„ჩვენ ვდგავართ უფსკრულის წინაშე, ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს, სიცოცხლესაც, დამოუკიდებლობას კი შეუძლია ქვეყნის ხსნა“, - ეს საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის აკაკი ჩხენკელის სიტყვებია, რომლის მცდელობამაც შედეგი გამოიღო და ნოე ჟორდანიას მთავრობამ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. გერმანიის მფარველობის ქვეშ მყოფ საქართველოს თურქეთის აგრესიის შეკავება მხოლოდ ამ ნაბიჯით შეეძლო, თუმცა ჩრდილოელი მეზობლის მიერ განხორციელებულმა ანექსიამ საქართველოს დამოუკიდებლობას მხოლოდ სამწლიანი პერიოდი არგუნა.
რა მოუტანა დამოუკიდებელობის 1028 დღემ საქართველოს, ამის შესახებ For.ge-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბონდო კუპატაძე ესაუბრა.
საქართველოს დამოუკიდებლობა დიდ პოლიტიკურ თამაშს ემსხვერპლა. ჩვენ არ ვიყავით ბალტიისპირეთზე ნაკლებად მომზადებულნი თავისუფლებისთვის, მაგრამ იმ პერიოდში დასავლეთმა არ დაგვიცვა. რა მოუტანა დამოუკიდებლობის არასრულმა სამმა წელმა ჩვენს ქვეყანას?
- მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობა ხანმოკლე იყო და სამი წელი ისტორიისთვის ძალიან მცირე დროა, ამ სამ წელიწადში რეალურად ბევრი რამ მოესწრო. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დამოუკიდებელი საქართველო სრულიად განსხვავებული პოლიტიკურ სისტემიდან დაიბადა. რუსეთის იმპერიაში შედიოდა მაშინ ჩვენი სახელმწიფო, სადაც იყო ავტორიტარული მმართველობის სისტემა, საქართველო კოლონიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შესაბამისად, ის პოლიტიკური მოღვაწენი, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის სათავეებთან იდგნენ, ქმნიდნენ სრულიად ახალ სახელმწიფოს ყოველგვარი წინამორბედი გამოცდილების გარეშე.
1801 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო, ის საქართველო იყო ფეოდალური, შუა საუკუნეების ტიპის სახელმწიფოებრიობით, მონარქიული სახელმწიფო, უკვე 1918 წელს კი სრულიად ახალ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოში იშვა დამოუკიდებლობა. აქედან გამომდინარე, დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იყო იმ თაობის წინაშე, აეშენებინათ ეს სახელმწიფო. ახლა კონკრეტულად იმ მიღწევების შესახებ, რაც ჰქონდა მაშინდელ სახელმწიფოს. პირველ რიგში, საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ეს იყო საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, 1919 წელს ჩატარდა პარლამენტის არჩევნები, რასაც მაშინ ეწოდებოდა დამფუძნებელი კრება. დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა საყოველთაო საარჩევნო პრინციპით, ამ მხრივ საქართველო მსოფლიო ქვეყნების პირველ ოცეულშია, სადაც საყოველთაო საარჩევნო წესით მოხდა პარლამენტის არჩევა, ანუ ყველა მოქალაქეს ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა იყო, უნდა ითქვას, რომ ოპოზიციური პარტიები (ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონრები) ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფოს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ჰქონდა 80%-იანი პოლიტიკური მხარდაჭერა, ისინი, ფაქტობრივად, სახელმწიფო მართვის პასუხისმგებლობას უზიარებდნენ ოპოზიციასაც. დამფუძნებელი კრების 18 კომიტეტიდან 5 კომიტეტის თავმჯდომარე იყო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. სახელმწიფოს მართვისას თანამონაწილეობა გადანაწილებული იყო. კონკრეტულად, ის რეფორმები, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ განახორციელა, დაკავშირებულია აგრარულ რეფორმასთან, განსაკუთრებით, წარმატებული გახლდათ განათლების რეფორმა.
