„ჩანს, თითქოს რუსეთმა [საქართველოსთან მიმართებით] წინ გადადგა ნაბიჯი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არაა, - ასე გამოეხმაურა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები 10 - კილომეტრიან ზონებში.
„ვიცით, რომ თუ რატომ არ აძლევს საქართველო რუსეთს უფლებას, გადავიდეს მის დადგენილ საზღვარზე, რადგან რუსული სამხედროები არალეგალურად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე უნებართვოდ ყოფნა შესაძლოა, რუსეთის მიერ არასწორად იყოს გამოყენებული. ასევე, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ „ღია ცის ხელშეკრულება“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას გულისხმობდეს. ამ ნაბიჯმა კი, შესაძლოა, ეს გამოიწვიოს. რუსეთის წინადადება ისე მოსჩანს, თითქოს რუსეთი „ღია ცის ხელშეკრულების“ შესრულების გზას ადგას, მაგრამ სინამდვილეში ეს კიდევ უფრო გაამყარებს რუსეთის არაკანონიერ ქმედებებს საქართველოში“ - აცხადებს აპატურაი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი მზად არის ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები დაუშვას 10-კილომეტრიანი ზონის გასწვრივ, თუ საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსეთს ფრენების ნებართვას მისცემს.
22 მაისს აშშ-მა ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლა გამოაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ თავისი საზღვრის გასწვრივ, 10-კილომენტრიანი დერეფნის ფარგლებში და ამგვარად ცდილობდა, გამოეთქვა ყალბი პრეტენზია, თითქოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.