, წესით, უნდა ზრუნავდეს გლეხებზე, არ ინტერესდება ჩვენი მდგომარეობით. აბა, აქ მე ქარხანას არავინ გამიხსნის და გამოდის, რომ ჩემი ოჯახი მუდამ სიღარებეში იცხოვრებს” – ამბობს ადგილობრივი ფერმერი ზვიად ილაური.
ბანკები სტაბილური შემოსავლების არმქონე პირებს სესხება არ აძლევენ. რუსთავის ერთ-ერთი ბანკის მენეჯერი პირად საუბარში შემდეგს გვეუბნება:
“როგორ ფიქრობთ, სესხის პირობების დარღვევის შემთხვევაში, წალკაში კლიენტის მიწა, ან სახლ-კარის როგორ უნდა გავყიდოთ?! ჯერ, ვინ შეაფასებს მის რეალუირ ღირებულებას? მეორე – როდის და, საერთოდ, თუ გამოუჩნდება მყიდველი? ასეთ რისკებზე ვერცერთი ბანკი ვერ წავა. ჩვენ არ ვართ, მხოლოდ სახელფასო სესხებს გასცემენ. თუ ოდესმე სოფლის მეოურნეობაში დაზღვევის სიტემა ამუშავდება და გლეხის მოსავალს დააზღვევენ, ან სახელმწიფო წაგვახალისებს ე.წ “გლეხის მხარდამჭერ ბანკებს”, კიდევ, შეიძლება მიდგომა შეიცვალოს”.
სოფლის მოსახლეობა, დიდი ფიზიკური შრომის მიუხედავად, წლების მანძილზე ვერ ახერხებს თავისი სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას. წალკის დაცარიელებული, ბოსლებად ქცეული სახლების სიმრავლეც, ალბათ, ამისი ლოგიკური გაგრძელებაა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი, რაიონებში მიწაზე მომუშავე გლეხების მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისი აზრით, მთავრობამ ეს ადამიანები იაფი რესურსებით უნდა უზრუნველყოს და შექმნას კონკურენტუნარიანი გარემო. ექსპერტი თვლის, რომ საქართველოში ადგილობრივი წარმოების პროდუქტი “ეფექტური ეკონომიკური საზღვრების დაცვის მექანიზმების’’ არარსებობის გამო, უცხოეთიდან შემოტანილ, ზოგ შემთხვევაში, ჯამრთელობისთვის საშიშ – გენმოდიფიცირებულ საკვებსაც ვერ უწევს კონკურენციას.
“სამწუხაროდ, ამ კუთხით, ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავ პრაქტიკულ ნაბიჯებს. ეს არც ბიუჯეტში არის ასახული. წინასაარჩევნოდ გააქტიურდებიან, დაიწყებენ სოფლის მეურნეობაზე და გლეხების პრობლემებზე საუბარს და შემდეგ ჩუმდებიან. ასევე ხდება უკვე წლების მანძილზე ვაზთან დაკავშირებითაც. ყურძნის ჩაბარების დროს ახმაურდებიან, იმის ნაცვლად, რომ სისტემურად იმუშაონ და ერთხელ და სამუდამოდ მიხედონ ამ საქმეს. შედეგად გვაქვს რა?! გლეხს ვაზის მოვლა იმაზე მეტი უჯდება ვიდრე რეალიზაციიდან შემოსული თანხაა.
რაც შეეხება, თბილისი-ახალქალაქის ახალ გზას, ბუნებრივია, ეს დადებითი მოვლენაა, მაგრამ ეკონომიკის ერთ-ერთი დამხმარე მექანიზმია. მხოლოდ მისი არსებობა, ვფიქრობ, დიდი ცვლილებების მომტანი არ არის. ეს, დაახლოებით, გასაკეთებელი საქმის 100%-დან 5%-ია. მხოლოდ, ამ ცვლილებით რაიონის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ვერ შეიცვლება“ - ამბობს გია ხუხაშვილი.
ქვემო ქართლის რეგიონის მიწები და უძრავი ქონება ჯერაც ნაკლებად ღირებული ქონებაა ბანკებისთვის. სახელმწიფომ ვერ შექმნა სოფლის მეურნობის გლეხზე და არა პიარზე ორიენტირებული პროგრამა. მიუხედავად ამისა, ახალ გზას ქვემო-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში დიდ იმედებს ამყარებენ. დიდია მოლოდინი იმისიც, რომ მას მალე ინვესტორები გამოყვებიან.