სწორედ დამოუკიდებლობასთანაა დაკავშირებული თბილისის უნივერსიტეტის დაფუძნება, რომელიც, მართალია, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ოთხი თვით ადრე გაიხსნა, მაგრამ 1918 წლის სექტემბერში, სწორედ, დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ მიანიჭა თბილისის უნივერსიტეტს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი, ის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტზე გადაიყვანა და მხარი დაუჭირა უმაღლესი განათლების განვითარებას საქართველოში. ასევეა სკოლის რეფორმაც და, ზოგადად, განათლების დონის ძალიან სწრაფი აღმავლობა, რაც მაშინდელი განათლების რეფორმის დამსახურებაა, რომლის სათავეშიც დიმიტრი უზნაძე და ცნობილი ქართველი მეცნიერები იდგნენ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც, მართალია, საბოლოო სახით მიღებულ იქნა 1921 წლის 21 თებერვალს, მაგრამ, რეალურად, ამ კონსტიტუციის მთელი რიგი პუნქტები 1918-20 წლების განმავლობაში ეროვნული საბჭოს დამფუძნებელი კრების მიერ იყო მიღებული და კონსტიტუციის აპრობაცია, კონსტიტუციის მუშაობა ხდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ცხადია, სამი წელი არ იყო საკმარისი ყველაფრის წამოსაწყებად და ბოლომდე მისაყვანად. საბჭოთა რუსეთის აგრესიამ და საქართველოს ოკუპაციამ ეს ყველაფერი შეაჩერა და მინიმუმ 70 წლით გადასწია ქვეყნის განვითარება.
ბიუჯეტის სიმწირის გამო ყოველთვის ვერ ხერხდებოდა მიზნების განხორციელება. პერმანენტული ომის პირობებში იმყოფებოდა საქართველო იმ სამი წლის განმავლობაში და ამის გამო ბიუჯეტის თითქმის ერთი მესამედი სამხედრო ხარჯებზე მიდიოდა. მთავარი ის არის, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა, ეს რესპუბლიკა აღიარეს წამყვანმა სახელმწიფოებმა და, რომ არა რუსეთის ფაქტორი, საქართველო ერთა ლიგაში გაწევრიანების კანდიდატი იყო. მართალია, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ 1920 წელს თვით ბალტიისპირეთის ქვეყნებიც კი - ლიეტუვა, ლატვა და ესტონეთი ვერ გაწევრიანდნენ ერთა ლიგაში, საქართველომ კი მათზე მეტი ხმა მიიღო. ეს კონტექსტი ყოველთვის გასათვალისწინებელია, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რა პრობლემები იდგა დემოკრატიული რესპუბლიკის წინაშე.
ერთი რამ უნდა ითქვას, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მაშინ ჩვენს სახელმწიფოს მართავდნენ, ევროპული განათლება ჰქონდათ მიღებული, დამთავრებული ჰქონდათ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები და ძალიან დიდ პოლიტიკურ გამოცდილებასაც ფლობდნენ, რაც გულისხმობდა, როგორც საარჩევნო ბრძოლას, საპარლამენტო გამoცდილებას (რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, საქალაქო სათათბიროებში), ასევე, დემონსტრაციებსა და მიტინგებში, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას, რომელიც რუსეთის იმპერიაში ძალიან ცხარე იყო. ხშირი იყო დაპატიმრებები, გადასახლებები, მოკლედ, ყველანაირი ტიპის პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდათ ქართველ პოლიტიკოსებს, ყველა პარტიას (სოციალ-დემოკრატებს, ეროვნულ-დემოკრატებს, სოციალისტ-ფედერალისტებს, სოციალისტ-რევოლუციონრებს). ეს გამოცდილება მათ სახელმწიფოს მართვის ცოდნაში ეხმარებოდა.
მოგეხსენებათ, საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მთავარი შემოქმედი - აკაკი ჩხენკელი დეპეშას დეპეშაზე უგზავნიდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და ნოე ჟორდანიასგან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოითხოვდა. მისი წერილი მთავრდებოდა სიტყვებით: „ურისკოდ არაფერი არ კეთდება“. რა როლი მიუძღვის აკაკი ჩხენკელს ამ საქმეში?
