სერგეი ლავროვის უწყება აშშ-ს საქართველოს ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და ლაბორატორიის საქმიანობაზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ოკუპანტი ქვეყანის საგარეო უწყებაში ამტკიცებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის საწინააღმდეგო საქმიანობა მიმდინარეობს. კრემლი ამტკიცებს, რომ ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდებოდა კვლევები მწერების გამოყენებით, როგორც განსაკუთრებულად საშიში ბიოლოგიური აგენტების და ინფექციების გამომწვევების გადამტანებზე.
ამასთან, რუსეთის დიპლომატიური უწყება წუხს იმაზე, რომ აშშ ლაბორატორიაში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით მათ ინფორმაციას არ აწვდის. ოკუპანტი სახელმწიფოს დიპლომატიური უწყება ირწმუნება, რომ აშშ-მა უკვე დააპატენტა უპილოტო საფრენი აპარატი დაინფიცირებული კოღოების ჰაერში გავრცელებისთვის. ამასთან გაცემულია პატენტი ტოქსიკური ნივთიერებებით ან ინფექციური აგენტებით აღჭურვილ საბრძოლო მასალაზე.
„კიდევ ერთხელ გვიწევს ვაშინგტონის ფარისევლური პოზიციის კონსტანტირება, რომელიც ფორმალურად ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის მხარდამჭერია, მაგრამ ამასთან 2 ათეული წელია აგრძელებს შემოწმების ეფექტური მექანიზმის იურიდიულად სავალდებულო პროტოკოლის მიღების დაბლოკვას.
გაურკვეველია, რა უშლის ხელს აშშ-ს დათანხმდეს პროტოკოლით შემოთავაზებულ გადამოწმებაზე, თუ როგორც ის ირწმუნება, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის საწინააღმდეგო არანაირ საქმიანობას არ აწარმოებს. მით უმეტეს, ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ გადამოწმება სახელდება, როგორც იარაღის კონტროლის ნებისმიერი ეფექტური ხელშეკრულების ძირითადი ელემენტი“, - აღნიშნულია სერგეი ლავროვის უწყების განცხადებაში.
რუსეთი, ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებას ითხოვს, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე, გარდა ცენტრში აკრედიტებული პენტაგონის თანამშრომლებისა. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას ვაშინგტონთან და თბილისთან, რომ ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ პასუხი მიიღონ.
რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასმა მიუღებელია ოფიციალური თბილისისთვის. საგარეო სამეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციის მონაწილე. ამ კონვენციის ფარგლებში, არანაირი ვალდებულება რუსი სპეციალისტების ორმხრივად მოწვევის შესახებ საქართველოს არ აქვს. მისი თქმით, საქართველო თანახმაა, ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების მიღება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს.
„ლუგარის ცენტრი არის ის მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელმაც ფასდაუდებელი როლი შეასრულა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ფასდაუდებელია ის საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს. ის არის არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილი, არამედ ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი. საქართველო არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციის მონაწილე, რომლის ფარგლებში შექმნილია ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ცენტრის გამჭვირვალობას.
ამ თვალსაზრისით, ჩვენ 2018 წელს საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, მოვიწვიეთ, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა და თვალნათლივ ენახათ, რას წარმოადგენს ეს ცენტრი. სამწუხაროდ, მათ ამაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი იურიდიული ვალდებულება არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, კიდევ ერთხელ მზად ვართ, რომ ისინი დავპატიჟოთ და კიდევ ერთი ახალი წვრთნა ჩავატაროთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ორმხრივად კი ეს არ განხორციელდება. ამ კონვენციის ფარგლებში არანაირი ვალდებულება მათი ორმხრივად მოწვევის შესახებ ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსულ მხარეს ურჩევს ჩამობრძანდნენ და ნახონ როგორ მუშაობენ. მისი თქმით, სპეკულაციურ აზრებს საფუძვლად უდევს პოლიტიკური სარჩული, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას უკავშირდება. როგორც გამყრელიძე აცხადებს, რუსეთის ერთ-ერთი თეთრი შური ისაა, რომ ვიდრე ლუგარის ცენტრში ზოგიერთ ინფექციაზე კვლევის შესაძლებლობა იქნებოდა, რუსეთში ხდებოდა გაგზავნა.
