რამდენიმე კვირის წინ გათავისუფლებული ნორა კვიციანი და სხვა ყოფილი პატიმრები, რომლებიც თავს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ, ბიძინა ივანიშვილს და დავით უსუფაშვილს ნასამართლეობის სტატუსის მოხსნას სთხოვენ.
ამის შესახებ ერთობლივი განცხადება ნორა კვიციანმა, ზაზა დავითიამ, მაია თოფურიამ, ტარიელ კამკამიძემ, კახა ქანთარიამ, ვახტანგ ნარსიამ გააკეთეს. განცხადებას, ასევე, უერთდებიან ირაკლი ბათიაშვილი, თემურ ჟორჟოლიანი და ცოტნე გამსახურდია.
ყოფილი პატიმრები უსამართლობად აღიქვამენ იმას, რომ ახალმა ხელისუფლებამ, განსხვავებით პარლამენტის მიერ აღიარებული პოლიტპატიმრებისგან, ნასამართლეობის სტატუსი მათაც არ მოუხსნა.
„ჩვენი ბრალი არ არის, რომ იქამდე გავთავისუფლდით, სანამ პარლამენტი პოლიტიპატიმართა 190-კაციან სიას დაამტკიცებდა,“ - აცხადებს უფლებადამცველი და ჟურნალისტი ზაზა დავითია.
მისივე თქმით, 190 კაციან სიაში მოხვდნენ ისეთებიც, რომლებიც ნაკლებად იმსახურებდნენ მასში მოხვედრას. ამ დროს კი პირადად მას და სხვა პოლიტპატიმრებს პირად საქმეში ნასამართლეობა უწერიათ, რაც ხელს უშლით გარკვეულ ურთიერთობებში. კონკრეტულად, ზაზა დავითაია აღშფოთებულია იმის გამო, რომ მე-4 მუხლი, რომელიც რეაბილიტაციასა და სტატუსის მინიჭებას უზრუნველყოფდა იმ პირებისათვის, ვინც დადგენილების მიღებამდე საპატიმროები დატოვა, კანონპროექტიდან ამოიღეს.
For.ge ყოფილ პოლიტპატიმრებს ესაუბრა.
ზაზა დავითაია აცხადებს, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მათ უკვე მიენიჭათ. უბრალოდ, მათი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პარლამენტმა, რომელმაც იმ პოლიტპატიმრებისთვის განსაზღვრა სტატუსი, რომლებიც ამ წუთში იმყოფებიან ციხეში, რატომღაც გვერდი აუარა იმ პოლიტპატმრებს, რომლებმაც უკვე მოიხადეს თავიანთი ვადა და გარეთ გამოვიდნენ. მათ შორის, ამ პატიმრების ნაწილი ე.წ. „უდოთი“ გამოვიდა (პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება).
„მეორე მხარეს აღმოვჩნდით ადამიანები, რომლებიც კომპრომისზე არ წავსულვართ, არანაირად არ გვითანამშომლია ხელისუფლებასთან, არც აღიარებას დავთანხმებივართ, არც საპროცესო შეთანხმება გაგვიფორმებია. ამიტომ, ახლა ნასამართლეობის მოხსნას ვითხოვთ. თუ ცალკეული ადამიანები პოლიტპატიმრებად იქნებიან ნაღიარებნი, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ჩვენ ვიბრძოლდით მათ გამოსაყვანად, მაგრამ ისინი რომ გამოვლენ, მათ არც ნასამართლეობა ექნებათ, არც არაფერი, ამ დროს კი ჩვენ ცხოვრებისეული პრობლემები გვექნება ყოველდღიურ ურთიერთობებსა და კომუნიკაციებში. იგივე საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, ან სხვა საკითხებში ეს გარკვეულ ბარიერებს უკავშირდება,“ - აცხადებს ზაზა დავითაია და პარლამენტისგან არა მარტო ნასამართლობის მოხსნასა და სტატუსის მინიჭებას ითხოვს, არამედ მოითხოვს მათზეც გავრცელდეს ის შეღავათები, რაც რეჟიმის მსხვერპლთათვის არის გათვალისწინებული.
მისი აზრით, როგორც პარლამენტში, ასევე, პარლამენტს გარეთ არიან ძალები, რომლებიც პრობლემებს ქმნიდნენ მაშინაც, როცა მათი პოლიტპატიმრებად აღიარების საკითხი წყდებოდა. ამდენად, პირველი შემთხვევა არ არის, როცა მათ წინააღმდეგობას უქმნიან. ამასთან, ზაზა დავითაია აცხადებს, რომ, თუ მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, ისინი სამართლებრივი ფორმებით დაუპირისპირდებიან ამ ძალებს და სამართლიანობის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებენ.
„ახალი ხელისუფლება მოვიდა წინა ხელისუფლებისგან ნაწამები ასობით ადამიანის ტანჯვის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სამართლიანობა მოითხოვს, ეს ადამიანები ჯეროვნად იქნენ აღიარებულნი და დაფასებულნი. მათ პრობლემები, ამჯერად უკვე ახალი ხელისუფლებისგან აღარ უნდა შეექმნას“, - აღნიშნა ზაზა დავითაიამ.
„უსამართლო იყო ჩვენი ციხეში ყოფნა და ამას ეხლა ემატება ეს სტატუსიც, სად უნდა ვეძებოთ სამართალი? ეს ჩვენთვის შემაფერხებელი გარემოებაა ბევრ საკითხში”, - ამბობს სულ ახლახანს, 2012 წლის 6 ნოემბერს გათავისუფლებული ნორა კვიციანი For.ge-სთან საუბარში.