- შეიძლება ითქვას, აკაკი ჩხენკელი არის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მთავარი გმირი. ის იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი, იმ კონკრეტულ ვითარებაში ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე გახლდათ და ნომერ პირველი პირი იყო ამიერკავკასიაში. იმ დროს, როდესაც ოსმალეთის აგრესიის პირობებში აპრილ-მაისში მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები და ამიერკავკასია მძიმე მდგომარეობაში იყო, აკაკი ჩხენკელთან ითანამშრომლეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც ბერლინში არსებული ორგანიზაციის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები იყვნენ. ეს ორგანიზაცია პირველი მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა. მათ აკაკი ჩხენკელს შესთავაზეს კომუნიკაცია გერმანიის წარმომადგენლებთან. გენერალი ოტო ფონ ლოსოვი კავკასიაში გერმანიის ემისარი გახლდათ. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანია ოსმალეთის მოკავშირე და ოსმალეთის „უფროსი“ იყო, საქართველოს შესთავაზეს გერმანიის მხარდაჭერის გამოყენება იმის სანაცვლოდ, რომ საქართველო გერმანიას რკინიგზით სარგებლობის უფლებას მისცემდა, ასევე, გერმანული არმია უნდა შემოსულიყო კავკასიაში, როგორც გარანტორი საქართველოს დამოუკიდებლობის. ეს ორივე მხარისთვის ძალიან მისაღები იყო. ამიტომაც ამ მოლაპარაკებების დროს აკაკი ჩხენკელი უგზავნის ეროვნულ საბჭოს მოთხოვნას დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ. იმ ვითარებაში ეს მარტივი განსახორციელებელი არ იყო, რადგან ამიერკავკასიის სეიმზე უნდა მიღწეულიყო შეთანხმება ამიერკავკასიის დაშლის შესახებ, რასაც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ სომხები. არც აზერბაიჯანი იყო ამისთვის მზად, თუმცა სომხების პოზიცია ყველაზე რადიკალური იყო, რადგან ამიერკავკასიის დაშლის შემთხვევაში სომხები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, რადგან მთელი სომხური პოლიტიკური და ეკონომიკური ლობი თავმოყრილი იყო თბილისსა და ბაქოში.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოითხოვდა შიდა წინააღმდეგობების გადალახვასაც, რაც მიღწეულ იქნა. მართალია, გერმანიის მანდატი და მხარდაჭერა იმ პერიოდში ჩანდა და სამომავლო პერსპექტივად იკვეთებოდა, მაგრამ რისკი მაინც არსებობდა, იქნებ, ეს მხარდაჭერა არ განხორციელებულიყო. ამიერკავკასიის დაშლის შემთხვევაში კი, საქართველო ოსმალეთის წინააღმდეგ მარტო აღმოჩნდებოდა. აკაკი ჩხენკელის დამსახურება ძალიან დიდია, რადგან მან, როგორც ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარემ, პერსონალურად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მისმა მოთხოვნამ და მისმა გავლენამ დიდი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევაში. მან ზეგავლენა მოახდინა ამიერკავკასიის სეიმზეც, რომ საბოლოოდ ამიერკავკასიის სეიმს გამოეცხადებინა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლა.
ნოე ჟორდანიას თითქოს ორგვარი როლი აქვს საქართველოს ისტორიაში. კითხვებს ბადებს მისი ფრაზა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით ნუ ღუპავთ რუსულ დემოკრატიასო. თუმცა, მოგვიანებით, მას უკვე აღარ ეთმობოდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
- ნოე ჟორდანიას ამ ფრაზას რაც შეეხება, ეს არ არის დოკუმენტურად დადასტურებული სიტყვები. ამ წინადადებას რეზო გაბაშვილი თავის მემუარებში მიაწერს ირაკლი წერეთელს. ნოე ჟორდანია საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. თავისთავად, სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოზიცია რუსეთის იმპერიის პერიოდში არ იყო ერთგვაროვანი, მაგრამ 1915 წლიდან ეს პარტია უკვე იწყებს მუშაობას იმ მიმართულებით, განიხილონ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ვერსია. 1917 წლიდან საქართველოს ავტონომიის საკითხზე, ამიერკავკასიის შემადგენლობაში გარკვეული პოლიტიკური და კულტურული ავტონომიის თემაზე მუშაობდა ძალიან ბევრი პარტია. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ვინმე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ლაპარაკია იმაზე, რომ გარკვეული პოლიტიკოსები უფრო მეტად ფრხილობდნენ, ზოგადად, ყველა ფრხილად ეკიდებოდა ამ საკითხს, რადგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას სერიოზული ბაზისი სჭირდებოდა, რაც გულისხმობდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამხედრო მხარდაჭერას. ამგვარი მხარდაჭერის გარეშე დამოუკიდებლობის გამოცხადება ფარატინა ქაღალდი და კატასტროფის დასაწყისი იქნებოდა. პირდაპირ გეტყვით, რომ არა გერმანიის ფაქტორი და სერიოზული მხარდაჭერა, რაც საქართველოს აღმოაჩნდა იმ ვითარებაში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის მაისში შეუძლებელი იქნებოდა.
