ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის პირველი ავტორი, კანონის მიღებას არ ეთანხმება

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის პირველი ავტორი, კანონის მიღებას არ ეთანხმება

ნარკოტიკური ნივთიერების პირადი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შესაძლოა გაუქმდეს და მოხმარებისთვის სახელმწიფო მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შემოიფარგლოს. გადახდილი ჯარიმის თანხის ოდენობით კი, სახდელდადებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მკურნალობის კურსი შესაბამის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში გაიაროს.

ეს რეგულაციები საკანონმდებლო პაკეტში გაერთიანებული კანონპროექტებით - „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, „სისხლის სამართლის კოდექსი“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შემოდის, რომლის ინიციატორი უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილია. კანონმდებლის მიერ მომზადებული ცვლილებებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უქმდება - იძულებით მკურნალობისთვის თავის არიდებისა და პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის.

ამასთან, ცვლილება ეხება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის დაწესებულ სანქციებს.

კერძოდ,  „ადმინისტრაციული კოდექსის“ 45-ე მუხლი ახლებურად ყალიბდება, რომლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საქმის ოდენობამდე, საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების მიზნის გარეშე, უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას - 600 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისთვის ორჯერ ან მეტჯერ შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი დაჯარიმდება 3 500 ლარის ოდენობით ან შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით, 300-600 ლარიანი ჯარიმებისგან თავისუფლდება პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის გარეშე. რაც შეეხება 3500 ლარიან ჯარიმას, ამ ჯარიმის გადახდისას, სახდელდადებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა  მკურნალობის კურსი შესაბამის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში გაიაროს.

პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიგი წერეთელმა ექსპერტებთან ერთად საკანონმდებლო პაკეტიც მოამზადა, თუმცა, მთავრობასთან არსებული წინააღმდეგობის გამო, პროექტის მიღება არ მოხდა. ახალ პროექტთან დაკავშირებით კი, წერეთელი აცხადებს, რომ მისი ოპონენტის მიერ მომზადებული პაკეტი ძველი პროექტის თითქმის იდენტურია. წინა ხელისუფლების პირობებში, თუ რატომ არ მოხდა ცვლილებების მიღება? For.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი წერეთელს ესაუბრა:

რა განსხვავებაა ძველსა და ახალ საკანონმდებლო პაკეტებს შორის?

- მათ შორის დიდი განსხვავება არ არის. შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტები თითქმის იგივეა. პროექტებს თუ თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ ბევრი რამ იდენტურია. შესაძლოა რომელიმე კანონში ცვლილების შეტანა ვინმესთვის  პოლიტიკური აქტიობა იყოს და ცვლილების ავტორად თავისი გვარი მიუთითოს, მაგრამ საზოგადოებამ იცის, რომ პირველი ადამიანი ვიყავი, რომელმაც ვთქვი, რომ ნარკომომხმარებლები მხოლოდ საპატიმროებში არ უნდა მიდიოდნენ. სწორი იქნებოდა თუ წინასწარი კონსულტაცია გაიმართებოდა, მაგრამ ქვეყანა კონფრონტაციულ ვითარებაშია, აგრესიული ფონია შექმნილი და შესაბამისად, საკითხებზე ერთობლივი მსჯელობა ვერ ხერხდება. ახლა დაკავებულნი ვართ - ახსნა-განმარტებებით, ბრალდებებით, მათი მოგერიებით და იმით, თუ ვინ უნდა იყოს დაკავებული და დაკითხული.

თუმცა, თქვენი პროექტის პარლამენტში წარდგენა 2007 წელს მოხდამისი ეტაპობრივი განხილვა ხდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, კანონპროექტი დიდი ხანი თაროზე იყო შემოდებული და მისი დამტკიცებაც არ მოხდა. რატომ?

- არაფერი არ იყო თაროზე შემოდებული, მას ეტაპობრივად ვიხილავდით და ამ პროცესში, ის ადამიანები იყვნენ ჩართულნი, რომელთაც ეს ცვლილებები ჩემთან ერთად მოამზადეს. ასევე შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან იმართებოდა. პროექტი შარშანაც განვიხილეთ. ჩვენი ინიციატივის ძირითადი არსი ის იყო, რომ ჯარიმებისგან შემოსული თანხები თავად ნარკომომხმარებელთა მკურნალობას უნდა მოხმარებოდა. მიმაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, დეტალები სერიოზულად არის ასაწონ-დასაწონი, რადგან სრული დეკრიმინალიზაცია ქვეყანაში ნარკოტიკების შემოდინებას გამოწვევს. დეკრიმინალიზაციისთვის გარკვეული ეტაპია გასავლელი, რადგან  დეკრიმინილიზაცია პასუხისმგებლობისგან სრულ გათავისუფლებას არ ნიშნავს.

ანუ, ფიქრობთ, რომ ამ ეტაზე, ქვეყანა ამ ცვლილებების მიღებისთვის მზად არ არის?