ნორა კვიციანის ინფორმაციით, პოლიტპატიმრების შესახებ კანონპროექტიდან მე-4 მუხლის ამოღება პარლამენტს შიგნით და მის გარეთ არსებული გარკვეული ძალების ნამოქმედარია. ეს ძალები ცდილობენ, იმ ადამიანებს, რომლებმაც უკანონო სასჯელი უკვე მოიხადეს, პოლიტპატიმრის სტატუსი არ მიანიჭონ.
„დღეს მე გული მტკივა, რომ ამ განცხადებას ვაკეთებ. 6 წელი და 3 თვე უკანონოდ, აბსურდული ბრალდებით ვიჯექი. შემეძლო, დარჩენილი 2 თვეც მომეხადა, მაგრამ გამათავისუფლეს. ახლა კი ის მუხლი ამოიღეს, რომელიც მე ნასამართლეობას მომიხსნიდა”, - განაცხადა ნორა კვიციანმა.
მისი თქმით, ის საქმის ვითარებაში გარკვევას შეეცადა, ამიტომაც დაუკავშირდა პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილს, რომლის მამა, ომარ ქუცნაშვილიც ამ სიაში უნდა მოხვედრილიყო, თუმცა ზაქარიაც გაურკვევლობაში აღმოჩნდა და უთქვამს, რომ ისიც უხერხულ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ამის შემდეგ ნორა კვიციანი დაუკავშირდა უჩა ნანუაშვილს, ახალ სახალხო დამცველს და მასაც უთხრა, რომ ეს ამბავი გახმაურდებოდა ტელევიზიით, რადგან მან 6 წელი და 4 თვე უსამართლოდ მოიხადა და არ ეგონა, რომ დღეს ეს სალაპარაკო გახდებოდა.
„ჩვენ საერთაშორისო დონეზე მოგვანიჭეს პოლიპატიმრის სტატუსი, მაშინდელი სახალხო დამცველი ორი წელი იძიებდა ამ საქმეს, გამოძიებული და გამოკვლეული იყო ყველაფერი და მანაც მოგვანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი. არასამთავრობოებმა, პოლიტიკოსებმა განიხილეს ეს საქმე და მათაც მოგვანიჭეს ეს სტატუსი, შემდეგ იყო ვახტანგ კომახიძის ჟურნალისტური გამოძიება, სიუჟეტიც არსებობს, სადაც სახალხო დამცველი ლაპარაკობს, ნორა კვიციანი მარტო პოლიტპატიმარი კი არა, მძევალიც არისო ისე, რომ არანაირი დანაშაული არ მიუძღვისო“, - გვითხრა ნორა კვიციანმა.
მანვე გაკვირვება გამოთქვა, თუ რისთვის არ აწყობთ ცალკეულ ადამიანებს, რომ მათ პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქონდეთ. მით უფრო, რომ ყოფილი ხელისუფლებისგან მან არაერთი უბედურება და დევნა იწვნია, სდევნიდნენ მის ძმასა და ვაჟს, თავად კი მრავალწლიანი სასჯელი მოიხადა, დღეს კი არც კარი აქვს და არც სახლი.
პარტია „სამართლიანობის“ თანათავმჯდომარე მაია თოფურია აცხადებს, რომ ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ მათი საქმე ასე ჰაერში დარჩებოდა. მეტიც, ისინი იმედოვნებდნენ, რომ მათი სტატუსიც სხვებთან ერთად განიხილებოდა და თავისუფლებაზე გამოსულებს და დაპატიმრებულებს ერთნაირად მიუდგებოდნენ, ლიგიკურად ასეთნაირად უნდა განვითარებულიყო მოვლენები, თუმცა ასე არ მოხდა. ამიტომაც ყოფილი პოლიტპატიმრები იურიდიული სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.
„რადგან ჩვენ გავთავისუფლდით, ისე გამოვიდა, რომ სტატუსის გარეშე დაგვტოვეს. არადა, ნასამართლეობა გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის. რეაბილიტაცია, მუშაობის დაწყება, ყველაფერი ამას უკავშირდება. ვერავითარ მექანიზმს ვერ გვთავაზობენ, რომ ეს საკითხები გავიაროთ. არ ვიცით, ვის მივმართოთ, როგორ გავაგრძელოთ პოლიტპატიმრის სტატუსისთვის ბრძოლა. ცოტა აბსურდულ სიტუაციაში მოვხვდით. ისინი, ვისი საქმეებიც ასეთი გახმაურებული იყო, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ომბუდსმენმა და ყველა ადამიანმა პოლიტპატიმრებად გვაღიარა, დღეს სტატუსის გარეშე ვართ დარჩენილები. სულ ახლახანს შევიტყვეთ, რომ მუხლი, რომელიც შეტანილი იყო საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში, ამოიღეს და გვარწმუნებენ, რაღაც სხვა დადგენილება უნდა მივიღოთო. თუმცა ეს „სხვა დადგენილება“ რა არის, ჯერ ვერავინ გვეუბნება“, - განუცხადა მაია თოფურიამ For.ge-ს.
მისი თქმით, ისინი პოლიტპატიმრის სტატუსის მისაღებად ბრძოლას განაგრძობენ. მისი აზრით, სამართლიანად უნდა დამთავრდეს ეს სიტუაცია და ახალ მთავრობასაც არ უნდა გადმოჰყვეს პოლიტპატიმრის პრობლემა. უფრო მეტიც, ამ ადამიანებისთვის სტატუსის მინიჭება ახალი ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს.