ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კორონავირუსის სულ 379 051 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსულ დაავადებას ქვეყანაში 4 142 ადამიანი ემსხვერპლა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა, ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს მიმართ აგრესიის ფორმებს აძლიერებს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი 12 ქართული სოფლის მიმდებარედ. ამის პარალელურად, რუსეთი ახალ მოთხოვნას აყენებს. რუსეთი მზად არის, „ღია ცის შეთანხმებასთან“ დაკავშირებული სადამკვირვებლო მისია დაუშვას კავკასიის საზღვრის გასწვრივ 10-კილომეტრიან ზონებში, თუკი საქართველო ნებას მისცემს რუსეთს, იფრინოს მის ტერიტორიაზე.
სერგეი ლავროვის უწყებაში წუხან, რომ საქართველოს მთელი ტერიტორია ხელმიუწვდომელია რუსეთის მისიისთვის - „ღია ცის შეთანხმება“ - ისევე, როგორც მრავალეროვნული მისიებისთვის რუსეთის მონაწილეობით.
კითხვაზე, რატომ არ უშვებს რუსეთი სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის 10-კილომეტრიან ზონებში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თავად შეკითხვა შეიცავს პრობლემას, რადგან ასახავს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“, როგორც საქართველოს რეგიონების დასავლურ გაგებას: „ამ გზით, პრობლემის სათავეს აქვს პოლიტიკური ხასიათი. აშკარაა, რომ პოლიტიკური უთანხმოება ვერ მოგვარდება „ღია ცის შეთანხმების“ დებულებების გათვალისწინებით. ეს ამას არ მოიცავს“.
ლავროვის უწყების საპასუხოდ ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ საქართველომ 2012 წელს შეაჩერა „ღის ცის შეთამხებით“ ნაკისრი ვალდებულება რუსეთთან. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა ყველა საერთაშორისო შეთანხმების, მათ შორის „ღია ცის შეთანხმების“ განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო.
„ჩვენ 2012 წლის შემდეგ ეს ხელშეკრულება გვაქვს შეჩერებული რუსეთთან მიმართებაში და არ ვუშვებთ ფრენებს, რომელიც უნდა განახორციელოს რუსთის ფედერაციამ საქართველოსთან მიმართებაში. ეს პოზიცია არაერთხელ იყო გაჟღერებული ვენაში ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფის ფარგლებში. იყო გაკეთებული საჯარო დამგმობი განცხადებები საქართველოს მხრიდან და ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან. ამ სიტუაციაშიც, ჩვენ ვართ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ასევე, გრძელდება კონსულტაციები ამ ხელშეკრულების მონაწილე სხვა ქვეყნებთან, რათა განვსაზღვროთ თუ როგორი იქნება ჩვენი შემდგომი მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
რუსეთი, რომ ძალის დემონსტრიების ახალ მეთოდს იყენებს, ამაზე აშშ-ის საელჩოც საუბრობს. საელჩო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა.
„ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი 12 ქართული სოფლის მიმდებარედ.
ამერიკის შეერთებული შტატები არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა“, - ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის განუკითხავი ქმედებები მთელი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის საფრთხის შემცველია, მაგრამ საქართველოსთვის ამ თემას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ვოლსკის შეფასებით, რუსეთი არის აგრესიული ძალა და ამ ვითარებაში, როდესაც შიგნით პრობლემები დაუგროვდა, დიდი ალბათობით, რუსეთს შეუძლია ეს აგრესია გარეთ გადმოიტანოს.
„რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხასიათი არ შეცვლილა. ზოგადად, საფრთხეები საკმაოდ ბევრია, მაგრამ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის განუკითხავი ქმედებები არის მთელი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის საფრთხის შემცველი, მაგრამ ჩვენთვის ამ თემას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, როდესაც აშშ მხარს გიჭერს პოლიტიკურად და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არდაშვებამ განაპირობა აშშ-ის შესაბამისი ნაბიჯები.