- ამ ეტაპისთვის სჯობს, რომ ეს კანონპროექტი არ იყოს მიღებული, რადგან თავდაპირველად, პრევენციისა და მკურნალობის საშუალები უნდა შევქმნათ. სწორედ ეს პრინციპი იყო ჩადებული ჯარიმებიდან შემოსულ თანხებში. კერძოდ, ეს თანხები ცენტრების მშენებლობაში უნდა წასულიყო, ამასთან დაკავშირებით, მთავრობასთან მოლაპარაკება იყო და ბაზალეთის ცენტრის მშენებლობაც უკვე დაწყებულია. გვსურდა, რომ ასეთი სიმძლავრეები შექმნილიყო და ვისაც დახმარება დასჭირდებოდა, ამ ცენტრებს მიმართავდა. მომხმარებლისთვის ჩიხი არ არის გამოსავალი. მართალია გასინჯვა ცუდია, მაგრამ ადამიანი ერთხელ თუ შეცდა, ის საპატიმროში არ უნდა აღმოჩნდეს და საპატიმროს გარდა, სხვა სასჯელები უნდა არსებობდეს. ფაქტია, რომ ძალიან მკაცრი სასჯელების დროსაც, გარკვეული ნაწილი არალეგალურ სექტორში გადადის, რადგან ზოგიერთი კუსტარულ ნარკოტიკებს იკეთებს, რაც სიკვდილიანობის, ინვალიდობისა  და ვირუსების გადასვლის რისკებს ზრდის.

თქვენი პროექტის ეტაპობრივი განხილვა მართლაც ხდებოდა, მაგრამ პარლამენტი ხელშესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერიზაციას ძალოვანი უწყებები ეწინააღმდეგებოდნენ. საუბარი იყო იმაზეც, რომ თქვენს პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოკავდა. მთავრობასთან წინააღმდეგობას აწყდებოდით?

- შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას თავისი შეხედულება ჰქონდა, რადგან ნარკოვითარებაზე ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი და არა დეპუტატები. ამიტომ, ამ საკითხს, გაგებით ვეკიდებოდით და ახალ მთავრობასაც ექნება თავისი მოსაზრებები, რადგან ეს გადაწყვეტილება თუ არ იქნა აწონილ-დაწონილი, შეიძლება ცვლილებებმა ძალიან მძიმე შედეგები მოიტანოს. ამ საკითხის განხილვაში აქტიური მონაწილეობა  სამართალმადცავებმა უნდა მიიღონ, რადგან ამ საქმეში, მათ დიდი ფუნქცია აქვთ და კრიმინოგენული ვითარების თავიდან აცილება მათი ინტერესია. ეს თემა საფრთხილოა, რადგან ნარკოტიკებთან დაკავშირებით, საზოგადოებას  მძიმე ისტორიები ახსოვს. იყო პერიოდი, როდესაც, ყველა ქუჩის მოსახვევში ნარკოტიკს ყიდნენ და ეს პერიოდი აღარ უნდა დაბრუნდეს. ინიციატივის მარტო იმისთვის გასროლა, რომ თემები შემოყარონ, საზოგადოება ამაზე გადაერთოს და ხელისუფლებას თავისი დაპირებების შესრულება დაავიწყდეს, ეს მიუღებელია.

ნარკომოხმარების კუთხით, რა ვითარებაა, სტატისტიკის შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას?

- სტატისტიკა არ ვიცი, თუმცა, მოარული ხმები ამბობენ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები გამოჩნდა. არ ვთვლი, რომ ამ მოკლე პერიოდში, ვითარება დრამატულად შეიცვლებოდა, მაგრამ ამბობენ, რომ სიტუაცია გაუარესდა.

პარლამენტში პროექტზე მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება. განხილვებში თუ ჩაერთვებით და თქვენი წინადადებები რაში მდგომარეობს?

- სამკურნალო დაწესებულებები უნდა არსებობდეს. იმ ადამიანების საქმეები უნდა გადაიხედოს, რომლებიც მცირე დოზის გამო საპატიმროებში სხედან. შესაძლოა ისინი   ამნისტირების პირობებშიც გათავისუფლდნენ, თუ არა და მათი საქმეები უნდა გადაიხედოს. ამასთან, უნდა ვიმსჯელოთ ადმინისტრაციული სასჯელები ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებაზე უნდა იყოს თუ მსუბუქზე, როგორიც არის მარიხუანა. ასევე უნდა დავაკონკრეტოთ თუ რას ნიშნავს პირადი მოხმარება, რადგან შესაძლოა, ვინმეს ნარკოტიკი ჯიბეში ჰქონდეს და თქვას, რომ ჩემთვის მინდაო, არადა ყიდდეს. ნარკობიზნესი დიდი ინდუსტრიაა, რომელიც ქვეყნებს იმის მიხედვით არჩევს რამდენად ლიბერალური კანონმდებლობაა ამა თუ იმ სახელმწიფოში.