მარინა ენდელაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცადებას დეზინფორმაცია უწოდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ამ საკითხზე საუბარი ცოტა მეუხერხულება. არ მგონია, რომ თუნდაც რომელიმე მინისტრმა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთოს. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ეს განცხადება აბსოლუტურად დეზინფორმაცია იყო. ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პაციენტის შესახებ არაფერი დამალულა“, - აღნიშნა ენდელაძემ.
22 მაისს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხდა, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 731 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 526 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.