ზოგიერთი ამართლებს, ზოგი კი არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ ნოე ჟორდანიამ მთავრობის წევრებთან ერთად დატოვა თბილისი და ბოლომდე არ შეეწინააღმდეგა ბოლშევიკებს. ამავდროულად, ისიც ცნობილია, რომ ბოლშევიკებს უნდოდათ, ნოე ჟორდანიას ხელი მოეწერა კაპიტულაციის აქტზე, რის გამოც იგი დევნის ობიექტი ხდებოდა. სწორად მოიქცა თუ არა ჟორდანიას მთავრობა, რომ ემიგრაციაში წასვლა ამჯობინა?
- საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას თუ შევადარებთ ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების მდგომარეობას, საქართველოს წინააღმდეგობა ბოლშევიკური ოკუპაციის მიმართ ყველაზე უფრო მასშტაბური იყო. ფაქტობრივად, საქართველომ ხუთი კვირა იომა, 12 თებერვლიდან დაიწყო სამხედრო მოქმედებები და 17 მარტს დასრულდა. ამდენ ხანს ვერც სომხეთმა, ვერც აზერბაიჯანმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია რუსეთს, იქ ბევრად უფრო სწრაფად დასრულდა ყველაფერი. რაც შეეხება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, საერთო ჯამში, დამფუძნებელი კრების 139 წევრიდან ჩვენი ქვეყანა დატოვა მხოლოდ 40-მდე წევრმა, ანუ დიდი უმეტესობა საქართველოში დარჩა. სხვათა შორის, მათი დიდი ნაწილი ტერორის მსხვერპლი გახდა 30-იან წლებში, განსაკუთრებით, 37 წელს ძალიან ბევრი დახვრიტეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ტოვებდნენ საქართველოს 17-18 მარტის ღამეს. მათი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ერთი რამით, არ ეღიარებინათ საბჭოთა ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, მანამდე იყო მოლაპარაკებები და მცდელობა, ისინი საქართველოში დაეტოვებინათ.
აზერბაიჯანში მოხდა ისე, რომ რასულ-ზადე, რომელიც აზერბაიჯანის ლიდერი იყო, მოსკოვში ჩაიყვანეს, ფაქტობრივად, დაპატიმრებული ჰყავდათ და ცდილობდნენ, მას ეღიარებინა საბჭოთა ხელისუფლება. სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე სიმონ ვრაციანი ავტომატურად გახდა სომხეთის რევკომის თავმჯდომარე და შემდეგ ცეკას მდივანი. ფაქტობრივად, ჟორდანიას მთავრობასთანაც მიმდინარეობდა ამ ტიპის მოლაპარაკებები, რომ მათაც ეღიარებინათ საბჭოთა ხელისუფლება და სომხეთისა და აზერბაიჯანის მსგავსად მომხდარიყო ვითომც ხელისუფლების გადაბარება, თითქოს საქართველომ დამოუკიდებლობა კი არ დაკარგა, უბრალოდ, მოხდა ერთი მთავრობის მეორე მთავრობით შეცვლა. ეს ნომერი ბოლშევიკებს არ გაუვიდათ, ამიტომაც მერე უკვე ისტორიოგრაფიაში სხვანაირად დაწერეს, რომ მენშევიკური მთავრობა იყო მოღალატე, გამყიდველი. ბურჟუაზიული, კაპიტალისტური მთავრობა თითქოს სისხლს სწოვდა ქართველ მშრომელებს და ამიტომაც დაემხო იარაღის ძალით. ჟორდანიას მთავრობამ ეს არ დაუშვა, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს გახლდათ საშუალება იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ემიგრაციაშიც აგრძელებდა მოღვაწეობას, საფრანგეთის მთავრობა არ აღიარებდა საბჭოთა კავშირს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკის სენატის დადგენილება 1954 წელს, სადაც საქართველო პირდაპირ აღიარებულია ოკუპირებულ ქვეყნად.