„ამას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს და ის, თუ რატომ არის საქართველოს მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები. დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორია აშშ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, რომ ასეთი უზარმაზარი დახმარება გაუწია ქვეყანას. არ მინდა ამაზე ღია ეთერში საუბარი, იცით, ხომ, რა ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იგივე იმ ქვეყანაში, რომელიც ლუგართან დაკავშირებით ბრალს გვდებს.
რუსეთი მესამეა დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. პირიქით, ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენჯერმე შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე მუშაობა, ნამყოფი არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ლუგარის ცენტრის ყველა ლაბორატორია, არაფერი დამალული არაა. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე,“ -აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვება მიუღებელია ოპოზიციისთვის. რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთი ითხოვს ექსკლუზიურ უფლებას, რომ მარტო შევიდნენ ლუგარის ლაბორატორიაში. მისი თქმით, ამ ლოგიკით მაშინ საქართველოს ინსპექტირება უნდა ჩაატარებინონ ვლადიმერ პუტინის კაბინეტში, სადაც ატომური ბომბი უდევს და ჩანთა, სადაც წითელი ღილაკია და შეიძლება, ერთი ხელის დაჭერით მსოფლიო ააფეთქოს. დეპუტატი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის ექსკლუზიური დაშვება კაპიტულაცია იქნება და საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩააყენოს საქმის კურსში.
„აი, ვითხოვთ ჩვენ, რომ კრემლში შეგვიშვან პუტინის ინსპექტირებისთვის. სისულელეა ეს, მეტი არაფერი. რუსეთის მონაწილეობა ექსკლუზიურად მარტო, დაუშვებელია და ეს იქნება კაპიტულაცია რუსეთის წინაშე. თუ სხვებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ვინაიდან რუსეთი ბედავს და თავხედურად ცდილობს ისევ ლუგარის თემის წამოწევას, ეს არის საკუთარ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ სიძულვილის გაღვივების ფორმა და ჰიბრიდული ომის ნაწილი. უნდა გავუკეთოთ სრული იგნორორება და მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ამ ფორმით აშანტაჟებს საქართველოს რუსეთი და ეს არის ზემოქმედების ერთ-ერთი სახე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ სავსებით დასაშვებია რუსი ექსერტების ლუგარის ლაბორატორიაში დაშვება, რადგან, მისი თქმით, 2018-2019 წლებში ქართველი და რუსი ჟურნალისტების მონაწილეობით ლაბორატორიაში მოეწყო ტური, რისი საშუალებით იხილეს, რომ ლაბორატორიაში არანაირი საიდმულო არ არსეობს.
„რითი არის განპიროვნებული რუსეთის ასეთი ქმედება, ამას ორი მიზეზი აქვს, რომელიც უნდა გამოვყოთ. რუსეთი არის ახალ ცივ ომში აშშ-თან. კორონავირუსის ფონზე ცივი ომი კიდევ უფრო გაიზარდა და საკმაოდ საშიში ფორმები მიიღო. უფრო მეტიც, ამერიკამ ცივი ომი გამოუცხადა ჩინეთს. ფაქტიურად, ამერიკა ორ ფრონტზე იბრძვის.
ვიცით, რომ რუსეთი არის გაიძვრება, ვერაგი მტერი, მას გეოპოლიტიკური ვერაგობის 600-წლიანი გამოცდილება აქვს და საკამოდ გამოცდილი მტერია. რუსეთი ბრალდებას უყენებს ლუგარის ლაბორატორიას და ყოველთვის ცდილობდა, რომ გამოეყენებინა ლუგარის ლაბორატორია და სულელური განცხადებებით განეხორციელებინა ჩვენზე დამატებითი ზეწოლა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, დღეს, რუსეთი ლუგარის ლაბორატორიას იყენებს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ამას ადასტურებს ისიც, რომ ბოლო დღეების განმვალობაში, კიდევ უფრო გააძლიერეს ზეწოლის ფორმები და უკვე აგრესიულ ფორმებზე გადმოვიდნენ.
„ვირსუსის გავრცლების მხრივ უმძიმესი ვითარებაა ჩრდილოეთ კავკასიაში - ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა. როგორც ირკვევა, კადიროვიც კი კორონავირუსით არის ინფიცირებული, თუმცა ამ ინფორმაციას მალავენ. ამიტომ, რუსეთი ცდილობს, ვირუსის გავრცელება გადააბრალოს ლუგარის ლაბორატორიას და ეს გასაგებია“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
ტვინი არაააქვთ ტვინი.....