ჩინეთში ღამის კლუბებმა მუშაობა განაახლეს

ჩინეთში ღამის კლუბებმა მუშაობა განაახლეს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ჩინეთში ღამის კლუბები მუშაობას უბრუნდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.

ღამის კლუბებში შესვლამდე მოქალაქეებს სიცხეს უზომავენ, ღამის კლუბების პერსონალს კი ხელთათმანებისა და პირბადის ტარება ევალება. აღსანიშნავია, რომ კლუბის ვიზიტორებს არ მოეთხოვებათ დამცავი საშუალებების ტარება.

როგორც ჩინური მედია იუწყება, ზოგიერთ დაწესებულებაში ერთჯერად ჭიქებს იყენებენ. ამასთანავე, ყველა კლუბში ხელმისაწვდომი იქნება სადეზინფექციო საშუალებები.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 82 985 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 634 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.