ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში შექმნილ ვითარებას "საგანგაშოდ" აფასებს და ახალ მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტენსმა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამჯერად ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე შეაფასა, რომელსაც მისივე მიწვევით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. მარტენსმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ქმედება - დაპატიმრებები და მედიასაშუალებებზე ზემოქმედება - ევროპაში შეშფოთებას იწვევს. ახალ მთავრობას მოვუწოდებთ პატივი სცეს დემოკრატიული სახელმწიფოს ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა მედიის თავისუფლება და ადამიანის ძირითადი უფლებები", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.