ალექსანდრე გოგინავა: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება მაღალი რანგის პირისთვის შეუფერებელია

ალექსანდრე გოგინავა: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება მაღალი რანგის პირისთვის შეუფერებელია

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება, მისთვის, როგორც ექიმისთვის, საკმაოდ შეურაცხმყოფელია. ამის შესახებ ინფექციონისტმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შედეგები და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მსოფლიოს ყველა ავტორიტეტული სამედიცინო თუ არასამედიცინო სამსახურის მიერ აღიარებულია.

„სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება ღიმილისმომგვრელია. ჩვენი შედეგები და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აღიარებული მსოფლიოს ყველა ავტორიტეტული სამედიცინო თუ არასამედიცინო სამსახურის მიერ. ეს არის გამჭვირვალე პროცესი და ის სტატისტიკა, რაც საქართველოშია, რეალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას სრულიად ასახავს, ეს განცხადება მინიმუმ არაკოლეგიალური და ოფიციალური მაღალი რანგის პირისთვის შეუფერებელია. მე, როგორც ექიმმა თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, რადგან ჩვენ, ჯანდაცვის წარმომადგენლები და ზოგადად, ქვეყანა, მსგავს განცხადებას არასდროს გავაკეთებთ და იმავეს მოვუწოდებ ნებისმიერ ქვეყანას, და მათ შრის სომხეთსაც, ასეთი, ყოველგვარ რეალურ ფაქტებზე მოკლებული განცხადება არ უნდა გააკეთოთ“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

22 მაისს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხდა, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 731 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 526 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.