ეს უკვე დიდი თემაა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. დანარჩენი უკვე მოლაპარაკების საგანია. საქართველოს დესტრუქციული პოლიტიკა არ ექნება. ჩვენ დესტრუქციულ პოლიტიკას არასდროს დავიჭერთ, მაგრამ ფაქტია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, ამ შეთანხმების პრიზმაში თუ განვიხილავთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძარაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ საქართველო ვერანაირ დათმობაზე ვერ წავა იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე ჩვენი სუვერენული უფლების დათმობას და ასევე, არღვევს იმ ხელშეკრულების პირობებს, რომელიც გაფორმდა 2008 წელს. სამადაშვილის თქმით, 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიენიჭა მანდატი, იმოქმედოს საქართველოს სრულ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა უკვე წლებია, რუსეთი მას ამის საშუალებას არ აძლევს.
„ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო ვერანაირ დათმობაზე ვერ წავა. ეს არის პრინციპული საკითხი, რუსეთმა ძალიან კარგად იცის ეს და უკვე 12 წელია არ აძლევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატის სრულ ფარგლებში ფუნქციონირების შესაძლებლობას. მინდა ვთქვა, რომ არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა, რომ ეს ვითარება შეცვლილიყო“, - აცხადებს სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კრემლის შესაძლო ახალ აგრესიაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა „Financial Times“-თან საუბრისას. სალომე ზუბარიშვილი მიუხედავად პანდემიური კრიზისისა, ევროკავშირის ლიდერებს უფრო მჭიდრო კავშირისკენ მოუწოდებს. გამოცემის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი გაფრთხილებას იძლევა, რომ რუსეთის მიერ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ბრძოლა და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია ნავთობის ფასების დაცემით, შეიცავს რისკს გამოიწვიოს კრემლის ახალი აგრესია მის საზღვრებს გარეთ.
პრეზიდენტის მოსაზრებას იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, გამორიცხული არ არის, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ რუსეთმა ამ მდგომარეობაში იარაღს მოჰკიდოს ხელი, თუმცა თვლის, რომ გააგრძელებს წვალების პროცესს, რაც გამოიხატება ბორდერიზაციაში.
„რასაც ბოლო ხანებში ვუყურებთ, რუსეთმა აგრესიის სტილისტიკას მეტ-ნაკლებად უღალატასავით. ისე ხშირად არ იყენებს. უკრაინაში გრძელდება პრობლემური სიტუაცია, რუსეთი ცდილობს იყოს ორი რეგიონის ჩრდილში, მაგრამ პოლიტიკურად ძვირი უჯდება უკრაინის მიმართულებით ძალის გამოყენება, რაც მერე ეკონომიკურ გაძვირვებაში გადავა.
ამ პანდემიის ფონზე, არ მეგონა, რომ საქართველოსთვის მოიცლიდა. როგორც ჩანს, კუდიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს. რუსეთი სწორედ იმაზეა გამწარებული, რომ საქართველომ მოუარა იმას, რასაც ვერ მოუარა რუსეთმა - არ არის გამორიცხული, რომ ნახევარად ხუმრობით ნათქვამი ეს ფრაზა, ტყუილი იყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგის შეფასებით, მიზეზები უფრო სერიოზულია და დევს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის გამწვავების ზონაში, დაწყებული საჰაერო სივრცით, დამთავრებული იმ საკითხით, რომელზეც ამერიკის საელჩომ ისაუბრა და ეს არის ბორდერიზაციის საკითხი.
„იცით, რა არის, რუსეთმა მწვავედ გამოავლინა ერთი თვისება, როდესაც ცხენს ვერ ერევა, უნაგირს ურტყამს და ამ შემთხვევაში უნაგირი ჩვენ ვართ. ეს თვისება გამოავლინა 2008 წელს, როდესაც ევროპისა და ამერიკის პოზიცია ვერ შეცვალა კოსოვოსთან დაკავშირებით. რახან მათზე ვერ მოახდინა გავლენა, საპასუხოდ გადაწყვიტა, რომ აფხაზებისა და ოსების ხელით გაეკეთებინა ისე, რომ მათი დამოუკიდებლობამდე მიეყვანა საკითხი, რასაც მიაღწია კიდეც, მით უფრო, რომ საქართველოდანაც ხელს უწყობდნენ ზოგიერთები. ეს ფაქტი მაგალითად ავიღე იმისათვის, რომ თუკი ამერიკასთან გაურთულდება მდგომარეობა, ის აუცილებლად დაიწყებს ამერიკის პარტნიორი ქვეყენების წვალებას და ეს გასაკვირი არც უნდა იყოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც რუსეთი ბოლო ორი კვირაა ახორციელებს, ზეწოლის მექანიმია, რომ საქართველო წამოიყვანოს თავისთვის სასარგებლო გარიგებაზე, რაც არის ძალის დემონსტრირება.
„უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთში არის სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ინტერესებს ატარებენ. საინტერესოა, ვინ არის ამ ყველაფრის ავტორი. საქართველოში ამბობენ, რომ პუტინს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია. ამას წინათ კანონპროექტი ვერ გაიტანა დუმაში, იმდენად ძლიერია რუსეთში ლიბერალების კლანი.
რუსეთში რთული პროცესი მიდის, ბრძოლა ლიბერალებსა და პუტინის ძალებს შორის. რთული პერიოდია და საქართველოს მართებს ძალიან ფრთხილი ქმედებები. რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის ქონა, კულისებს მიღმა იხატება ეს პროცესები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰქონდეს ინფორმაცია, რომ გადადგას სწორი ნაბიჯები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
რაც შეეხება „ღია ცის შეთანხმებას“ თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ამერიკა გამოდის ამ ხელშეკრულებიდან, ისევე როგორც ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და კონცენტრირებულია ამერიკის საშინაო პრობლემებზე. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, იგივე მიმართებაა ევროპა, რასაც რუსეთი ხედავს.
„ახლა ამერიკას აქვს დაღმასვლის ციკლი, ამიტომ შეიძლება ტაიმ-აუტს იღებს იმისთვის, რომ მოიკრიბოს ძალები, რადგან ასეთ ვითარებაში აღარ ყოფნის რესურსი, რომ იყოს ერთადერთი ჰეგემონი მსოფლიოში, როგორც ეს იყო ცივი ომის დასრულების შემდეგ. ძალიან კარგი მაგალითია ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებიც და ჩინეთი არის ე.წ. ჩელენჯერი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის აშშ-ს და შემთხვევითი არ არის ტრამპის დამოკიდებულება ჩინეთისადმი.
რაც შეეხება საქართველოს, სააკაშვილი იძახის, რომ ანტირუსია, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი რუსეთის სასარგებოლოდ გადაწყვიტა. სააკაშვილმა გააკეთა ისე, რომ რუსეთთან სავაჭრო არაფერი გვაქვს. ამიტომ აყენებს რუსეთი ასე საკითხს. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია რა პოზიციას დაიჭერს აშშ და ევროპა. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ახალი წესრიგის ფორმირების პროცესი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, რამდენიმე წელიწადში მსოფლიო წესრიგის სტრუქტურაში აბსოლუტურად სხვა გადანაწილებას მივიღებთ. ამ პერიოდში საქართველო უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რაც შეიძლება ნაკლებად წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდეს“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მოთხოვნა, რომელსაც რუსეთი აყენებს, კარგად შენიღბული ნაღმია. მისი თქმით, რუსეთის მოთხოვნა პირდაპირ კავშირშია ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებასთან, რომელიც გამოდის „ღია ცის შეთახმებიდან“.
„ამერიკელები ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ რუსეთი არ აძლევს საშუალებას ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის თავზე განახორციელონ სადაზვერვო ფრენები. ფაქტიურად, კრემლმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები გადააქცია თეთრ ლაქად, სადაც ისინი არავის უშვებენ, სადაზვერვო ფრენებსაც კი.
რამდენადაც ვიცი, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიწყეს აეროკოსმოსური საშუალებების შეტანა. დიდი ალბათობაა იმისა, რომ გადააქვთ ახალი ტიპის მოდერნიზებული იარაღები, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულების, რომელთა გამჟღავნება არ უნდათ. მაგალითად, გუდაუთის აეროდრომზე განთავსებულია „მიგ-29“, რომელსაც შეუძლია ატაროს ზებგერითი ფრთოსანი რაკეტები და ეს არის ახალი ტიპის შეიარაღება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.