ჟორდანიას მთავრობა საქართველოში რომ დარჩენილიყო, დამატებით ჩვენ მივიღებდით რამდენიმე ათეულ თუ ასეულ დახვრეტილ ადამიანს. ამით საქართველოს მდგომარეობა არ შეიცვლებოდა. ასე რომ, მართებული იყო ის გადაწყვეტილება, რომ ისინი წავიდნენ საქართველოდან და გააგრძელეს ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის.
თქვენი კვლევის მიხედვით, საქართველოს დამოუკიდებლობისდროინდელი დროშა ივანე ჯავახიშვილის იდეით იყო შთაგონებული „ვეფხისტყაოსნიდან“, სადაც წერია სიტყვები: „ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა“.
- ივანე ჯავახიშვილი გახლავთ ამ დროშის ავტორი. ოფიციალურად იგი კონსულტანტი იყო, მაგრამ, ფაქტობრივად, ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციითა და რჩევით მოხდა ამ დროშის ამგვარად შექმნა. საამისოდ ივანე ჯავახიშვილი რამდენიმე პრინციპს დაეყრდნო. ერთი მხრივ, მან ისტორიზმის მომენტი გაითვალისწინა, გამოიყენა ის ტრადიციული ფერები, რომელიც ისტორიულ წყაროებში იყო მოხსენიებული, ანუ შინდისფერი, შავი ფერები, რომელიც „ვეფხისტყაოსანში“ გვხვდება, ასევე, თეთრი და წითელი ფერები, რომელსაც ხაზს უსვამს „ქართლის ცხოვრება“, სტეფანოზ ორბელიანი, ანუ ის ნარატიული ცნობები, რაც შუა საუკუნეებში დროშის შესახებ მოიპოვებოდა ჩვენს ქვეყანაში. მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სახელმწიფო რესპუბლიკური წყობის იყო და არა მონარქია, ამოსავალი პრინციპი გახლდათ, რომ რესპუბლიკას სჭირდებოდა რესპუბლიკური ტიპის დროშა, რაც დაამკვიდრა მსოფლიოში პირველმა რესპუბლიკამ - საფრანგეთმა. მოგეხსენებათ, საფრანგეთის რევოლუციის დროს დამკვიდრდა სამფეროვანი დროშა - ტრიკოლორის ტიპის, რომელიც რესპუბლიკური სიმბოლიზმის გამოხატულება იყო. ამიტომ ჩვენი დროშაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო სამფეროვანი. ეს მომენტი აიღო ივანე ჯავახიშვილმა, მართალია, ეს არსად უწერია ივანე ჯავახიშვილს, მაგრამ ამგვარად შეგვიძლია დავინახოთ ამ დროშასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. თავდაპირველად ეს სამი ფერი უნდა ყოფილიყო თანაბარი პროპორციით, თუმცა მოგვიანებით გარკვეული ცვლილება შეიტანეს და უფრო მეტი ადგილი დაეთმო შინდისფერს, მეწამულ ფერს, რომელიც უფრო ტრადიციულია ქართველებისთვის. თავდაპირველი ვერსიით, თავიდან ზემოთა ნაწილში იყო თეთრი ზოლი, შემდეგ შავი და ამის შემდეგ იყო შინდისფერი, მაგრამ მოგვიანებით შავი ფერი მოექცა სათავეში, რადგან მაშინდელი ტოპოგრაფიით, ამ ფერებში თეთრი ფერი მთლიანად იკარგებოდა.
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ვართ თუ არა ჩვენ მეტ-ნაკლებად მაინც დამოუკიდებლები, თუ ზესახელმწიფოთა ნებას ვემორჩილებით?
- სახელმწიფოს მშენებლობა მუდმივი პროცესია, არასდროს არ მთავრდება და არც ერთი წამით ამის შეწყვეტა არ შეიძლება. სახელმწიფო მუდმივად უნდა აშენო და განავითარო. დღეს რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით გეოპოლიტიკური გარემოდან გამომდინარე, ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ეს ფაქტორები მთავარი ხელშემშლელია სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე. ამას ემატება საშინაო პოლიტიკაში არსებული პრობლემები, რაც დაკავშირებულია კორუმპირებულ, ნეპოტისტურ გარემოსთან და ძალადობრივ მეთოდებთან, რომელსაც იყენებს ხოლმე ხელისუფლება. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ რუსეთს, ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის აუცილებელია მეტი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური სტაბილურობა.
ღმერთო, ესენი რომ იბადებოდნენ, ალბათ ძალიან გადატვირთული გრაფიკი გქონდა!!!