საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეული საქართველოს ელჩი მივიდა.
„ახლად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები. როდის დამთავრდება ვერ გეტყვით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან თეიმურაზ შარაშენიძემ.
დიპლომატი არ იზიარებს კრიტიკას უკრაინაში საქართველოს საელჩოს მუშაობასთან დაკავშირებით.
„მქონდა კომუნიკაცია უკრაინის უმაღლეს დონეზე, გადავეცით საპროტესტო ნოტა. პროტესტის ფორმად არჩეულ იქნა ელჩის გამოწვევა კონსულტაციებზე. ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს. ჩვენი ეს პროტესტი, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა მიიღო და არ გაჰკვირვებია “, - განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.
დიპლომატის თქმით, მისი უკრაინაში დაბრუნების საკითხი კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გაიწვია.
22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.