შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა. შესაბამის პოსტი უზბეკური „ფახთაქორის“ მწრთვნელმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. მან აღნიშნა, რომ ყველანაირ ძალადობას გმობს, ბასილაშვილი კი დიდი ქართველი სპორტსმენია.

„ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, - წერს არველაძე.

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა. მანამდე მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.