კახა კალაძის იდეამ, შაბათ-კვირას ავტომობილების აკრძალვის შესახებ საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კორონავირუსის პიკის პერიოდში, როდესაც ხალხი სახლში იყო გამოკეტილი და მანქანები არ მოძრაობდნენ, დედაქალაქის მერს მოეწონა ე.წ. საცობებისა და გამონაბოლქვებისგან გასუფთავებული ქალაქი და რჩევასავით იკითხა, ხომ არ გვეფიქრა კერძო ტრანსპორტის აკრძალვაზე კონკრეტულ დღეებში. მართალია, კახა კალაძეს ეს შეთავაზება აღარ გაუმეორებია, მაგრამ გამორიცხული არ არის, სამომავლოდ მერიამ „უიკენდებზე“ სცადოს ამ პრაქტიკის დანერგვა დედაქალაქში, რაც უცხოეთის სხვა ქალაქებშიც აპრობირებულია.
კახა კალაძეს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების აზრი აინტერესებდა და ხალხმაც არ დააყოვნა, ზოგმა მოიწონა, ზოგმა დაიწუნა მისი შეთავაზება:
„გაუსწორდათ საშვიან ბიჭებს ცარიელ ქუჩებში გონკაობა“;
„მანქანებს კრძალავთ, რომ თვითონ საშვებით იგულაოთ, არა?“;
„მთელი კვირა რომ სამსახურში გდიხარ და შაბათ-კვირას საყიდლებზე და ათას რამეზე ხარ გასასვლელი, ჩანთები და სიმძიმეები რომელი ტრანსპორტით უნდა ათრიო?!“
„ბიჭო, თქვენ ხომ არ „გძმარავთ“, რავა სულ აკრძალვა გაკერიათ პირზე?!“
„გადახედეთ სხვა ხალხს, როგორ არსებობს უმანქანოდ? ნუთუ ყველა მანქანით დაიბადეთ?“
„ავტომობილით არავინ დაბადებულა, მაგრამ, თუ თანამედროვე ტექნოლოგიები არ გინდა, შეგიძლია უარი თქვა და გადაცხოვრდე საქართველოს მაღალმთიან სოფლებში, სადაც ელექტროენერგიაც არაა, ავტომობილებიც ნაკლები იქნება“;
„მანქანების აკრძალვის იდეის განხორციელება მთავრობამ დაიწყოს იმით, რომ ველოსიპედებით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით თავადვე დაიწყონ გადაადგილება“;
„სწორედ სამუშაო დღეებში ნაკლებად უნდა იარონ მანქანებმა, ევროპის ქალაქების მსაგვსად განავითარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შაბათ-კვირას კი საკუთარი მანქანებით ქალაქგარეთ გავა ხალხი.“
გარემოს დამცველები ადასტურებენ, რომ ჩვენს დედაქალაქში ტრანსპორტის აკრძალვის პერიოდში ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი დამაბინძურებელი (აზოტის დიოქსიდი) კლების ტენდენციას განაგრძობდა. აღსანიშნავია, რომ აზოტის დიოქსიდი ძირითადად საავტომობილო ტრანსპორტის გამონაბოლქვის შედეგად იფრქვევა. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ჰაერის დაბინძურების ავტომატური მონიტორინგის გზისპირა სადგურებზე, რომლებიც საავტომობილო გზების გასწვრივაა დამონტაჟებული და, სადაც მარტის შუა რიცხვებიდან აზოტის დიოქსიდი ყველაზე დაბალ ინდექსზე ჩამოვიდა. რუსთაველის გამზირზე კი, სადაც წლის განმავლობაში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია „ძალიან ცუდი“ იყო და ოთხივე სეზონზე წითელ ფერს ინარჩუნებდა, ტრანსპორტის აკრძალვის პერიოდში ცისფერ ინდექსზე, ანუ „ძალიან კარგ“ ნიშნულზე ჩამოვიდა.
„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ჰაერის ხარისხის შენარჩუნებისთვის კახა კალაძის ინიციატივას ტრანსპორტის შემცირების შესახებ იწონებს. თუმცა დასძენს, რომ კალაძის ინიციატივის ცხოვრებისეულად გადააზრება რთული იქნება.
„შესაძლოა, დაინერგოს ტენდენცია, რომ თვეში ერთი დღე, მაგალითად, თვის პირველი კვირა დღე იყოს ავტომობილის გარეშე. ეს ტენდენცია ბევრ ქალაქშია. შეიძლება ამ იდეის განხორციელება ცენტრალური ქუჩებიდან, ტურისტული ზონებიდან, ძველი უბნებიდან დავიწყოთ. მე თუ მკითხავთ, ასეთ უბნებში არც უნდა იყოს გადაადგილება ავტომობილით. თუმცა უნდა ვნახოთ, როგორ მიიღებს ამას ხალხი, ჩვენი მოქალაქეების მზაობა როგორია. რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს და არ უნდა ფერხდებოდეს მგზავრი, თუკი კვირა დღეს სურს გადაადგილება. ამიტომ ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა მოვაგვაროთ და შემდეგ ამ ტიპის შეზღუდვები დავაწესოთ“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი For.ge-სთან საუბრისას.
„Hub Georgia“-ს დამფუძნებელი ვასილ ურუშაძე მიიჩნევს, რომ კახა კალაძის ინიციატივები უკვე კომიკური ხდება.
„ავტომობილებით გადაადგილება კი არ უნდა შევზღუდოთ, არამედ იმგვარად უნდა განვავითაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქში გადაადგილება უფრო მეტად სასიამოვნო, კომფორტული და იაფი იყოს, ვიდრე პირადი ავტომობილით. მხოლოდ ამით შეგვიძლია შევამციროთ ავტომობილების რაოდენობა ქალაქში. რაც შეეხება ცენტრალურ ტურისტულ უბნებს, ამ ზონებში ამ პრაქტიკის დანერგვა შესაძლებელია და ეს ადაპტირებულია მთელ მსოფლიოში. ეს შეიძლება იყოს ისეთი უბნები, სადაც ქვეითთა ტრაფიკი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ავტომობილების. ასეთი სივრცეები თუნდაც შაბათ-კვირა შეიძლება დაეთმოს ქვეითად მოსარგებლეებს. კონკრეტულად ვგულისხმობ ლესელიძის ქუჩას, თუნდაც რუსთაველის გამზირს, ეს შეიძლება იყოს ახალი აღმაშენებლის გამზირის ნაწილი, მშრალი ხიდი, ორბელიანის მოედანი, რიყის მოედანი. ყოველ შაბათ-კვირას ამ ტერიტორიაზე შეიძლება შეზღუდული იყოს ავტომობილებით გადაადგილება და მოეწყოს სხვადასხვა საფესტივალო ღონისძიებები. ადამიანებს შეეძლებათ, ველოსიპედებით, ფეხით, თუ სხვა ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით იმოძრაონ ამ ქუჩებზე“,-აცხადებს ვასილ ურუშაძე For.ge-სთან საუბარში.